ამომრჩევლის გზამკვლევი 2018 წლის არჩევნებისთვის

რასაც ავირჩევთ, იმას მივიღებთ

ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ იმას, თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პარლამენტი და სასამართლოები. მაგრამ ხვალ გამოჩნდება, მართლაც ვიმსახურებთ თუ არა კარგ პრეზიდენტს, ეფექტურ მთავრობას, გონიერ პარლამენტს და სამართლიან სასამართლოს. ხვალ არის დღე, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც და ზუსტად ისეთ მმართველობას მივიღებთ, როგორც მოვიქცევით არჩევნებზე. თუკი დავრჩებით სახლში და ფეხებზე დავიკიდებთ პოლიტიკას, მაშინ ასევე მოგვექცევა ის ხვალვე. მაგრამ თუკი წავალთ ხმის მისაცემად და თავად შევქმნით პოლიტიკას, მაშინ შანსი გვეძლევა პოლიტიკისგან მეტი მოვითხოვოთ და მივიღოთ კიდეც.

სახლში დარჩენა სუსტი ლეგიტიმაციის პრეზიდენტს ნიშნავს

საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტი ის ხდება, ვისაც არჩევნების მონაწილეთა  ნახევარზე მეტი მისცემს ხმას და არა ის, ვისაც ზოგადად ამომრჩეველთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. მეორე ტურში კი უბრალოდ ხმების უმეტესობაც საკმარისია. შევეცდები აგიხსნათ, თუ როგორ ხდება ეს: საქართველოს კანონმდებლობით ხმები არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობიდან ითვლება (ამაში ასევე არ შედის გაბათილებული ბიულეტენები – მაგალითად ის ბიულეტენები, რომლებშიც ყველა კანდიდატი გადახაზულია). ასე რომ, თუკი ამომრჩევლის 100%-იდან არჩევნებზე ამომრჩევლის 10% მივა და მათგან 6% რომელიმე ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მაშინ ეს კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება – ამომრჩეველთა 6%-ის მიერ. შესაბამისად, არჩევნებზე არ მისვლით, თქვენ ამცირებთ არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელს და ამით არჩევნებში მონაწილეობის საერთო დონეს. ასეთ პირობებში სავსებით შესაძლებელია ისეთი პრეზიდენტი მივიღოთ, რომლის პრეზიდენტად არჩევასაც მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

სახელში დარჩენა და ბიულეტენის გაბათილება სამთავრობო კანდიდატის ირიბი მხარდაჭერაა

ის თუ ვის მისცემთ ხმას, თქვენი არჩევანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს არჩევანი და თქვენი ქცევა არჩევნების დღეს ინფორმირებული იყოს. ამისათვის, უნდა იცოდეთ, რომ სახლში დარჩენით ან ბიულეტენში ყველას გადახაზვით (ანუ ბიულეტენის „გაფუჭებით“), თქვენ ირიბად მხარს უჭერთ მმართველი პარტიის კანდიდატს.

არსებობს ასეთი წინასაარჩევნო სტრატეგია, რომელსაც „ამომრჩევლის დასწრების დათრგუნვა“ ეწოდება და იგი ტრადიციულად ხელს აძლევს ხოლმე მმართველ პარტიებს. ეს იმიტომ, რომ, როგორც წესი, სამთავრობო პარტიებს, ადმინისტრაციული რესურსისა და ფინანსური უპირატესობის გამოყენებით, ბევრად უფრო ადვილად შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაცია, ვიდრე ოპოზიციას. სწორედ ამიტომ საერთო დასწრების დაბალი დონის დროს მთავრობა უფრო ადვილად იმარჯვებს.

ასე რომ, ხვალ თქვენი პოლიტიკური არჩევანია: თუ გსურთ ირიბად დაუჭიროთ მხარი მმართველი პარტიის კანდიდატს, მაშინ შეგიძლიათ დარჩეთ სახლში ან ბიულეტენი გააბათილოთ. მაგრამ თუ ეს არ გსურთ, მაშინ არჩევნებზე უნდა მიბრძანდეთ და ხმა თქვენთვის სასურველ კანდიდატს მისცეთ – ბიულეტენში თქვენი არჩევანის ნათლად შემოხაზვით, ვინც არ უნდა იყოს ეს – არჩევანი თქვენზეა.

ვერავინ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა

თუ გგონიათ, რომ ვინმეს შეუძლია გაიგოს თუ ვის მიეცით ხმა, იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის: ხმის მიცემის ანონიმურობის დარღვევა კი უკანონობაა და თუკი თქვენ არ მოინდომებთ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ შემოხაზეთ საარჩევნო კაბინაში. იცოდეთ, არჩევნებზე პირნათელი თქვენი ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე უნდა იყოს და არა ვიღაც გაიძვერა მაქინატორის, რომელიც შესაძლოა ათასგვარი სისულელით ცდილობდა თქვენს მოტყუებას.

დეალური პოლიტიკოსები არ არსებობენ (თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ ეს)

არ არსებობს იდეალური პოლიტიკოსი და ნუ ელოდებით ასეთს: ასეთები არ ყოფილან, არ არიან და არც იქნებიან. ამიტომ აარჩიეთ არსებული პოლიტიკოსებისგან ის, ვინც სხვებთან შედარებით მეტად მოგწონთ ან მეტად ენდობით. საკუთარ თავს ზედმეტ ამოცანებს ნუ დაუსახავთ.

ყველა ხმა მნიშვნელოვანია

ამ არჩევნებზე ყველა ხმა ფასობს, რადგან არავინ იცის, თუ ვინ გაიმარჯვებს.  წინა არჩევნებზეც ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, სადაც კანდიდატებს ან პარტიებს სულ რამდენიმე ხმა დააკლდათ ბარიერის გადასალახად. შესაძლოა, ეს თქვენი სასურველი კანდიდატიც კი იყო, ან ისეთი ადამიანი, ვინც გინდოდათ პოლიტიკაში გეხილათ.

ხმის მიცემა ადვილია

არჩევნებში მონაწილეობა იოლია და ბევრ დროს არ წაგართმევთ. სავარაუდოდ თქვენ მაქსიმუმ ერთი საათი დაგეხარჯებათ თქვენი ხმის მისაცემად, ეს ხმა კი იმას განსაზღვრავს, თუ რა მოხდება მომავალი 6 წლის მანძილზე. ამრიგად, თუკი პრაქტიკული ადამიანი ბრძანდებით, ეს ძალიან მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოთ თქვენი ქვეყნის მომავალზე, ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თუ მიხვალთ, ვერ გააყალბებენ. ან მერე ძალიან ინანებენ

თუკი ფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდება და „ვისაც უნდა იმას გაიყვანენ“, გეტყვით, რომ ასე არ არის. ამომრჩევლის დასწრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი, რომელიც გაყალბების წინააღმდეგ არსებობს. ძალიან რთულია წაგებული არჩევნები მოგებულად გამოაცხადოს ვინმემ. რაც უფრო მეტნი მივალთ საარჩევნო უბანზე, მით უფრო მეტს გავაკეთებთ გაყალბების წინააღმდეგ.

არ ენდობით პოლიტიკოსებს? ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს!

თუკი თქვენ არ ენდობით პოლიტიკოსებს და გაბრაზებული ხართ მათზე, მაშინ დარჩით ასეთად. პოლიტიკოსები იმსახურებენ არა ნდობას, არამედ კონტროლს; არა სიყვარულს, არამედ კრიტიკას. არჩევნები პოლიტიკოსებზე კონტროლის მოპოვების ყველაზე ძლიერი შესაძლებლობაა და არ ღირს მისი დაკარგვა. ამ კონტროლის მოპოვების ყველაზე ძლიერი იარაღი კი თქვენ ახლა გაქვთ – ეს თქვენი საარჩევნო ბიულეტენია.

ვის ელიან კრემლში?

ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხეები ემუქრება. მათ გამოყარეს ასეულობით ათასი ქართველი სახლებიდან და რეგულარულად იტაცებენ და კლავენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, სანამ ბიულეტენში რომელიმე კანდიდატს შემოხაზავთ, იმაზეც დაფიქრდით, თუ რომელი კანდიდატის არჩევა გაუხარდებათ მოსკოვში ყველაზე მეტად. ჰოდა, ზუსტად იმის საპირისპირო კანდიდატს მიეცით ხმა.

შევხვდებით არჩევნებზე!

2 thoughts on “ამომრჩევლის გზამკვლევი 2018 წლის არჩევნებისთვის

  1. “სანამ ბიულეტენში რომელიმე კანდიდატს შემოხაზავთ, იმაზეც დაფიქრდით, თუ რომელი კანდიდატის არჩევა გაუხარდებათ მოსკოვში ყველაზე მეტად. ჰოდა, ზუსტად იმის საპირისპირო კანდიდატს მიეცით ხმა.”
    დღეს ეს არის უპირველესი კრიტერიუმი ხვალინდელი დღისთვის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s