პირველი რაუნდის გაკვეთილები

კონფლიქტი და პოლარიზაცია პოლიტიკაში გარდაუვალიც არის და აუცილებელიც. ერთიცა და მეორეც, შესაბამის გარემოში და შესაბამისი დოზით, იდეების კონკურენციის და პროგრესის საფუძველია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერალური. სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების კონცენტრაციას ვერ ვეგუებით, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან გვჭირს ჩვენს მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა, რომლებსაც ისე ვექცევით, როგორც პირად მტრებს. განვითარებულმა დემოკრატიულმა საზოგადოებებმა საკუთარ, რთულ გამოცდილებაზე ისწავლეს, თუ როგორ შეეთავსებინათ ერთმანეთისათვის ლიბერალიზმი და დემოკრატია – ეს ერთმანეთთან ხშირად დაპირისპირებული ორი იდეა. ჩვენ შეგვიძლია მათი ისტორიიდან ვისწავლოთ ან საკუთარ გამოცდილებაზე და ძვირად. ეს არჩევნებიც ასეთი, უნიკალური სასწავლო შანსია.

სწავლის ერთ-ერთი სირთულე იმაშია, რომ ერთი და იმავე მოვლენიდან სხვადასხვა გაკვეთილების გამოტანა შეიძლება – გააჩნია რა კითხვებს დასვამ და ვინ გიპასუხებს მათზე. ამიტომ არის, რომ ზოგისათვის მზე იმიტომ ამოდის, რომ ასე სურს იმპერატორს, ხოლო ზოგისათვის კი იმიტომ, რომ მას საკუთარი, იმპერატორის ნებისგან დამოუკიდებელი ორბიტა გააჩნია.

“ქართულ ოცნებას” შეუძლია მისი წარუმატებლობა კომუნიკაციას, კანდიდატის „დამოუკიდებლობას,“ ღმერთის ნებას ან სულაც ტროას ცხენს დააბრალოს, მაგრამ მთავარი პოლიტიკური გაკვეთილი, რაც არჩევნების პირველი ტურიდან მან უნდა გამოიტანოს ის არის, რომ მას ძირეულად აქვს შესაცვლელი ორი მთავარი რამ: პოლიტიკა, რასაც იგი აქამდე ატარებდა და იმ პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა, რომლებიც ამ პოლიტიკას ქმნიდნენ. ასეთი გაკვეთილის შედეგი იდეაში რეფორმირებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში უნდა გამოიხატოს 2020-ში ან უკეთეს შემთხვევაში, კიდევ უფრო ადრე. ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება დასჭირდეს ახალი პოლიტიკური მანდატის თხოვნა იმაზე ადრე, ვიდრე იგი გეგმავდა. ყველა მორალური პოლიტიკოსის ვალდებულებაა ეს მაშინ გააკეთოს, როდესაც ამის საჭიროება დადგება და არა მაშინ, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იქნება. სწორედ ეს განასხვავებს ერთმანეთისგან ნამდვილ პოლიტიკოსს სერიული ავანტიურისტისგან.

რთულად წარმომიდგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი რთული თვით რეფლექსიისა და მასშტაბური პოლიტიკური რეფორმის უნარი გამოავლინოს. უფრო რეალისტური ის არის, რომ მან ის გაკვეთილები მაინც დაინახოს, რომლებიც მისი პოლიტიკური გადარჩენისათვის არის აუცილებელი.

ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია, მედიაზე და არასამთავრობოებზე ზეწოლა, კრიტიკოსების ქვეყნის მტრებად გამოცხადება, ჩრდილოვანი მმართველობა, უარის თქმა მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე, ძალოვანი სისტემის დეპოლიტიზაციაზე, საარჩევნო სისტემის სწორ და დროულ ცვლილებაზე, – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღესვე თუ არა, უკვე ხვალ „ქართულ ოცნებას,“ როგორც პოლიტიკურ გაერთიანებას, სასიცოცხლო რისკების წინაშე დააყენებს. მისი პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ პირველივე წარუმატებლობის პირობებშიც კი ისინი უკიდურესად რთულ პოლიტიკური ვითარებაში აღმოჩნდებიან ზუსტად იმ უთანასწორო გარემოსა და სისტემის გამო, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს და სათავისოდ შეინარჩუნეს. თუმცა იმაზე კი აღარ დაფიქრდნენ, რომ ეს ყველაფერი სულ მალე მათსავე საპირისპიროდ შეიძლება შემობრუნებულიყო.

„ქართული ოცნება“ ახლო მომავალში რისკავს იმ ხაფანგში აღმოჩნდეს, რომელსაც აქამდე იგი თავის ოპონენტებს უგებდა კონფრონტაციული რიტორიკის, პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების და უსამართლო საარჩევნო და სასამართლო სისტემის სახით. ზოგი ალბათ იმასაც შიშობს, რომ ფარცხალაძის სარდაფში ხვალ სულ სხვა ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე: გგონია, რომ მოწინააღმდეგე კედელთან მიაყენე და სინამდვილეში კი თურმე საკუთარ ფეხებში დაიხალე ტყვია. სწორედ ეს იწვევს ერთმანეთზე უარეს განცხადებებს მისი ლიდერების მხრიდან ამ ბოლო დღეებში, რადგანაც ცხადია, რომ პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ცხოვრებაში, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

სტრატეგიულად, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი შეცდომა ის კი არ იყო, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ გაანადგურა (როგორც ზოგიერთი ფიქრობს), არამედ ის, რომ მან „კოჰაბიტაცია“ ზედაპირულად და მოჩვენებითად განახორციელა. ამით მან ეს პოლიტიკურად უკიდურესად აუცილებელი პრინციპი დააკნინა. ახლა კი იგი  მოულოდნელად თავად დადგა პოლიტიკური თანაარსებობის პოტენციური საჭიროების წინაშე.  ამ პარტიის ლიდერებმა უნდა გაიგონ, რომ 600,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ორგანიზაციის ან მისი კანდიდატის „ფაშისტებად“ და „მარგინალებად“ მონათვლით ვერაფერს მოიგებენ და რომ შეუძლებელია ამდენი მოქალაქის მარგინალიზაცია ქვეყნის გახლეჩვის გარეშე.

საკითხის ისე დაყენება, რომ არსებობს ორი საქართველო (ერთი შვილმოკლული რუსთაველის გამზირის თავში დგას, ხოლო მეორე შვილმოკლული – იმავე ქუჩის ბოლოში) და ხალხმა მათ შორის ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, დიდი უზნეობაა. ამ ქვეყნაში ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ადამიანები, ვინც ვხვდებით, რომ ერთი ქვეყანა გვაქვს, რომელიც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთვნით. ამ ქვეყნის მომავლის ასე მარტივად ჩვენთვის ართმევა კი არ გამოვა. სამოქალაქო ომით მოქალაქეების დაშანტაჟება სახიფათო ავანტიურიზმია იმ ქვეყანაში, რომლის პოლიტიკურად აქტიურ თაობას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა და როგორ მოხდა. ზუსტად ვიცი, რომ ისინი, ვინც ამ „ომში“ პირველ ჯარისკაცობას გმირულად იჩემებენ, ნამდვილად წინა რიგებში იქნებიან, ოღონდ თბილისიდან მიმავალ პირველივე ავიარეისზე.

მეორე ტურში ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით ამომრჩევლისთვის ხელის გადაგრეხვა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დიდი შეცდომა აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მან ეს გზა აირჩია. სინამდვილეში ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც მას გამოადგებოდა, იქნება წინასაარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში გადაყვანა, ძალოვანი „ბიჭების“ ამ საქმიდან ჩამოცილება და იმის აღიარება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანებმა შეიძლება სხვასაც დაუჭირონ მხარი. ასეთ არჩევნებში კონსტიტუციურად სუსტი პრეზიდენტის ოფისის დაკარგვის გარისკვა სჯობს თუ ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის გარანტირებული წაგება, ეს თავად „ქართული ოცნების“ არჩევანია და ეს არჩევანი წესით საკმაოდ ცხადი უნდა იყოს. მაგრამ სწორად მოქცევას ის კონფრონტაციული რიტორიკაც უშლის ხელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამძაფრა მეორე რაუნდის წინ: თუკი მეორე მხარეს „ფაშისტები“ არიან, მაშინ რაზე უნდა ესაუბრო მათ, ან როგორ უნდა აუხსნა შენსავე მხარდამჭერებს მათთან თანამშრომლობის საჭიროება? ოპონენტების დემონიზაცია მარტივი, თუმცა მაღალი რისკის სტრატეგიაა: როდესაც ვინმეს მონსტრს დააქმევ, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს თუკი იგი შესაბამისად მოგექცევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის სხვა ლიდერებსა და მხარდამჭერებსაც სჭირდებათ  რიტორიკის შერბილება და იმის გათავისება, რომ ამ ქვეყანაში არის მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელიც მათ შეცდომებს უფრო დიდ წონას ანიჭებს, ვიდრე მათ მიღწევებს და  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ქვეყნის მოღალატეები ან მისი ნაკლებად პატრიოტები არიან. მე არ მინდა არჩევნებში იმ პოლიტიკოსებმა გაიმარჯვონ, რომლებიც მეტად შემაშინებენ. მსურს იმათ გაიმარჯვონ, ვინც იმაში მაინც დამარწმუნებს, რომ აქ ჩემი შვილების გაზრდა ჯერ კიდევ შეიძლება.

დემოკრატია ასეთი სისტემაა: ჩვენ ძალიან არ მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია საერთო სახელმწიფოებრივ სივრცეში არსებობა. ამ საერთო სახელმწიფოს არსებობისათვის საჭიროა ის, რასაც  პოლიტიკური ცივილურობა ჰქვია და იგი მორალური თუ ეთიკური ნორმების დაცვაში, კონსტრუქციულ დებატებსა და სამოქალაქო თანხმობის შენარჩუნებისთვის ზრუნვაში აისახება. პოლიტიკოსებს ხშირად სჭირდებათ მოსახლეობის განწყობების გათვალისწინება, რაც ზოგჯერ პოპულისტური რიტორიკისა და პოლარიზაციის ზომიერ გამოყენებასაც გულისხმობს. მაგრამ მათ ასევე ახალი პოლიტიკური ნორმებისა და პოლიტიკური კულტურის დაცვა და ამაღლებაც ევალებათ – როგორც ლიდერებს, რომელთაც ესმით საკუთარი პასუხისმგებლობის სიმძიმე.

სწორედ ამიტომ მოეთხოვებათ დღეს პირადად გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს იმის წარმოჩენა, რომ მრავალი განსხვავების მიუხედავად, ჩვენ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. ესეც იქნებოდა ჩემთვის იმის მაჩვენებელი, თუ რომელი კანდიდატი უკეთ გაართმევს თავს პრეზიდენტობის სირთულეებს ჩვენს უკიდურესად მაჟორიტარულ და უაღრესად არალიბერალურ ქვეყანაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s