უაზრო დოგმატიზმის შესახებ ჩვენს პოლიტიკაში

ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ არის ძალიან უცნაური და არასწორი. აქ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ კი ჩვენს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დებატებში უაზრო დოგმატიზმის შესახებ მინდა დავწერო.

იმის შიშით, მემარცხენეობა არ დაგვწამონო, მემარჯვენეებს არ სურთ საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მაგალითად, გარემოს დაცვა, შრომითი უფლებები და საერთოდ, რაიმე რეგულაციის ხსენებას ჭირივით უფრთხიან. მემარცხენეები კი პირიქით, გაურბიან ისეთ თემებს, როგორებიცაა მაგალითად, ბიზნესის კეთების ხელშეწყობა, მიგრაცია, გლობალიზაციის პრობლემები, კულტურული იდენტობის საკითხები. სინამდვილეში, იმას, რომ მუშები ხარაჩოებიდან არ უნდა ცვიოდნენ, მანქანები ქუჩაში არ უნდა გვწამლავდნენ, დამსაქმებელი თანამშრომელს მონად არ უნდა აქცევდეს, რომ ბიზნესის კეთება ნათელი, მარტივი წესებით და გონივრული რეგულაციებით უნდა ხდებოდეს და გარემოს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, საერთო არაფერი აქვთ თანამედროვე მემარცხენეობასთან ან მემარჯვენეობასთან. სინამდვილეში, ეს ყველაფერი უბრალო საღი აზრია, რომელზეც ნებისმიერი ევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული ან მემარცხენე-ცენტრისტული პარტია (და არა მხოლოდ ისინი) მოაწერდა ხელს. უკვე დიდი ხანია, რაც ევროპული პოლიტიკა ამ საბაზისო საკითხებზე იმდენად შეჯერდა, რომ ამ საკითხებმა პოლიტიკის ცენტრში გადმოიწია. დღეს წარმოუდგენელია, რომელიმე სერიოზული ევროპული (ან თუნდაც, არა ევროპული) პარტია ავტომობილების ტექ.დათვალიერებას შეეწინააღმდეგოს, ან რომელიმე თავმოყვარე მემარცხენემ იმაზე საუბარი დაიწყოს, რომ ბიზნესის მარტივად წამოწყება (ან დასრულება) მავნებლობაა.

ამის ევროპული ანალოგიები ბევრია. სულ ახლახანს ჯორჯ ოსბორნი, ბრიტანეთის ყოფილი კანცლერი იმაზე საუბრობდა, რომ ბრიტანეთის კონსერვატორები ყველაზე მაღალი მხარდაჭერით მაშინ სარგებლობდნენ, როდესაც ინტერნაციონალისტები და სოციალურად პროგრესულები იყვნენ. მსგავსს ხშირად მოისმენთ ამერიკელი რესპუბლიკელებისაგანაც. ჩვენთან კი იმის გამო, რომ ძირითადმა აქტორებმა უაზრო და უსარგებლო იდეოლოგიური გამყოფი ხაზები გაავლეს, ასეთი საკითხების მითვისება, ხშირ შემთხვევაში ისეთმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს, რომელთა ინტერესი რაიმეს კეთება კი არა, ყველაფრის გაფუჭება ან უკეთეს შემთხვევაში, ჩვენს ხარჯზე გართობაა.

სწორედ ცენტრისკენული ძალების მიერ ამ საკითხების უგულებელყოფა და გადაჭარბებული, ხშირად ფანატიზმამდე მისული დოგმატიზმი იწვევს რადიკალებისა და პოპულისტების მიერ მნიშვნელოვანი საკითხების მონოპოლიზაციას და შემდეგ, მნიშვნელოვანი იდეების პროფანაციას. მემარჯვენე მხრიდან, ხშირად თითქოს ეკონომიკურ არგუმენტებზე დამყარებული თეზისები გვაქვს, მაგრამ ასეთი იდეები უმეტესად საერთოდ უარყოფენ ეკონომიკური თეორისს საწყის პრინციპს, კერძოდ კი იმას, რომ ეს მეცნიერება (ისევე, როგორც ბევრი სხვა) რეალობის აღწერას კი არა, მის გამარტივებულ სურათს წარმოადგენს. მეორე მხრივ, ხშირად გვაქვს ეკონომიკური აზრის უარყოფა და ჯიუტი შეტევები ბიზნესსა თუ კაპიტალზე (რაც ისედაც ძალიან ცოტა გვაქვს). შედეგად ვიღებთ კვაზი-იდეოლოგიებს, უშინაარსო დებატებს და ამასობაში, მნიშვნელოვანი თემების ექსტრემისტებისთვის „ჩუქებას“, მათ შორის საარჩევნო კონტექსტშიც.

ამ პრობლემას უკვე აუღეს ალღო ევროპელმა ამომრჩვლებმა (და პოლიტიკოსებმაც) და სწორედ ამიტომაც, მრავალი პოპულისტური პარტიისა თუ ავტორიტარი ლიდერის საქმე ამ ბოლო დროს, საკმაოდ ცუდად წავიდა. ორბანმა ბუდაპეშტი წააგო, ერდოღანმა სტამბოლი და ანკარა, ვერც ესპანური პოდემოსის საქმეც მიდის ძალიან კარგად. ცოტა ხნის წინ, ავსტრიის “თავისუფლების პარტიამაც”  მწვავე გაკვეთილი მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებზეც კი, სადაც, თითქოს მეტი შანსი ჰქონდათ რადიკალებსა და პოპულისტებს, მათ ჯამში დიდი ვერაფერი მოახერხეს. ყველაზე მეტი ხმა ისევ ევროპის სახალხო პარტიამ აიღო. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდათ ლიბერალებს და მწვანეებს. პოპულისტებსა და ევროსკეპტიკოსებს დიდ ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ და მათ მართლაც აიღეს უფრო მეტი ხმა, ვიდრე ადრე, თუმცა მათი იმედები ბოლომდე არ გამართლდა და ევროპარლამენტი ისევ პრო-ევროპული პოლიტიკური ძალების კონტროლის ქვეშ დარჩა.

ამიტომ აქაც საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ საღი აზრი საღი აზრია და მისი უარყოფა გამოგონილი, უაზრობამდე დაყვანილი, უაღრესად გამარტივებული იდეოლოგიური კლიშეებით კონტრ-პროდუქტიულია. იდეოლოგიები დიდი ცვლილებების პროცესშია: ეკონომიკური პროცესების, მიგრაციული ტალღების და ტექნოლოგიური რევოლუციის გამო. თუკი მაგალითად, რელიგიის, მიგრაციისა და გლობალიზაციის საკითხები აწუხებთ ადამიანებს, რატომ უნდა საუბრობდენ ამაზე მხოლოდ ულტრა-კონსერვატიული და ხშირად, ანტი-სახელმწიფოებრივი რადიკალები? რაღა დროს ისეთი მემარჯვენეობაა, სადაც ავტომობილები ისე ბოლავენ, რომ ნამდვილი მოარული სიკვდილის მანქანები გახდნენ? რა დროს ისეთი მემარცხენეობაა, სადაც ვერიდებით იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ შევუწყოთ ხელი იმას, რომ ადამიანებმა ბიზნესი ადვილად წამოიწყონ?  დროა, ამ “იდეოლოგიური ინკვიზიციის” პერიოდიდან გამოვიდეთ და ნორმალური, თანამედროვე პოლიტიკური მსჯელობა გვქონდეს.

ამ ყველაფერს ძალიან პრაქტიკული შედეგი ექნება. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ რადიკალების, ექსტრემისტების, რუსეთის აგენტების და სასარგებლო იდიოტების პოლიტიკური სამოქმედო სივრცე ძალიან შევავიწროოთ და ამით უკეთ დავიცვათ დემოკრატიული, ლიბერალური ცენტრი ჩვენს პოლიტიკაში. ეს კი ჩემი აზრით, კრიტიკული ამოცანაა ამ ქვეყნის მომავლისთვის. სხვათა შორის, ეს იმასაც შეუწყობს ხელს, რომ ფილმის პრემიერაზე წასვლა (რომ არაფერი ვთქვათ მის გადაღებაზე ან მასში მონაწილეობაზე) სამოქალაქო გმირობის ტოლფასი აღარ იყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s