1. საქართველოში ბევრი ‘გადაუწყვეტელი ამომრჩეველია’. შესაძლოა თქვენ ხართ ის, ვისაც არ გყავთ ფავორიტი პარტია და/ან მაჟორიტარობის კანდიდატი და ხართ ასეთი, ‘გადაუწყვეტელი ამომრჩეველი’. პარტიების მიმართ არსბული განწყობებისა და წინასაარჩევნო დაძაბულობის გამო, ეს სრულიად გასაგებია. მაგრამ სავარაუდოდ, თქვენ არ გსურთ იყოთ ‘გადაუწყვეტელი’ ან ნახევრად ‘მოქალაქე’ – სწორედ არჩევნებში მონაწილეობაა ის მთავარი რამ, რაც უბრალო მოსახლისაგან მოქალაქეს, ხოლო ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფებისგან კი სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის. ჩემი აზრით, არჩევანი აქ ნათელი და მარტივია.
2. ის, რომ არჩევნებში ყველა ხმა ღირებულია, არ არის მხოლოდ სიმბოლური ფრაზა. საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყოფილა ისეთი არჩევნებიც, სადაც სულ რამდენიმე ხმით მოუგია/წაუგია ამა თუ კანდიდატს. ალბათ არ გსურთ, ის ამომრჩეველი აღმოჩნდეთ, ვის გამოც თქვენთვის სასურველი (ან უფრო სასურველი, ვიდრე სხვა ალტერნატივები) კანდიდატი პარლამენტში ვერ მოხვდება.
3. ‘მაინც გააყალბებენ’. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენს არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, რადგანაც უთქვენოდაც დადგება ის შედეგი, რაც ‘დაგეგმილია’. სინამდვილეში, წინასაარჩევნო დღეს, მასშტაბური გაყალბება საქართველოს მსგავს, ნახევრად-თავისუფალ ქვეყანაშიც კი უკიდურესად გართულებულია. ასეთი გაყალბება მოითხოვს უამრავი სხვა, დამოუკიდებლად მოქმედი პირის თანამშრომლობას, მათ შორის: ოპოზიციური პარტიების, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების (და მათი დამკვირვებლების), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დიპლომატების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თანამშრომლების სინქრონულ, ეფექტურ თანამშრომლობას არჩევნების შედეგის შესაცვლელად. ამის რეალური ალბათობა კი, უკიდურესად დაბალია. არსებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, რაც ძალიან გაადვილებდა არჩევნების შედეგით მასშტაბურ მანიპულაციას: ეს მაშინ მოხდება თუკი არავინ მივა ხმის მისაცემად, მათ შორის, არც თქვენ.
4. ‘აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ამიტომ, არც არჩევნები მაინტერესებს’: სინამდვილეში, თქვენ ცდებით, რადგანაც ალბათ ნამდვილად არ იტყოდით, რომ თქვენთვის სულ ერთა, თუ როგორ სკოლაში სწავლობს თქვენი შვილი, როგორ ჯანდაცვის მომსახურებას აწვდიან თქვენს მშობლებს ან რამდენი უნდა უხადოთ მთავრობას ყოველ თვე თქვენი ხელფასიდან. ეს ყველაფერი სწორედაც რომ პოლიტიკური საკითხებია და არჩევნებზე არ მისვლით იმ იშვიათ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან, როდესაც შეგიძლიათ თავად იქონიოთ გავლენა თქვენს მომავალზე.
5. ‘პოლიტიკოსებს არ ვენდობი’. არც მე. სწორედ ამიტომაც არის საჭირო დემოკრატიული პარლამენტი, რომ ეჭვიანმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთი უკეთ აკონტროლონ. თუკი არჩევნებზე არ მიხვალთ, არასანდო პოლიტიკოსები კონკურენციის და შესაბამისად, კონტროლის გარეშე დარჩებიან.
6. ‘პოლიტიკოსები მაინც იმას გააკეთებენ, რასაც პარტია უბრძანებს და არა იმას, რაც მე მჭირდება’. ეს ძველი არგუმენტია და ხშირად ფიგურირებს ხოლმე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. პრინციპში, მართალია – თუკი პოლიტიკოსები იფიქრებენ, რომ მათ პოლიტიკურ ბედს ამომრჩეველი კი არა, რომელიმე სპონსორი ან პარტიის ლიდერი წყვეტს, რა თქმა უნდა, მათი ლოიალობაც შესაბამისი იქნება. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და აჩვენოთ, რომ სინამდვილეში თქვენ უფრო მეტი ძალა გაქვთ, ვიდრე მათ ჰგონიათ.
7. “საარჩევნო უბანზე COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკია”. საარჩევნო კომისიამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს. თუკი დავიცავთ დისტანციას და შესაბამისად გამოვიყენებთ პირბადეს, მაშინ რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სავარაუდოდ დაინფიცირების რისკი უფრო მაღალი უბნის მაღაზიაში იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე.
8. ‘ჩემი ხმა ყველა არჩევნებზე აგებს’. თუკი ასე ფიქრობ, მარტო ნამდვილად არ ხარ. წინა საარჩევნო სისტემა, მართლაც ისეთი იყო, რომ დიდი განსხვავებები არსებობდა ამომრჩევლის არჩევანსა და პარლამენტში ძალთა განლაგებას შორის. ახალი, პროპორციულთან მეტად მიახლოებული სისტემით კი, თითოეულ ხმას უფრო მეტი საარჩევნო ფასი დაედო. ყველა სანდო კვლევა კი ძალიან დაძაბულ საარჩევნო შეჯიბრს გვპირდება. ასე რომ, იცოდე, შენი ხმა ახლა უფრო ძვირფასია, ვიდრე ოდესმე.
9. ‘პარტიები არაფერ სერიოზულს არ გვპირდებიან და მხოლოდ ჩვენს ხმას ითხოვენ’. სინამდვილეში, ამ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს ბევრად უფრო კარგად ჩამოყალიბებული წინასაარჩევნო პროგრამა აქვს, ვიდრე აქამდე. თუ არ გჯერა, ესტუმრე: www.partiebi.ge და დეტალურად შეძლებ წაიკითხო და ერთმანეთს შეადარო მათი დაპირებები. ბევრი რამე, მართლაც ძალიან საინტერესოა!
10. ‘წავიკითხე შენი არგუმენტები და პარტიები.ჯი-საც გადავხედე, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე როგორ მოვიქცე და ვის მივცე ხმა.’. თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნე, მაშინ გირჩევ, www.kompasi.partiebi.ge ნახო. ეს კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო რესურსია, სადაც შეძლებ თემატურად ნახო, თუ რომელ პარტიასთან გაქვს ყველაზე მეტი საერთო. მშვიდობიან, უსაფრთხო და სამართლიან არჩევნებს გისურვებ!