პროტესტი არ კმარა, საჭიროა სტრატეგიაც

დაკარგულ თვალის ჩინს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს რუსული პოლიტიკის ქართველმა კოლაბორაციონისტებმა წაართვეს, ვეღარაფრით დავუბრუნებთ მათ. სამაგიეროდ, შეგვიძლია ამაში დიდი პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი გადავახდევინოთ შესაბამის ადამიანებს. მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ იქნება. ამდენი ადამიანი ქუცნაშვილის პარლამენტიდან გასაგდებად კი არა, ქვეყნის შესაცვლელად შეიკრიბა პარლამენტის წინ. სწორედ ამიტომ, მთავარი შედეგი რაც უნდა მივიღოთ ის არის, რომ ქვეყანა სამართლიანი პოლიტიკის გზაზე გავიდეს და გამოვიდეს ავტორიტარიზმის, ოკუპანტებთან კოლაბორაციონიზმის და უპასუხისმგებლო მმართველობის მოჯადოებული წრიდან.

ნებისმიერ სამოქალაქო პროტესტს, რაც არ უნდა დიდი, გულწრფელი და სამართლიანი იყოს, გაუჭირდება შედეგის მიღწევა მოქმედების სტრატეგიისა და კარგი ორგანიზების გარეშე. ისტორია სავსეა სამართლიანი იდეებით დაწყებული წარუმატებელი მოძრაობების მაგალითებით. ამ წარუმატებლობის მიზეზი კი ხშირად ორგანიზების დაბალი ხარისხია. სტრატეგიისა და ორგანიზების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, მით უმეტეს, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება დემოკრატიული და მრავალფეროვანია. საქმეს “აპოლიტიკურობის” სენტიმეტებიც ართულებს, რადგანაც პოლიტიკური გეგმისა და ამოცანების გარეშე, საპროტესტო მოძრაობას მხოლოდ ბრაზისაგან დაცლის ეფექტი ექნება, ყოველგვარი სისტემური და პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. კობახიძისა და ქუცნაშვილის მიერ საპარლამენტო პოზიციების დატოვება არასაკმარისია, რადგანაც არც ერთი და არც მეორე რეალურ პოლიტიკურ ფიგურებს არასოდეს წარმოადგენდნენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქ უნდა დადგეს, სადაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრია და ამან სისტემური ცვლილებები უნდა მოიტანოს.

სავარაუდოდ, ხელისუფლებაში არსებობს მოლოდინი, რომ “აპოლიტიკური” მოძრაობა ეფექტურად ორგანიზებას ვერ შეძლებს, რომ დროთა განმავალობაში და ზაფხულის სიცხის ქვეშ მუხტს დაკარგავს და მხარდამჭერებისგან დაიცლება. არაორგანიზებული და გადაღლილი ადამიანების პროტესტის დამარცხება კი ბევრად ადვილი იქნება, მით უმეტეს თუ მათ შორის კამათი და გაურკვევლობა მოიმატებს და ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ჩვენებაც შესაძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კრიტიკული საკითხის შესახებ აუცილებლად არის შეთანხმებები მისაღწევი.

პირველი, ეს არის ნათელი პოლიტიკური მოთხოვნების ფორმულირება. შსს მინისტრის გადადგომა, დაკავებულთა გათავისუფლება და პროპორციული არჩევნები ის საკითხებია, რაზეც როგორც ჩანს, საზოგადოების საერთო კონსენსუსი უკვე არსებობს. ეს კარგი დასაწყისია.

პოლიტიკურ ამოცანებზე თანხმობა ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს პროტესტის ორგანიზების რაღაც ფორმის შექმნა. სპონტანურობა მნიშვნელოვანი პოზიტიური ემოციური ელემენტია, ოღონდ სამოქალაქო მოძრაობის საწყის, მყისიერ ეტაპზე. ორგანიზების მინიმალური ელემენტების გარეშე შეუძლებელი იქნება ეფექტურობის შენარჩუნება მომავალში.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხია იმ ქმედებების გააზრება, რომელთა განხორციელებაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პროტესტის მოთხოვნები დროულად არ დაკმაყოფილდება. მრავალჯერადი ულტიმატუმების გამოცხადება, რომელთაც ეფექტური ნაბიჯები არ მოჰყვება, იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამიტომ, სათანადო დაფიქრება სჭირდება, როგორც ულტიმატუმებს, ისე მათ ფორმებს და კიდევ უფრო მეტად, ულტიმატუმის შემდგომ ნაბიჯებს. ნებისმიერ სამოქალაქო პროტესტს სჭირდება მშვიდობიანი და კანონიერი ესკალაციის საფეხურების გეგმა, რომელსაც ის დრო და დრო განახორციელებს, როგორც ზეწოლის, ისე მხარდამჭერთა მასის გასაზრდელად საჭირო, კრიტიკულ მომენტებსა და ეტაპებზე.

შემდეგი ეს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის რთული საკითხია. ზეპარტიულობის გამოცხადება კარგია, მაგრამ აპოლიტიკურობა სისულელე იქნებოდა, ისევე როგორც, საერთო მიზნისთვის იმ პოლიტიკური რესურსებისა და გამოცდილების არ გამოყენება, რაც პარტიებს გააჩნიათ. პარტიების მიერ პროტესტის სათავეში ჩადგომა პროტესტში მონაწილეობის ხარისხსა და მის წარმომადგენლობითობას შეასუსტებს, მაგრამ პარტიების საპარლამენტო და ორგანიზაციული რესურსი საჭირო და ღირებულია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციური პარტიების აქტიურობის გარეშე, სერგეი გავრილოვს შეეძლო სულ თავისუფლად გაძღოლოდა კონფერენციის სესიას პარლამენტში, ბოლოს წითელი ხალიჩის გავლით ბედნიერი წასულიყო ბანკეტზე, ხოლო კობახიძესა და ქუცნაშვილს თავმჯდომარეობის და მანდატის დათმობის ნაცვლად, დიდი მადლობა მიეღოთ წარმატებული საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოში.

და ბოლოს. ასეთ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანია საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხები, ვინაიდან აუცილებლად იქნება პროვოკაციისა და პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობები. ადექვატური, ეფექტური და რეგულარული კომუნიკაცია დიპ.კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ასევე მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც ყურადღება სჭირდება.

ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივი ამოცანაა, რადგანაც პროტესტს არ ჰყავს ერთი რომელიმე ორგანიზატორი. მრავალფეროვნება და დემოკრატიულობა მისი სიძლიერეა, მაგრამ ეს ორგანიზების გამოწვევაც არის. მიუხედავად ამისა, ორგანიზებისა ფორმისა და სტრატეგიის ძირითადი ელემენტების შესახებ შეთანხმება აუცილებელია წარმატებისთვის. საბედნიეროდ, მშვიდობიანი პოლიტიკური წინააღმდეგობის გამოცდილება საქართველოში დიდია. მთავარი დილემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სახიფათო ვითარებაში მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო სამართლიანი პოლიტიკური სისტემის შექმნის გზაზე დადგეს. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარშემო რეალური გეგმის შექმნა და ამის შესახებ ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბება პრო-დემოკრატიულ სამოქალაქო და პოლიტიკურ საზოგადოებაში პირველი და შეიძლება გადამწყვეტი ეტაპიც კი იყოს ამ მიზნისაკენ სავალ გზაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s