ავტოკრატიის ციცაბო დაღმართზე საქართველო უფრო და უფრო სწრაფად ეშვება და კრიტიკულ დროს დემოკრატიული ბალანსის ისედაც სუსტმა მუხრუჭებმა შესაძლოა საბოლოოდ გვიმტყუნოს. ჟურნალ „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით, საქართველომ 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყანას შორის ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა რუსეთთან ერთად და ეს იყო ნახტომი უკან. ჩვენი მაჩვენებლები ამ ავტორიტეტულ და მნიშვნელოვან რეიტინგში თითქმის 2012 წლის ქულებს გაუთანაბრდა და ამით საქართველო მტკიცედ „დამკვიდრდა“ „ჰიბრიდული რეჟიმების“ ქვეყანათა რიგში, ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვედრილიყო.
ავტორიტარიზმისკენ მსვლელობა იმ პოლიტიკურ სტრატეგიაში გამოიხატება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აღარ უნდა დარჩეს არც ერთი პოლუსი და არც ერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც თუნდაც თეორიულადაც შეიძლება მეტოქედ განიხილებოდეს, ნებისმიერ სფეროში: იქნება ეს ქველმოქმედება, კულტურა, ბიზნესი თუ პოლიტიკა. რეალურად, მიმდინარეობს დემოკრატიული შესაძლებლობების თანმიმდევრული მოსპობის პოლიტიკა. თიბისი ბანკის ამბავი და მამუკა ხაზარაძის ბანკის მენეჯმენტიდან იძულებით წასვლა ამ სტრატეგიის შედეგი და იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ესკალაციაა, რომელსაც დიდი ხანია ვხედავთ: ეს არის ოპონენტების და კრიტიკოსების ხალხის მტრად გამოცხადება, მთავარი რეფორმების ფართო კონსენსუსის გარეშე გატარება, სასამართლოს უზურპაცია, ბიზნესის გადანაწილება, მომხრეების ფულით მოსყიდვა, კონკურენტების ძალადობით დაშინება და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით დაშანტაჟება.
ეს ყველაფერი საბჭოთა, „ქურდული“ აზროვნებით გაჯერებული, „ჩრდილოვანი ავტორიტარიზმის“ დამყარების მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თავისუფლების, დემოკრატიის და განვითარების თანამედროვე იდეებთან. თუკი „ეკონომისტის“ ინდექსს უფრო მარტივ ენაზე გადმოვთარგმნით, ჩვენ ახლა უფრო მეტად ვართ ქვეყანა, სადაც საქმეები ბინაში (ან სარდაფში) ქურდებთან საუბრით გვარდება, ვიდრე ქვეყანა, სადაც პოლიტიკა პარლამენტში იქმნება იდეებისა და ოპონენტებთან ჭიდილის, გამჭვირვალე და ნათელი პროცესის შედეგად.
საქართველოს ოფიციალურად პირველი პირების უმეტესობა სინამდვილეში საერთოდ არ არის რეალური პოლიტიკოსი. ისინი შუა საუკუნეების რაინდთა მხლებლებს გვანან, რომლებმაც პოლიტიკური თავისუფლება – გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რის გამო და ვისთან იბრძოლონ, საკუთარ ბატონს დაუთმეს და სანაცვლოდ დღიური მოწყალება და მფარველობა დაიმსახურეს. ისინი ამ პოზიციებზე მათი პოლიტიკური გავლენის პროპორციულად კი არ მოხვდნენ, არამედ დემოკრატიის დროებით დეკორაციად განთავსდნენ. ისინი კამათობენ, ხმაურობენ, პრესკონფერენციებს ატარებენ და რეფორმებს აანონსებენ, მაგრამ თვითონ ყველაზე კარგად იციან საკუთარი პოლიტიკური თავისუფლების უკიდურესი შეზღუდულობის შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს ჯეიმს ბონდის სერიას „რუსეთიდან სიყვარულით“, სადაც მთავარი ანტაგონისტის ამალის წევრებს ნომრებით: #2, #3, #4-ით ვიცნობთ და მათ მაშინვე აცლიან თავს, როგორც კი მათი სამსახურის საჭიროება აღარ არსებობს.
ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. სხვა გამოსავალი არც გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელიწადში აღარაფერი დაგვრჩება ამ ქვეყანაში მისი სახელის გარდა. საერთაშორისო ვითარებაც იმდაგვარად არის შეცვლილი, რომ საქართველოს უახლოეს წლებში ვერ ექნება იმის იმედი, რომ მისი ტრადიცული მოკავშირეები მას ეფექტურად დაიცავენ. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში იმდენად მნიშვნელოვანი შიდა კრიზისები და ისეთი გარდამტეხი არჩევნები ახლოვდება, რომ მათი აქტიური საგარეო მოქმედების რესურსი საკმაოდ შეზღუდული იქნება. სხვა საკითხია, თუ რამდენად მოუნდებათ მათ ჩვენი მხარდაჭერა: ავტორიტარიზმისკენ მიმავალი საქართველო, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ელემენტარული შიდა საკითხები ვერ მოუგვარებია, არც თუ სასიამოვნო მეგობარი იქნება. თანაც, ის არც სინგაპურია და არც საუდის არაბეთი. მისი ერთადერთი მიმზიდველობა რეგიონში დემოკრატიის ლიდერის იმიჯია. ამიტომ, ამ იმიჯის დაკარგვა საქართველოსათვის არათუ იმიჯის, არამედ გაცილებით დიდი – სასიცოცხლო პრობლემა იქნება. ლიბერალურ-დემოკრატიული კურსის შენარჩუნება და ავტორიტარიზმის აღკვეთა პოლიტიკური გემოვნების ან რაიმე პარტიული იდეოლოგიის კი არა, ეროვნული უსაფრთხოების საერთო ამოცანაა. ის ვინც ამას ეწინააღმდეგება, წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
დემოკრატიისა და უსაფრთხოების კავშირი ჩვენთვის ყოველთვის ნათელი იყო, მაგრამ იმედია, რომ ახლა ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. ხშირად გაიგებთ, რომ თითქოს „საქართველოში ავტორიტარიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს.“ ეს მიამიტური ილუზიაა. ავტორიტარიზმი ადვილად გაიმარჯვებს, თუკი ჩვენ უმოქმედოდ ვიქნებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობარი დემოკრატიული ქვეყნები რეგიონში უფრო სუსტ, ხოლო ჩვენი მტერი ავტოკრატები უფრო ძლიერ პოზიციებზე არიან ადრინდელთან შედარებით.
ცვლილებებისათვის საჭიროა ახალი პოლიტიკური რევოლუცია, რომელიც უნდა იყოს არა ექსტრა-საკონსტიტუციო ცვლილება, არა ერთი პარტიის მიერ მეორის პოლიტიკური განადგურება, არამედ სწორედაც რომ კონსტიტუციური, მშვიდობიანი და კანონიერი, მაგრამ დიდი და გარდამტეხი ცვლილება, რომელიც იმაში მდგომარეობს, თუ როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკა, ქვეყანა და ჩვენი მომავალი ამ ქვეყანაში. ჩვენ ან უნდა შევეგუოთ ვითარებას, რომ იაფფასიანი წარმოდგენის პასიურ მაყურებლებად ვიქეცით, რომელიც ფონს ქმნის და ტაშს მაშინ უკრავს, როცა ეტყვიან, ან გავიგოთ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლები, არამედ მისი მოქალაქეებიც ვართ. მოქალაქესა და მაცხოვრებელს შორის კი ისეთივე დიდი განსხვავებაა როგორიც ცხოველსა და ადამიანს შორის: პირველისთვის მარტივი ინსტინქტების დაკმაყოფილებაც საკმარისია, მეორე კი მორალურ არჩევანებს აკეთებს, როგორც თავისუფალი ადამიანი.
მოქალაქეობა უპირველეს ყოვლისა არჩევანს და შესაბამის პოლიტიკურ მოქმედებას მოითხოვს. ეს თავისუფალი ადამიანების გზაა თავისუფალი საზოგადოებისაკენ და მხოლოდ ასეთი ცვლილებით შეიძლება გავწყვიტოთ ჯერ კიდევ ძლიერი კავშირი საბჭოთა აზროვნების სისტემასთან, რომელიც დღეს იმის იმედსაც სპობს, რომ ჩვენი თაობა უკეთეს საქართველოს დაუტოვებს მომავალს. სწორედ ასეთი პოლიტიკური რევოლუციის აუცილებლობაზე ვსაუბრობ.
თუმცა მხოლოდ განყენებული მსჯელობა არასაკმარისია. ის გვეხმარება დილემები დავინახოთ, მაგრამ ვერ გვიჩვენებს სამოქმედო გზას. ამიტომ ისიც უნდა ვიკითხოთ, თუ როგორ გამოიყურება ასეთი რევოლუციური ცვლილება ჩვენი პოლიტიკის პრაქტიკაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიჯეროთ და სხვებსაც დავაჯეროთ, რომ ეს ქვეყანა რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი და ვიღაცეების გამდიდრების ან უცნაური გართობის წყარო კი არა, არამედ ჩვენი თავისუფლების, მომავლის და კეთილდღეობის საფუძველია; რომ ჩვენ მისი პატრონები ვართ, ყველანი ერთად, როგორც თავისუფალი საზოგადოების წევრები; რომ ჩვენ ვწერთ თამაშის წესებს და მერე ჩვენვე ვემორჩილებით მათ. მომავალი არ არის აუცილებლად ნათელი და კარგი და ის ავტომატურად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე ვერ შეიქმნება. ჩვენ შეიძლება წინ წავიდეთ და უფსკრულში გადავიჩეხოთ. ამიტომ, შესაძლოა ერთმანეთი ძალიან არ მოგვწონდეს, მაგრამ დემოკრატებმა ერთმანეთს ხელი მჭიდროდ უნდა ჩავჭიდოთ და ერთობლივი მოქმედების მეტი შესაძლებლობები შევქმნათ.
მეორე ნაბიჯი რწმენისა და ახალი ხედვების გაჩენა და გაძლიერებაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ სიღარიბე, დაუსრულებელი პოლიტიკური კლოუნადის ყურება საქართველოს ბედისწერა სულაც არ არის და რომ უამრავი შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო წარმატებულ და ძლიერ ქვეყნად იქცეს. ამ რწმენის შექმნა ჩვენი და პოლიტიკოსების საქმეა. ქვეყნის უკეთესი მომავლის გზების წარმოჩენის გარეშე ვერავინ მიაღწევს სერიოზულ პოლიტიკურ შედეგს. ეს უნდა დაიწყოს ახალი, პოზიტიური და რეალური პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებით პოლიტიკური პარტიების და დემოკრატიული პოლიტიკური ლიდერების მიერ. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, საერთო და უკეთესი მომავალისათვის უნდა გავერთიანდეთ, სადაც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება სამართალიც და კეთილდღეობაც. გამყოფი კედლების შენებამ მოგვიყვანა იქ, სადაც ვართ, ახლა გამაერთიანებელი ხიდების აშენებაა საჭირო.
ამ ახალ, პოლიტიკურ რევოლუციას ვერ ეყოლება ერთი ფიზიკური ლიდერი და ვერც ერთი პარტია ვერ შექმნის მას ცალკე. ეს უნდა მოხდეს ახალი ხალხის პოლიტიკაში მოსვლითაც, მაგრამ ასევე, უკვე არსებული პოლიტიკოსების ხედვების განახლებით და მათი პარტიების ძირეული რეფორმით. ადამიანებს, როგორც გონიერ არსებებს, შეგვიძლია ჩვენივე ფასეულობების გადაფასება და გვაქვს მორალური რეფორმის უნარი. იგივე შეეხება ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ ქცევასაც. პოლიტიკის ახლებურად დანახვა პოლიტიკური ორგანიზების ახალ შესაძლებლობებსაც მოგვცემს.
თავის ცნობილ წიგნში: „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“, მშვიდობიანი პოლიტიკური წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე ავტორი, ჯინ შარპი წერს, რომ ნებისმიერი ავტორიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მშვიდობიანი პოლიტიკური წინააღმდეგობის სუსტი შესაძლებლობებია: რაც უფრო ძლიერია წინააღმდეგობის შესაძლებლობა, მით ნაკლებია ავტორიტარიზმის შანსი და პირიქით. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული აქტივიზმის გაცოცხლება და ადგილებზე ამუშავება: სოფლებში, ქალაქებსა და რეგიონებში. ყოველი წერილი, ყოველი შეკითხვა, ყოველი პეტიცია და ყოველი პროდემოკრატიული გამოსვლა, რომელიც დაიწერება, წარმოითქმება ან მოეწყობა, ამ საერთო ბრძოლის ნაწილია. სწორედ ასე იქმნება რეალური დემოკრატიული ძლიერება და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური ორგანიზებაა. პროდემოკრატიული ძალების გაერთიანება ილუზიაა, რომელსაც არ უნდა გამოვეკიდოთ. ეს არც შესაძლებელია და არც საჭირო, მაგრამ დემოკრატების კოორდინაცია აუცილებელია, მათივე პრაგმატული მიზნებისთვის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ეს კოორდინაცია მაისის არჩევნებზე უნდა გამოიცადოს და 2020-ის არჩევნებზე სრულად ამუშავდეს.
ასეთი, საერთო ნიადაგის მქონე, მაგრამ დეცენტრალიზებული, თუმცა კოორდინირებული ბრძოლით, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ახალი ბელადების რისკს და ქვეყნის დემოკრატიულ შესაძლებლობებსაც გავაძლიერებთ. ეს ადვილი არ არის, რადგანაც მოითხოვს უფრო მაღალ ინდივიდუალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, დემოკრატიულ ძალებს შორის ნდობას, კარგ კოორდინაციას და ეფექტურ ორგანიზაციას. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. საბედნიეროდ დემოკრატები ამ ქვეყანაში ბევრად მეტნი არიან, ვიდრე სხვებს ჰგონიათ და მათ იმაზე მეტი შეუძლიათ ვიდრე, შესაძლოა, თვითონ ფიქრობენ. ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ გაჩუმება და უმოქმედობა მათ საფრთხეებს კი არ აარიდებს, არამედ უფრო მეტად დაუცველს გახდის მომავალში. თუკი მამუკა ხაზარაძეს ვერ უშველა წინასაარჩევნო მადლობის წერილებმა იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, მით უმეტეს ვერ უშველის ეს სხვებს. იმედია, ბევრი მიხვდება, რომ მადლობის წერილები კი არა, პოლიტიკური პლურალიზმის შესაძლებლობების გაძლიერებაა უსაფრთხოების (მათ შორის კერძო ბიზნესის) და ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი.
მაისში სალომე ზურაბიშვილის მიერ გათავისუფლებული საპარლამენტო მანდატისთვის სატესტო გარბენი გაიმართება და ამით 2019 მალევე გახდება მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო წელი. შეძლებს თუ არა ქვეყანა 2020-ისთვის უკვე დაწყებული პოლიტიკური მარათონი ისეთი ტრავმების გარეშე გაირბინოს, რომლებიც შეჯიბრს საერთოდ ჩამოგვაცილებს, ძალიან მალე გამოჩნდება. ახლა იმის დროა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. სამწუხაროდ, სულ ეს არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში, ეს ყველაფერია.