იმას, რაც ჩვენთან ხდება, „განსახელმწიფოებრიოებას“ დავარქმევდი. საქართველო სწრაფად იშორებს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებსა და უნარებს და სწრაფი სვლით მიექანება ბრბოს მმართველობისკენ. ეს ჩვენთვის არის სამწუხარო, თორემ ზოგადად, განა რამე უჩვეულოა? ეს კარგი, მდიდარი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოებია უფრო იშვიათი, თორემ დისფუნქციური, კორპუმპირებული და ძირმომპალი ქვეყნები, ძალიან ბევრია. შეხედეთ რუკას, მერე საქართველოდან სულ ცოტა ჩრდილოეთით ააყოლეთ თვალი და პირველ ასეთ მაგალითსაც ადვილად დაინახავთ. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ძალიან სწრაფად ჩავეწერებით ჩამორჩენილი უმრავლესობის რიგებში. თუმცა, შეიძლება ასე გვსურს კიდეც. აბა, მდიდარ და განვითარებულ, მაგრამ მაინც რაღაც ტიპის უმცირესობასთან ჩვენ რა გვესაქმება?
„განსახელმწიფოებრიოების“ მიზეზები ბევრია. ეს არის ქვეყნის არაფორმალური მმართველობა, რაც ყოველდღიურად სახელმწიფოს მის ძირითად საძირკველს – ინსტიტუტებს აცლის. სახელმწიფო კი ინსტიტუტების გარეშე არ არსებობს. ვწუხვარ, ამაზე წერა რომ მიწევს. კიდევ ერთი მიზეზია სახელმწიფოს, როგორც „მეწველი ძროხის“ წარმოდგენა პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების მიერ, რომელთა ერთადერთი მიზანი ის არის, რომ მაქსიმალური პირადი მატერიალური შედეგი მიიღონ, რაც შეიძლება სწრაფად. ეს იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო და მისი მომავალი კი არა, საკუთარი სახლის სართულების რაოდენობა, ხეების სიმაღლე და აუზის ფართობები აინტერესებთ.
ამ ყველაფრის კიდევ ერთი და დიდი მიზეზი ჩვენ ვართ. ჩვენ, ვინც ყველაფერს ვხედავდით: ოკუპანტებთან ფლირტს, ნეპოტიზმს, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის არარსებობას, უპერსპექტივო და უამბიციო ხალხს მინისტრების პოსტებზე, არაპროფესიონალიზმისა და მუქთახორობის აღზევებას საჯარო სამსახურებში და კიდევ ბევრ სხვა რამეს. ძალიან დიდხანს ვითმენდით ამ ყველაფერს იმის იმედით, რომ თითქოს ეს რაღაც „ბუნებრივი ციკლის“ ნაწილი იყო – რთული, მაგრამ მაინც საჭირო დემოკრატიული განვითარებისთვის. იმას, რაც სინამდვილეში დემოკრატიის ეროზია იყო, ჩვენ დემოკრატიის კონსოლიდაცია ვუწოდეთ და სასურველი რეალობად გავასაღეთ. ჩვენვე დავუშვით ზიზღის გამარჯვება პოლიტიკაში და შევეგუეთ იმას, რომ „ქრისტიანობა“ ქართულად ადამიანის ჩაგვრის და არა სიყვარულის მოძღვრებად იქცა. ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეებისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა, პლურალიზმისა და დემოკრატიის ნაწილად მივიღეთ და სულ დაგვავიწყდა, რომ ლიბერალიზმის გარეშე დემოკრატია ადვილად გადადის ბრბოს დიქტატურაში.
სწორედ ამ ყველაფრის გამოა რომ:
- ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გველაპარაკებოდა;
- მის გამო ქართველ ახალგაზრდებს სახეში რეზინის ტყვიები ესროლეს და მერე ლექციები წაუკითხეს პოლიტიკასა და სახელმწიფოზე;
- კომბლებით მოსიარულე ბრბო ქალაქში თავისუფლად დადის და ადამიანებს ატერორებს.
ბევრს ვფიქრობ ჩემი თაობის მისიაზე ამ ქვეყანაში. ტრანზიციული, მძიმე თაობა ვართ, საბჭოთა სკოლებში გაზრდილი თავისუფლებისთვის მებრძოლები. მაგრამ ამით ვერ ვიმართლებ თავს და ძალიან შემრცხვება, თუკი ასეთ დაჩაგრულ, დაკნინებულ და არათავისუფალ ქვეყანას დავუტოვებ შვილებს.
წინ ბევრი საქმეა. დემოკრატებმა ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და განახლებული სტრატეგია შევქმნათ ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი იმედები, რომ მომავლის გამყოფი ხაზები დემოკრატიული პოლიტიკის იდეოლოგიურ ხაზებზე, მმართველობისა თუ რეფორმების ხედვებზე გავიდოდა, არ გამართლდა. ეს უკვე ყველამ დიდი ხანია ვიცით. დროა ისიც ვთქვათ, რომ მომავალი გამყოფი ხაზი სამწუხაროდ, ისევ დემოკრატიასა და ანტიდემოკრატიას, თავისუფლებასა და მორჩილებას, სახელმწიფოსა და ქაოსს შორის გადის. ამისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს, ყოველთვის.