როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი ალბათობით წარუმატებელი იქნება.

ამ საკითხებზე კარგი რეფლექსიის შესაძლებლობა მოგვეცა ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის – აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის „დემოკრატიის სკოლების“ 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე შევიკრიბეთ. დემოკრატიის სკოლები თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ბოლო წლებია – თბილისშიც, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს დემოკრატიის შესახებ განათლებასთან ერთად, იმ უნარების, კავშირებისა და გამოცდილების გაძლიერებაში ეხმარება, რაც აუცილებელია პოლიტიკური და სამოქალაქო საქმიანობისთვის – როგორც დემოკრატიაში, ისე მისკენ სავალ გზაზე. ლექციას, რომელიც თელავში წავიკითხე, მოკლე ბლოგის სახით, ორ ნაწილად გაგიზიარებთ.

პოლიტიკური ცივილობის დაკარგვა და პოლიტიკური დესოციალიზაცია ჩვენს ქვეყანას  მხოლოდ სიძულვილითა და უპასუხისმგებლო პოპულიზმით კი არ კვებავს, სამოქალაქო მშვიდობას, ძირეულ საკითხებზე ეროვნულ თანხმობასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებასაც ემუქრება. ასეთ დროს პოლიტიკურ ელიტას ვადანაშაულებთ ხოლმე – ხშირად, მართებულად: მათ მიერ შექმნილი კონფრონტაციული დღის წესრიგი, ხშირად მედიის გავლით, მოსახლეობის ყველა ფენაში ზიზღისა და შეუწყნარებლობის მორევად ჩაედინება. მაგრამ დემოკრატიის პრობლემებზე საუბრისას აუცილებელია, უფრო მასშტაბურად დავინახოთ ვითარება და ქვეყანაში არსებული პრობლემები სირღმისეულად შევაფასოთ. მათი უმეტესობა პოლიტიკოსების შექმნილია, ნაწილი კი ჩვენი საერთო-სამოქალაქო პოლიტიკური კულტურიდან მომდინარეობს.

საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გეზს დიდწილად განსაზღვრავს. ამ დამოკიდებულებათა ფორმირებაში სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ლიდერთა როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მათაც იმ ზღვაში უწევთ ნავიგაცია, რასაც სამოქალაქო ფასეულობები, პოლიტიკური კულტურა და საერთო ეროვნული გამოცდილება წარმოადგენს. ამიტომ, საინტერესოა, როგორია  საზოგადოების განწყობა დემოკრატიის უმთავრესი საკითხების მიმართ.

დავიწყოთ იმით, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები მთავრობასთან მიმართებაში საკუთარ თავს. კავკასიის კვლევითი ცენტრების მიერ რეგულარულად გამოქვეყნებულ „კავკასიის ბარომეტრში“ ერთი ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელიც არსებული რეალობის ობიექტურ შეფასებაში დაგვეხმარება. შეკითხვა ასეთია: „მოცემული მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? მოსაზრება 1: ადამიანები ბავშვებივით არიან,. მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე. მოსაზრება 2: მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული., ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები და აკონტროლებდნენ მთავრობას“.

ნიშანდობლივია,  რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ ჯგუფში:  როგორც 18-34, ისე –  35-54 და 55+ მოქალაქეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მშობელივით უნდა ექცეოდეს.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ამ ადამიანების რაოდენობა არ იკლებს. პირიქით, მცირედით იზრდება კიდეც. ამ შემთხვევაში, სიტყვა „მშობელი“ „მზრუნველ“ ან ეფექტურ მთავრობაში არ უნდა აგვერიოს. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა ისაა, რომ მშობელს შეუძლია მიგვითითოს, რა არის კარგი და რა  – არა. მშობლისგან განსხვავებით, რომელსაც ვერ ვირჩევთ, ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს მოქალაქეთა ნება განსაზღვრავს.

დემოკრატიული საზოგადოებები ისეთი საზოგადოებებია, სადაც ძალაუფლება სხვადასხვა ჯგუფშია გადანაწილებული და ჩაკეტილ, გაუმჭვირვალე, ზოგჯერ – ავტოკრატიულ, ანტიდემოკრატიულ ჯგუფებში არ კონცენტრირდება. თანამედროვე დემოკრატიებში ძალაუფლების წყაროა თვითმმართველობები, ცალკეული პარტიები, სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე, სამოქალაქო სექტორი, რომელიც  შედგება პოლიტიკური პარტიებისა და  ეროვნული და ლოკალური ორგანიზაციებისგან, რომელთაგან ბევრი არაფორმალური, სათემო ან სულაც, დროებითი გაერთიანებაა. მსგავს გაერთიანებებში ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობა მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, თანამოაზრეებთან ერთად საკუთარი ინტერესები ჩამოაყალიბონ და უფრო ორგანიზებულად იმოქმედონ მათ გასაძლიერებლად და დასაცავად.

შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საქმე პოლიტიკაზე გაცილებით უკეთესადაა. სინამდვილეში – სულაც არა. იმავე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2011 და 2014 წლებში ორი საინტერესო კვლევა ჩაატარა საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესასწავლად. 2011 წელს რაიმე სახის კლუბსა თუ გაერთიანებაში 18-35 წლის მოსახლეობის მხოლოდ 8% წევრდებოდა. ეს მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად მცირდება: 35-55 წლის მოქალაქეებიდან მხოლოდ 5%  ეკუთვნის რომელიმე გაერთიანებას, ხოლო 56+ ასაკის ადამიანებში – მხოლოდ 2%. აქ კიდევ ერთი, ასევე დამაფიქრებელი ტენდენცია იკვეთება: 2011 წელთან შედარებით,  საგრძნობლადაა შემცირებული მოხალისეობრივ გაერთიანებებში ჩართულობა. 2014 წლის ანალოგიურ კვლევაში ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 3%-მდეა დაცემული,  35-55 წლის ადამიანებში – 2%-მდე, 65+ ასაკობრივ ჯგუფში კი – 1%-მდე. თუ გავითვალისწინებთ კვლევების საშუალო სტატისტიკურ ცდომილებას, რაც ხშირად 1,5-3%-ის ფარგლებში მერყეობს ხოლმე, გამოდის რომ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა პრაქტიკულად არსად, არანაირ საზოგადოებრივ საქმიანობაში არ მონაწილეობს. მართალია მსგავსი კვლევა ბოლო წლებში აღარ განმეორებულა, მაგრამ სავარაუდოა, რომ აპათიისა და რადიკალიზაციის მზარდ ფონზე, არც მოხალისეობრივი ენთუზიაზმი მოიმატებდა, ალბათ სულაც პირიქით.

ბუნებრივია, თუკი მოქალაქეები საკუთარ თავს უპასუხისმგებლო ადამიანებად აღიქვამენ, რისთვისაც, შესაძლოა, მშობლის სიმკაცრეც დაიმსახურონ, ისინი არც ავტონომიურ, პოლიტიკური მიზნების მქონე ერთობებში გაწევრდებიან, რადგან ასეთი ერთობა სწორედაც რომ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების არჩევანია. დიდწილად, აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია (CRRC).

ის, რაც ზემოთ აღვწერე, მხოლოდ ნაწილია ჩვენი ისედაც ფრაგმენტული, დანაწევრებული და თითქოს ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული საზოგადოებრივი სურათისა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში კიდევ უფრო გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირება ამ პრობლემების არათუ გადაჭრას, უფრო მეტად გაუარესებასაც ემსახურება. სწორედ ამიტომაა, რომ 2013 წლიდან, როდესაც ქვეყანაში თანდათანობით იმატებს პოლიტიკური დაპირისპირებისა და შურისძიების ხარისხი, ასევე დრამატულად იზრდება მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ  ადამიანების ნდობა არ შეიძლება.

თუ სხვათა მიმართ ნდობით განწყობილ მოქალაქეთა რიცხვი 2019 წელს ისედაც ძალიან დაბალი – სულ რაღაც 23% იყო, 2021 წელს მათი რაოდენობა 17%-მდე შემცირდა. აღნიშნული საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა რიცხვი კი ამავე პერიოდში საგრძნობლად – 31%-დან 54%-მდე გაიზარდა. ის, რომ უნდობლობის მაჩვენებელი 2013 წელს (ანუ ხელისუფლების ცვლილების მომდევნო წელსვე), მკვეთრ ნახტომს აკეთებს უფსკრულისაკენ, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების დიდ პასუხისმგებლობაზე, უფრო სწორად მის არქონაზე მიანიშნებს. ამ და სხვა მონაცემების მკვეთრი გაუარესება იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება არათუ არასწორი მიმართულებით ვითარდება, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშვა, დესოციალიზაცია და უნდობლობის ხარისხის წარმოუდგენელი მასშტაბები, ქვეყანას სასიცოცხლო საფრთხეებს უქმნის. ეს ყველაფერი ჩვენ იმ სოციალურ კაპიტალს გვაცლის, რაზეც ყველა ცივილური, დემოკრატიული ქვეყნები შენდება ხოლმე.

იგივე შეიძლება ითქვას იმ ფორმალურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ირეკლავს და საჯარო პოლიტიკაში განასხეულებს საზოგადოების განწყობას, საერთო ნორმებს, ღირებულებებს, ტრადიციებს და ასევე, მის შიგნით ძალთა ბალანსს. ნებისმიერი დემოკრატია ადგილობრივია და  რეალური თვითმმართველობის გარეშე ეფექტური დემოკრატიის შექმნა ადვილი არ არის. მიუხედავად იმისა, ყოველი ცენტრალური არჩევნების წინ მუდმივად გვპირდებიან, რომ „თვითმმართველობა გაძლიერდება“, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ბოლო წლებში საქართველოს ბევრი მსხვილი ქალაქის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და მათ მიმართ თავად ამ თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებაც განსაკუთრებით შემცირდა. ამას გვიჩვენებს „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს რეგულარულად აფასებს. თუ 2017 წელს „მოქალაქეთა მონაწილეობის“ მაჩვენებელი თბილისში ისედაც სუსტი იყო – სულ რაღაც 35%,  2021 წლისთვის ეს ციფრი 17%-მდე, „ანგარიშვალდებულების“ ხარისხი კი 29%-დან მინიმალურ – 8%-ზე (!) დავიდა. მსგავსი ტენდენციაა ბევრ  მსხვილ ქალაქში, მათ შორის, თელავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. საგულისხმოა, რომ გაუარესება მეტწილად პოსტსაარჩევნო პერიოდს (2019 წელს) ემთხვევა: როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და თანამდებობები განაწილებული –  მოქალაქეებთან ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება  და იკლებს მათ მიმართ ანგარიშვალდებულებაც.

სწორედ მსგავსი ფაქტორებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა განაპირობებს, რომ  საერთაშორისო კვლევებში, რომლებიც ქვეყნების მთლიან, ზოგად სურათს აფასებს და ადარებს, საქართველო მზარდი დემოკრატიული უკუსვლით გამოირჩევა. ასე მაგალითად: თუკი 2012 წელს საყოველთაოდ აღიარებულ „მსოფლიო თავისუფლების ინდექსში“ ჩვენმა ქვეყანამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუმჯობესების ერთგვარი ტენდენცია გამოავლინა, 2016 წლიდან საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა და ამ ტენდენციას ის დღემდე ინარჩუნებს. ის, რაც ბევრს დემოკრატიის გამარჯვება და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი ეგონა, სინამდვილეში დემოკრატიის დასუსტებით გაგრძელდა.

ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდაც, საქართველომ დამოუკიდებლობის მესამე ათწლეულშიც კი ვერ დააღწია თავი ნახევრად თავისუფალი და ჰიბრიდული რეჟიმების კლასიფიკაციას და ვერ შეძლო სრულიად თავისუფალი ქვეყნების რიგში გადასვლა. მთავრობები ხშირად იმოწმებენ დამკვირვებელთა ანგარიშებს, სადაც წერია, რომ ესა თუ ის არჩევნები „კონკურენტულ“ გარემოში ჩატარდა. ალბათ, არც იმაზე დაფიქრებაა ურიგო, რომ ოდესღაც ტომის ბელადებსაც კონკურენტულ გარემოში ირჩევდნენ: იქნებოდა ეს ბრძოლა, ნადირობა თუ შამანური უნარები. კონკურენცია საჭირო და კარგია, მაგრამ  სრულიად არასაკმარისი წესიერ ქვეყანაში ცხოვრებისთვის. მეტიც, კონკურენტული არჩევნები პოლიტიკური სოციალიზაციის ისეთი დაბალი დონის პირობებში, როგორც საქართველოშია, შესაძლოა, უაღრესად სახიფათოდ განვითარდეს: ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი სუდანისა და სომალის ლიდერებს ჩვენზე გაცილებით მძაფრი კონკურენცია აქვთ. ზოგადად, სამოქალაქო კონფლიქტების უმეტესობა სწორედ კონკურენტული, თუმცა, დაბალი სანდოობის არჩევნების შემდეგ წარმოიშობა.

არ უნდა გვეგონოს, რომ დიდი მანძილი გვაშორებს ამ ქვეყნების დღევანდელობას:  რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მათგან არაფრით განსხვავდებოდა. არც  წარსულის გამეორებაა გამორიცხული. მით უფრო, თუკი ასეთი სახიფათო ტენდენციები მომავალშიც გაგრძელდება და საერთო სახელმწიფო ქსოვილის განმტკიცების, ერთმანეთთან ნდობის აღდგენის, საერთო ფასეულობებზე შეთანხმებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის გაუმჯობესების ნაცვლად, კვლავ ჯიუტად გავაგრძელებთ ამ ისედაც დანაწევრებული და უაღრესად დასუსტებული, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერშემდგარი სამოქალაქო ერთობის დანაკუწებას და თვითგანადგურების სპირალიდან გამოსვლისთვის გაბედულ და რეალურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ.

სამწუხაროდ, მსგავსი ქმედების რესურსი დღევანდელ  პოლიტიკურ სპექტრს ნაკლებად აქვს. განსაკუთრებით, საჯარო ან სასამართლო სექტორს, რომლებიც სრული პარტიული დომინანტობის გარემოში იმყოფებიან. უახლოესი წლების განმავლობაში (როგორც ხშირად, საქართველოს ისტორიაში) სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მისია იქნება დემოკრატიის დღის წესრიგის დაცვა და მისი განვითარება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიისათვის საჭირო არც ძლიერი ინსტიტუტები და არც “ცოცხალი” ტრადიცია გააჩნია. ამისათვის თავად სამოქალაქო სექტორმა უნდა მოახერხოს სერიოზული და კრიტიკული თვითშეფასება, გადააფასოს მუშაობის მეთოდები და საერთო დემოკრატიული განახლების ეტაპი, უპირველესად, საკუთარი თვითგანახლებით დაიწყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s