პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

თბილისის პროტესტის მნიშვნელოვანი შედეგი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ქართული ოცნების თანხმობაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა მსჯელობა პროპორციული საარჩევნო სისტემის ავკარგიანობის შესახებ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სრულყოფილი სისტემა წარმომადგენლობის, მმართველობის და პოლიტიკური შეჯიბრის ყველა საკითხის თანაბრად ეფექტურად გადასაჭრელად. ნებისმიერ სისტემას გააჩნია თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ცალკეული სისტემები ზოგიერთ პრობლემას უკეთ აგვარებენ, მაგრამ სხვა პრობლემებს წარმოშობენ. იმავეს თქმა შეიძლება პროპორციული და ჩვენი შემთხვევისთვის (ამ ეტაპზე მაინც) ბუნებრივი, იგივე „ნულოვანი“ საარჩევნო ბარიერის მქონე სისტემაზე.

ზოგადად, პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპაში ყველაზე გავრცელებული სისტემაა და ევროპის 53 ქვეყნიდან 34 ქვეყანაში გამოიყენება. მათი უმრავლესობა (32) პარლამენტის ასარჩევად ერთიან პროპორციულ სიებს იყენებს. არჩევნები, რომლებიც პროპორციული წესით ტარდება, როგორც წესი, ხელს უწყობს უფრო მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ფორმირებას (რადგანაც მეტ პარტიას უჩნდება პარლამენტში შესვლის შანსი), უფრო მაღალი ალბათობით ქმნის კონსენსუსისა და კოალიციების საჭიროებას (რადგან ცალკეულ პარტიებს უფრო უჭირთ უმრავლესობის მოპოვება სისტემაში, სადაც მაჟორიტარების ხმები არ ემატება პარტიულ ხმებს) და ხელს უწყობს ქალების და სხვა უმცირესობების მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში (რადგანაც მეტად შესაძლებელი ხდება მათი სიებში ინტეგრირება და არ მოითხოვს ისეთ ხარჯებს, რაც მაგალითად, მაჟორიტარულ საარჩევნო კამპანიას სჭირდება; ასევე უფრო მარტივია სპეციალური წამახალისებელი ან სავალდებულო დროებითი ზომების განხორციელება, მაგალითად გენდერულად თანასწორი სიის შექმნისთვის). განსხვავებით მხოლოდ მაჟორიტარული ან პარალელური/შერეული სისტემისგან, პროპორციული სისტემა უფრო მეტად არის ფოკუსირებული პოლიტიკურ პარტიებზე, როგორც წარმომადგენლობის განმახორციელებელ ინსტიტუტებზე და ნაკლებად შეიცავს დომინანტი პარტიის წარმოქმნის რისკებს. ამასთან, სისტემა, რომელიც სრულიად პროპორციულია და რომელშიც ერთიანი საარჩევნო სიები იქმნება, პოლიტიკურ პარტიებს უბიძგებს შექმნან ეროვნული მნიშვნელობის წინასაარჩევნო მანიფესტები და პროგრამები და ამის გარშემო გააერთიანონ მათი მხარდამჭერები. ეს თავის მხრივ, ეროვნულ პოლიტიკურ კონსოლიდაციას აძლიერებს (ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე შედარებით ნაკლები ყურადღების ხარჯზე) და ხელს უწყობს საერთო სახელმწიფოებრივი საკითხების მეტად წინ წამოწევას.

მიუხედავად ამისა, არც ერთი საარჩევნო სისტემის განხილვა არ შეიძლება უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, რადგანაც გარდა უშუალოდ საარჩევნო სისტემისა, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი დიდ წილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად წარმატებულად იმუშავებს ესა თუ ის სისტემა. მათ შორის ძირითადი საკითხებია პოლიტიკური დაფინანსება, შიდაპარტიული დემოკრატია, საჯარო მმართველობა და არჩევნების ხარისხი.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია. როგორც წესი, ისე ხდება ხოლმე, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია და მათი კანდიდატები ჯამურად ბევრად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ არჩევნებზე, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად აღებული. მაგალითისთვის, 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ჯამში 13,387,047 ლარის დაფინანსება მიიღეს (ოფიციალურად), ხოლო ყველა სხვა დანარჩენმა 2,881,099 ლარი. მსგავსი სურათი იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც ქართულმა ოცნებამ 14,815,653 ლარი, ხოლო ყველა დანარჩენმა ერთად 1,603,238 ლარის შემოწირულობა მიიღეს. ასეთი დიდი ფინანსური ასიმეტრიის პირობებში თანასწორ კონკურენციაზე საუბარი რთულია და შესაბამისად დომინანტური პარტიის შექმნის რისკები, მართალია, არა იმდენად მაღალი, მაგრამ ახალი სისტემით მაინც რჩება. ვინაიდან სწორედ ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლებაა ის პრობლემა, რის გადალახვასაც ახალი სისტემის დანერგვით ვცდილობთ, პოლიტიკური დაფინანსების რეფორმაც აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება შიდაპარტიული დემოკრატიისა და გამჭვირვალობის საკითხები. კანდიდატების ნომინირების, გადაწყვეტილებების მიღების სამართლიანი სისტემის და ფინანსური გამჭვირვალობის გარეშე, მაღალია იმის რისკი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში ადგილები არა ცოდნითა და პოლიტიკის უნარებით გამორჩეულ, არამედ მდიდარ კანდიდატებს დაუთმონ (ისევე, როგორც ხშირად მაჟორიტარების შერჩევისას ხდება ხოლმე) და ხელი შეუშალონ ახალი ადამიანების, ახალგაზრდების, ქალების ან პოლიტიკაში ნაკლებად წარმოდგენილი სოციალური თუ სხვა ჯგუფების საარჩევნო სიებში მოხვედრას (თუმცა ამას თავის მხრივ, ასევე აქვს საარჩევნო რისკები, რადგანაც ამომრჩეველსაც გააჩნია საკუთარი პრეფერენციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება პარტიების მიერ სიების ფორმირებისას). შესაბამისად, მაღალი შიდა-დემოკრატიის ხარისხის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ეფექტური წესების გარეშე, პოლიტიკური პარტიები დიდი ალბათობით, კვლავ დარჩებიან ვიწრო ჯგუფების გავლენის ხელში. ამ ყველაფრის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის დაწესებით, საზოგადოებრივ მოთხოვნაზე პასუხად ან ორივე ამ ფაქტორის შედეგად ხდება. ასევე მნიშვნელოვანია პარტიების ადეკვატური საჯარო დაფინანსების სისტემის არსებობა, რათა კიდევ უფრო ფართო გასაქანი არ მიეცეს შიდაპარტიულ კორუფციას, რაც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. მხოლოდ პროპორციულ სისტემას მერიტოკრატიული და დემოკრატიული შიდაპარტიული კულტურის გარეშე, შეუძლია კიდევ უფრო გააღრმავოს პარტიებისადმი უნდობლობა და პოლიტიკისგან გაუცხოება.

პოლიტიკური გარემო, არჩევნების ხარისხი და საზოგადოების პოლიტიკური კულტურა ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთი და იგივე სისტემა განსხვავებულად მუშაობს სხვადასხვა გარემოში. ერთია პროპორციული სისტემა („ნულოვანი ბარიერით“) ჰოლანდიაში, სადაც პარტიებს მაღალი შიდა-დემოკრატიის ხარისხი აქვთ, სიების ფორმირებაში პარტიის წევრები დიდ როლს ასრულებენ, ამომრჩეველი ელის და კითხულობს საარჩევნო პროგრამებს და მიჩვეულია ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მთავრობის ფორმირებისთვის. მეორეა, ბუნებრივი ბარიერი საქართველოში, სადაც უშიშროების სტრუქტურები კარნახობენ ზოგ პარტიას, თუ ვინ უნდა ჩასვან სიაში და არჩევნების დღეს უბნებთან „ძველი ბიჭები“ გვხვდებიან.

მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც არც ერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, თავისთავად ნიშნავს იმის მაღალ ალბათობას, რომ მთავრობის ფორმირებას შესაძლოა ხანგრძლივი დრო ან სულაც ახალი არჩევნები დასჭირდეს. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, რომლებსაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური საჯარო სექტორი ჰყავს, ეს სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის. პარადოქსულად, ესპანეთში, რომელსაც 2016 წელს მთავრობა ათი თვის განმავლობაში არ ჰყავდა, ეკონომიკა გაიზარდა და უმუშევრობა 1%-ით შემცირდა. მეტიც, ამ წელს ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქვეყანა გახდა. ბელგიაში, რომელსაც მთავრობა სარეკორდო – 589 დღის განმავლობაში არ ჰყავდა, ეკონომიკა სტაბილურად აგრძელებდა განვითარებას. თუმცა საქართველოში, სადაც მილიონობით ლარი უბრალოდ იმიტომ ვერ იხარჯება, რომ პასუხისმგებელმა ხალხმა არ იცის, თუ რა მოეწონება და რა არა, ერთი პარტიის ლიდერს ან უბრალოდ, საქმე როგორ უნდა გააკეთოს, ამან შესაძლოა  დამატებითი სერიოზული პრობლემები შექმნას. ამიტომ პროპორციული, წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტის წარმატებისთვის ისევე აუცილებელია დამოუკიდებელი და კომპეტენტური საჯარო სექტორი, როგორც შიდა წვის ძრავის ავტომობილისთვის საწვავი.

კომპრომისის კულტურასთან შეგუება პროპორციული სისტემის თანამდევი მოვლენაა. მართალია ამომრჩეველი ამა თუ იმ პარტიას მისი ლიდერის, პროგრამის ან მოწოდებების განხორციელებისთვის აძლევს ხმას, მაგრამ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მის პარტიას შესაძლოა მეორე, მისთვის სრულიად მიუღებელ პარტიასთან კომპრომისი და შეთანხმება დასჭირდეს. პროპორციული სისტემის შედეგი საქართველოში წესით ისიც იქნება, რომ თუკი აქამდე პოლიტიკური თანაარსებობა (კოჰაბიტაცია) ზოგიერთის თვალში უპატიებელ შეცდომად მიიჩნეოდა, ახლა ეს აუცილებლობა და ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.

ახლა რაც შეეხება ბუნებრივ ბარიერს, რაც დღეს მსჯელობის მთავარი საგანია. ასეთი, „ნულოვანი“ ბარიერი იმის სერიოზულ რისკებს შეიცავს, რომ მოხდება პარტიების ფრაგმენტაცია და გაადვილდება მათით მანიპულირება, განსაკუთრებით უპირატესი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მქონე პარტიების და ლიდერების მიერ (დღევანდელ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი). მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ პოლიტიკოსების მოქრთამვა, გადაბირება და დაშინება დღევანდელი, შერეული სისტემის პირობებშიც მარტივად ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენი ბოლო დროის მთავარი პრობლემა დომინანტი პარტიებია და არა პარტიათა შესაძლო კოალიციები ხვალ. დომინანტი პარტიის რისკს კი პროპორციული სისტემა სერიოზულად ამცირებს (თუმცა ბოლომდე ვერ გამორიცხავს). კოალიციები მაინც უფრო რთული სამართავი და საკონტროლებელია, ვიდრე ცალკეული პარტიები და შესაბამისად, უფრო მეტ სივრცეს ტოვებენ კონკურენციისთვის.

გადაჭარბებული მეჩვენება იმის შიში, რომ რომელიმე მაჟორიტარი პარტიას შექმნის და შემდეგ პარლამენტში აღმოჩნდება. როგორც ჩვენი საარჩევნო ისტორია მოწმობს, ქართველი ამომრჩეველი მაჟორიტარებს იმის მიხედვით უფრო არჩევს, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს და იშვიათად ინდივიდუალური კანდიდატების შეფასების საფუძველზე. ამასთან, დღევანდელი მაჟორიტარების უმრავლესობას ეროვნულ დონეზე პარტიული იდენტობით გამორჩეული ორგანიზაციის შექმნის არც გამოცდილება და არც შესაძლებლობა გააჩნია და ბუნებრივი ბარიერის პირობებშიც კი დიდი უპირატესობა მაინც ცნობილ და ეროვნული მასშტაბის ორგანიზაციის მქონე სტრუქტურებს ექნებათ.

ჩვენს ვითარებაში ბარიერის მთავარ და ყველაზე ღირებულ ფუნქციად ექსტრემისტი და მარგინალური პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობის შემცირება და ახალი ანტიდემოკრატიული დომინანტი პარტიის ან კოალიციის დაუშვებლობა მოიაზრება. სწორედ ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი საფიქრალი და ბუნებრივი ბარიერის რეალური პრობლემა. მაგრამ ამ ფუნქციას საარჩევნო ბარიერის გარდა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და წარსული გამოცდილებაც უნდა ასრულებდეს. თუ ასეთი, საზოგადოების „პოლიტიკური კულტურის ბარიერი“ არ შეიქმნება, პატრიოტთა ალიანსი ან ვერის ბაღის „რაინდები“ სამწუხაროდ მაინც მოახერხებენ ბარიერის გადალახვას.

და ბოლოს, სულაც არ არის საჭირო იმის გვეშინოდეს, რომ ბარიერის არარსებობის პირობებში, მაინცდამაინც ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები აღმოჩნდებიან პარლამენტში, როგორიც ლევან ვასაძის მოძრაობა ან მსგავსი ორგანიზაციებია. ამის რისკი არსებობს, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა ახალი პროდემოკრატიული და ევროპაზე ფოკუსირებული არსებული და ახალი მოძრაობებისთვის. არჩევნებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა და მე სულ არ მგონია, რომ მის წარმატებით გავლას ვიღაცეები უფრო უკეთ შეძლებენ, ვიდრე „სამოქალაქო მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, “გირჩი”,„შენები“, ან სულაც რომელიმე სხვა, სრულიად ახალი პროდემოკრატიული და პატრიოტული გუნდი, რომელიც ამ პროტესტის ტალღის შედეგადაც შეიძლება შეიქმნას. 3 ან 5 პროცენტიანი ბარიერი ნამდვილად სჯობს ბუნებრივ ბარიერს და მე მას დავუჭერდი მხარს, მაგრამ პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით ბევრად სჯობს იმას, რაც დღეს გვაქვს.

ჯამში, პროპორციულ სისტემას შანსი აქვს ქართული პოლიტიკური ცხოვრება ახალ, უფრო კომპრომისულ, თანხმობაზე ორიენტირებულ და წარმომადგენლობით რელსებზე გადაიყვანოს. მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სისტემის მხოლოდ ერთი კომპონენტის შეცვლით ეს არ მიიღწევა და საერთო პოლიტიკური სისტემის სხვა ელემენტებით მანიპულირებამ შეიძლება სულაც ვერ მოაგვაროს ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჩვენ გვსურს და ახალი პრობლემებიც წარმოშვას. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რისკები, რაც ამ სისტემას გააჩნია და მივიღოთ ის ზომები, რაც აუცილებელია: პოლიტიკური დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა, პარტიების შიდა-დემოკრატიისა და მერიტოკრატიის დონის ამაღლება, საჯარო სამსახურის რეფორმა, მისი კვალიფიკაციის ამაღლება და რეალური დამოუკიდებლობა და ბოლოს, არჩევნების ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებაზე ზრუნვა, ახალი საარჩევნო სისტემის შექმნის პარალელურად და მის შემდეგაც უნდა განხორციელდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s