“პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი.“
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მისი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, არჩევისა და ზოგადად, ფუნქციონირების წესები და ნორმები დიდი ხანია, რაც ხელმოცარული პოლიტიკოსების ფინანსური შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცა. პოლიტიკა საქართველოში ფულის შოვნის ორიგინალური ხელობა გახდა და ის ბევრისათვის ხალხისადმი სამსახურს აღარ წამოადგენს. შევეცდები მოკლედ ავხსნა, თუ რა ხდება ამ სისტემაში, რომელიც ოდესღაც ჩაფიქრებული იყო, როგორც გახსნილი და მაქსიმალურად ლიბერალური საარჩევნო და პოლიტიკური რეჟიმი და რომელიც დღეს მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური კლოუნების გამდიდრების წყარო გახდა. ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა რობინ უილიამსმა მოსწრებულად შენიშნა: „პოლიტიკა ლათინური სიტყვაა, სადაც “პოლის” ნიშნავს ბევრს, ხოლო „თიქს“ კი წურბელებსო“ („Poly“ ბერძნულად მრავალს ნიშნავს, ხოლო “tics” ინგლისურიდან წურბელად ან ტკიპად ითარგმნება). სამწუხაროდ, ეს ფრაზა საქართველოს პოლიტიკურ რეალობას ზედმიწევნით კარგად ასახავს.
ქართველ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას შემოსავლების ორი წყარო აქვს – ეს არის სახელმწიფო და კერძო დაფინანსება. ჩემი ძირითადი ინტერესი ამ სტატიაში სახელმწიფო დაფინანსების საკითხია, ვინაიდან ეს სწორედ ის ფულია, რომელიც ჩვენი ჯიბიდან გაედინება.
ქეში დემოკრატიისთვის?
ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ხმების 3%-სა და მეტს მიიღებენ, ავტომატურად კვალიფიცირდებიან სახელმწიფო დაფინანსების მიმღებად. ასეთ პარტიებს „კვალიფიციურ პარტიებს“ უწოდებენ. ყოველი მათგანი მოქალაქეებისგან ყოველ წლიურად იღებს მინიმუმ 300,000 ლარის დაფინანსებას, რასაც „საბაზო დაფინანსება“ ეწოდება. იმ პარტიებისთვის კი, რომლებმაც არჩევნებზე 6%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ეს დაფინანსება ორმაგდება.
გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით პარტიების დაფინანსება იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენი კანონმდებელი გაიყვანეს პარლამენტში პარტიებმა. ამისათვის სპეციალური ფორმულა არსებობს, რომელიც თვალისწინებს პროპორციული სისტემით არჩეულ 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობას, პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობას, 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობას და იმას, ქმნის თუ არა პარტია ფრაქციას პარლამენტში.
დამატებით, იმ პარტიებს, რომელთა საარჩევნო სიები ისე იქნება დაკომპლექტებული, რომ სიის ყოველ ათეულში სულ ცოტა სამი კანდიდატი ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის იქნება, გაეზრდებათ სახელმწიფო დაფინანსება 90,000 ლარით. აღნიშნული ფინანსური დანამატი იმისათვის შეიქმნა, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისათვის შეეწყო ხელი და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ არც ერთი ის პარტია, რომელიც ამ თანხას იღებს, მას ქალების გაძლიერებისთვის არ ხარჯავს (EECMD, 2017).
ჩვეულებრივი მოქალაქე დღეს ალბათ ხუთი პარტიის სახელზე მეტს ვერც გაიხსენებს, მაგრამ მისი ფულით 2017 წელს 23 პოლიტიკური გაერთიანება დაფინანსდა და ჯამში ამაში ყველამ ერთად 18,812,913 ლარი გადავიხადეთ. საშუალოდ თუ დავთვლით, ეს თითოეული „პარტიისათვის“ 800,000-იანი გრანტია, თუმცა მათი უმრავლესობა სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს.
ზოგადად, პარტიების სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი სამართლიანია: პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც ამომრჩეველთა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნიათ, უნდა მოახერხონ გამართული ფუნქციონირება და ამ მხარდამჭერთა პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. პრობლემა იმაშია, რომ დაფინანსებების მიმღები პარტიები ხშირად უბრალო ფიქციებია, ხოლო შიდაპარტიული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ განიკარგება ეს თანხები, ნაკლებად ექცევა საზოგადოების და მედიის გამადიდებელი შუშის ქვეშ. მაგალითისთვის, თუკი რომელიმე პოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით ახალი ავტომობილი შეიძინოს, (რომელსაც მერე მისი მეუღლე გამოიყენებს), ეს მას თავისუფლად შეუძლია, რადგანაც კანონი მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხები დიდ წილად შიდაპარტიული, „საოჯახო საქმეა.“ დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფოს შეუძლია თანხების ხარჯვა შეამოწმოს, მაგრამ იგი ვერ უკარნახებს პოლიტიკურ ორგანიზაციას იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა დახარჯოს ეს თანხები ან როგორ გამოიყენება პარტიის ქონება მისი ლიდერების მიერ. თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ანაწილებენ ისინი ამ რესურსებს. ამისათვის საკმარისია მათი ლიდერების ქონებრივ დეკლარაციებს შეავლოთ თვალი.
სახელმწიფო დაფინანსებითა და შესაბამისად, მოქალაქეთა ფულით მანიპულირება მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისა ამ დაფინანსებას ხშირად პირადი თუ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ოსტატურად იყენებენ. საკანონმდებლო საქმიანობის ფორმატებით მანიპულირებით პოლიტიკოსები დამატებითი შემოსავლის წყაროებსაც იქმნიან: საპარლამენტო ფრაქციების სახით.
Cash is king. ფული მეფობს (პარლამენტშიც).
სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობა ეფექტურად წარმართონ. ამისათვის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან წარდგენილნი დამატებით დაფინანსებას იღებენ საკუთარი ფრაქციების მუშაობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სარჩევნო კოდექსი ფრაქციაზე დაფინანსებას 300,000 ლარით განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტში რეალურად 4 პოლიტიკური გუნდია: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ლოგიკური იქნებოდა, რომ მათ ასევე 4 ფრაქცია ჰქონდეთ. თუმცა სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად არის.
საქართველოს პარლამენტში დღეს 13 ფრაქციაა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, პარლამენტში არც მეტი არც ნაკლები 8 ფრაქცია აქვს შექმნილი, საპარლამენტო უმცირესობას („ევროპულ საქართველოს“) – 3, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი – თითო-თითო ფრაქცია. ფრაქციის შექმნის უფლება 6 პარლამენტარს აქვს. საგულისხმო შედარებისათვის ჰოლანდიის პარლამენტი შეგვიძლია მოვიშველიოთ. ეს იმიტომ, რომ ვინაიდან ჰოლანდიაში საარჩევნო ბარიერი არ არსებობს, მასში როგორც წესი, ბევრი პარტია ხვდება ხოლმე. ამ პირობებში ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში 13 პარტია და ზუსტად ამდენივე – 13 საპარლამენტო ჯგუფი/ფრაქციაა. საქართველოში კი 4 პარტია 13 საპარლამენტო ფრაქციაშია განაწილებული.
ამგვარი მანიპულაციები ერთგული თანამებრძოლების თანამდებობებით დასაჩუქრებისა და პროცედურული უპირატესობების მოპოვების შესაძლებლობაა. იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც მეტი ფრაქცია აქვთ შექმნილი, უფრო მეტი გამოსვლა და დრო ერგებათ საპარალამენტო დებატებში, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ფრაქციების აპარატები ასევე პარტიული თანამშრომლების დასაქმების, ავტომანქანების დარიგების და ამ გზით მათი დაჯილდოების კარგი შესაძლებლობაც არის.
ფრაქციების ჩამონათვალს თუ გადახედავთ, ისეთებსაც იპოვით, რომელთა შესახებაც ადრე არაფერი გაგიგიათ. ვერც ბევრი მათგანის მიერ გაწეული საკანონმდებლო ძალისხმევის შესახებ მოიპოვებთ რაიმე საინტერესო ინფორმაციას. პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი უბრალო, ცარიელი ნიჟარებია, მაგრამ მათ სხვა, მნიშვნელოვანი ფუნქციაც გააჩნიათ.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა საინტერესო ცვლილება შეიტანა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესში. ამ ცვლილებით პარტია დაფინანსებას იმ პირობებშიც იღებს, თუკი ერთ მაჟორიტარ კანდიდატს მაინც გაიყვანს პარლამენტში და ფრაქციას ჩამოაყალიბებს – ეს კი იმის მიუხედავად, თუ საერთო ხმების რამდენი პროცენტი მიიღო მან, როგორც პარტიამ. საგულისხმოა, აღნიშნული კანონის მოქმედება იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით, მხოლოდ ერთ პარტიაზე გავრცელდა. ამ საკანონმდებლო მანიპულაციის შედეგად „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო,“ იგივე „მრეწველები“, რომელთაც გასულ არჩევნებზე ხმების 0.78% მიიღეს, დღეს ბიუჯეტიდან 600.000 ლარზე მეტ დაფინანსებას იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მის მაჟორიტარ კანდიდატს მოგვიანებით „ქართული ოცნების“ დეპუტატები „შეუერთდნენ“ და მათ ფრაქცია – “ქართული ოცნება – მრეწველები“ – ჩამოაყალიბეს. რა თქმა უნდა, ამას არაფერი შეუცვლია არც პარლამენტის რეალურ ძალთა ბალანსის და შესაბამისად, არც ამომრჩეველთა ინტერესების საკანონმდებლო ორგანოში წარდგენის თვალსაზრისით: „ქართული ოცნება – მრეწველები“ არაფრით განსხვავდება უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციებისაგან. სხვა მხრივ კი შედეგები საგრძნობი იყო: საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი ფრაქცია შეემატა; პარტიას, რომელსაც ამომრჩევლის სულ რაღაც 0,78% (13, 788 ამომრჩეველი) უჭერდა მხარს, სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება დაენიშნა. ამის შედეგად, მათ სახელმწიფო დაფინანსების ოდენობით მცირედით გადაუსწრეს „თავისუფალ დემოკრატებს“ (რომელთაც ამავე არჩევნებზე თითქმის ხუთჯერ მეტი: 81,464 ხმა (4,63%) მოაგროვეს) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაც მოიპოვეს – დესერტად.
დაფინანსების სისტემის ამგვარი მანიპულირებით, ამომრჩევლის პოლიტიკური ნების დამახინჯება მისგან დაფარულად ხდება. ეს არ არის საარჩევნო ხმების გაყალბების უხეში მეთოდი, ასეთები უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება. ეს არის მოკავშირეების და სატელიტების გაძლიერების და მოწინააღმდეგეების დასუსტების ირიბი გზა, რაც საზოგადოებისათვის ხშირად შეუმჩნეველი და გაუგებარი საკანონმდებლო მანევრებით ხორციელდება და რეალურად საზოგადოების დემოკრატიული არჩევანის დეფორმაციას ახდენს.
შეჯიბრი ყურადღებისთვის
სახელმწიფო დაფინანსებით მანიპულირება ამით და აქ არ მთავრდება. პოლიტიკოსებსა და მათ პარტიებს ასევე სჭირდებათ დამატებითი ფინანსები წინასაარჩევნო კამპანიისათვის. პოლიტიკური პარტიები დამატებით თანხებს იღებენ სატელევიზიო რეკლამისათვის, რომელიც თითოეული კვალიფიციური სუბიექტისათვის განსაზღვრულია, როგორც არა უმეტეს 600,000 ლარისა. ესეც პრინციპის დონეზე გასაგებია: იმისათვის, რათა არ შეიქმნას უკიდურესად უთანასწორო წინასაარჩევნო გარემო, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პარტიას ამომრჩეველთან ურთიერთობისა და საკუთარი აზრის მასთან მიტანისათვის საჭირო რესურსები ჰქონდეს.
სულ მცირე ხნით გვერდით გადავდოთ დაფინანსების წყაროების საკითხი და ვიკითხოთ, თუ რაში იხარჯება სინამდვილეში ეს ფული? პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დანახარჯების უდიდესი ნაწილი რეკლამაზე მოდის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით 2017 წელს პარტიებმა 39,490,699 ლარი დახარჯეს, საიდანაც რეკლამაზე 20,023,363 ლარი დაიხარჯა. თუკი წინასაარჩევნო პერიოდის კამპანიებს ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მედია (და პოლიტიკური) გარემო უკიდურესად პოლარიზებულია, რაშიც უდიდესი წვლილი მტრულ წინასაარჩევნო რიტორიკას შეაქვს. რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია აქედან? ჩემი აზრით ნათელია, რომ პოლიტიკოსები, ჩვენივე ფულს ჩვენსავე ერთმანეთთან დაპირისპირების გამძაფრებაში ხარჯავენ. ის, რაც მათთვის წინასაარჩევნო ტაქტიკა და „მესიჯ ბოქსია“, სინამდვილეში ჩვენს საზოგადოებრივ ერთობას ძირს უთხრის.
სატელევიზიო რეკლამისათვის საჭირო თანხების ხარჯვა თითქოს კანონითვე რეგულირდება. პარტია ვალდებულია რეკლამის არანაკლებ 15% შვიდ რეგიონულ (არა ეროვნულ) მაუწყებლებში განათავსოს, ხოლო აუთვისებელი თანხები სახელმწიფოს დაუბრუნოს. მაგრამ ის, თუ რამდენად ეფექტურია მისი აღსრულება და რამდენად არსებობს კორუფციული გარიგებებისაგან დაზღვევის მექანიზმი, ეს სრულიად სხვა საკითხია. იმ პირობებში, როდესაც არაფორმალური გარიგებები მედიასა და პარტიებს შორის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი გარიგებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ფულს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ტელევიზიასა და საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, ჩვენს ფულს უკავშირდება, ცნობილია „ტექნიკური კანდიდატების“ სახელით.
„ტექნიკური კანდიდატები“
რას ნიშნავს ტექნიკური კანდიდატი? ტექნიკური კანდიდატი არის პოლიტიკური ნული. ის შეიძლება ცნობილი და პატივსაცემი ან სრულიად უცნობი ადამიანი იყოს, მაგრამ მისი საარჩევნო წონა სრულიად უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, თუკი ასეთი კანდიდატი ახერხებს რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების მოგროვებას (ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ), იგი ისევე ისარგებლებს სატელევიზიო რეკლამისათვის გამოყოფილი უფასო დროთა და შესაბამისი ფინანსური რესურსებით, როგორც ნებისმიერი სხვა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსი. ტექნიკური კანდიდატების დანიშნულება იმაში გამოიხატება, რომ მათ საკუთარი დრო სხვა კანდიდატების მხარდასაჭერად ან რომელიმეს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
შესაბამისად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამ კანდიდატებსაც ვუხდით ფულს, ისინი კი ამ დროსა და ფულს სულ სხვა კანდიდატებს თუ პარტიებს ახმარენ, რომელთა დაფინანსების ფული ჩვენ ასევე გადახდილი გვაქვს. ამიტომ არის, რომ თუკი დააკვირდებით კანდიდატების სარეკლამო რგოლებს ტელევიზიით, აუცილებლად დაინახავთ წვრილი შრიფტით აღნიშნულ, თქვენთვის სრულიად უცნობი პოლიტიკოსის სახელსა და გვარს, რომელიც არა საკუთარი, არამედ სხვა პოლიტიკოსის მხარდამჭერ ან მისი სარეკლამო ხაზის გამტარებელ რგოლებს უჩვენებს. ასეთი „ტექნიკური კანდიდატები“ მანიპულირებას არა მხოლოდ სარეკლამო დროით ახდენენ. მათი წარმდგენი „პარტიები“ ასევე იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას საკუთარი წარმომადგენლების ხელფასის ასანაზღაურებლად საარჩევნო უბნებზე. ცნობისათვის, 2017 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კომისიებში მივლინებული წარმომადგენლების, სატელევიზიო რეკლამის დამზადება-ეთერში გაშვებისა და საარჩევნო კამპანიის ფონდების დაფინანსებისთვის სახელმწიფომ რეგულარულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით 9,385,000 ლარი გაიღო.
სამწუხაროდ, ხშირად ის პოლიტიკოსებიც კი, რომელთაც არსებული ვითარება არ მოსწონთ, იძულებულნი არიან გამოიყენონ ასეთი საკანონმდებლო ხვრელები, ვინაიდან თუკი ამას არ გააკეთებენ, მათ არ აქვთ იმის გარანტია, რომ მოწინააღმდეგეც ასე მოიქცევა და ისინი კარგი საქციელის გამო უთანასწორო ვითარებაში არ აღმოჩნდებიან. ასეთი მანიპულაციებით ფინანსურად შედარებით სუსტი პარტიები იმ ასიმეტრიისასთან გამკლავებასაც ცდილობენ რაც, ძირითადად მმართველი პარტიის უდიდესი ფინანსური უპირატესობის შედეგია ხოლმე. როგორც წესი, საქართველოში არჩევნების დროს მმართველი პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად აღებული. სისტემა, რომელიც მასშტაბური ფინანსური ასიმეტრიებისა და საკანონომდებლო მანიპულაციის ასეთ შესაძლებლობებს ქმნის, თავიდანვე უთანასწორო პოზიციაში აყენებს მათ, ვისაც პოლიტიკის ეთიკური და ზნეობრივი ნორმების ფარგლებში კეთება უნდა. ასეთ მდგომარეობას, პოლიტიკურ მეცნიერებაში „ტუსაღის დილემას“ უწოდებენ: როდესაც არ არსებობს ნდობა, რომ ყველა მოთამაშე კანონისა და ზნეობის ფარგლებში მოიქცევა, ჯამში ყველანი ვზარალდებით. ეს ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ, საზოგადოება ვართ.
Pecunia non olet
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოში 3,637 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ცდილობს ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყავდეს თითო უბანზე. მაგრამ ასეთი, პარტიის მიზნებისა და ფასეულობებისადმი ერთგული, გამოცდილი და ლოიალური ათასობით წევრი საქართველოს არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ჰყავს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ პარტიას არჩევნებზე არა მხოლოდ წარმომადგენლები, არამედ მოხალისეები, აქტივისტები და სხვა უამრავი ფუნქციის შემსრულებელი ხალხიც სჭირდება. ეს არის რესურსი, რომლის მობილიზების შესაძლებლობის მქონე პარტია საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და დღის წესრიგში დგება ასეთი ხალხის დაქირავების საჭიროება.
შესაბამისად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა კომისიებში წარმომადგენლების მანკიერი სისტემა და ტრადიცია, სადაც პარტიული წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ პირობითად, ტექნიკურად არიან „პარტიულები.“ არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნის დაგროვებას დრო და გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად პარტიულ „წარმომადგენელთა“ ჯგუფი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, საკმაოდ მონოპოლისტურ პოზიციაშია. სინამდვილეში ისინი საკუთარ სერვისებს ნებისმიერ პარტიას სთავაზობენ ან მას, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის. ამიტომაც, ხშირად ერთი და იგივე ადამიანი ხან ერთი პარტიის, ხან კი მეორის წარმომადგენლად გვევლინება კომისიებში. ბუნებრივია, ასევე ხშირად გვესმის პარტიების საყვედურები იმაზე, რომ წარმომადგენლებმა „დააღალატეს“, რომ ისინი „სხვის მხარეს გადავიდნენ“ და სხვა.
ეს ყველაფერი ცოტა უფრო ნაკლებად პრობლემური იქნებოდა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამაშიც ფულს რომ არ ვიხდიდეთ. თითოეული რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატი ან არჩევნებში მონაწილე პარტია მინიმუმ 100 ლარს იღებს თითოეულ ასეთ წარმომადგენელზე. გარდა ამისა, ის თუ რა პრინციპით, რამდენად სამართლიანად და რამდენად არაფორმალური გარიგებების გარეშე ნაწილდება ეს თანხები, ჩვენთვის უცნობია და დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
ვის მხარესაა პრემიერ-მინისტრი?
რამდენიმე კვირის წინ კურიოზული ფაქტი მოხდა. ერთ-ერთი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები აღმოჩნდა. ამ ეპიზოდმა საყოველთაო მხიარულებაში ჩაიარა, მაგრამ ის ფრიად საგულისხმო იყო იმ მხრივ, რომ ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი პრობლემა გამოავლინა. კერძოდ ის, რომ მხარდამჭერთა სიების შექმნა დიდ წილად ფიქციაა და რეალური კავშირი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერასთან არ აქვს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმების ეფექტურ მექანიზმს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირის ხელმოწერის ბათილად ცნობა კი შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, როგორც ამას ჩვენი საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, „ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა.“ ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ არარეალურია. კომისიას არ აქვს ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მექანიზმი, და არც ჩვენ, ამომრჩევლებს გვაქვს რაიმე წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი პარტიისა და კანდიდატის მხარდამჭერ სიაზე გვაქვს “ხელი მოწერილი”. ასე რომ, თუკი ისე არ მოხდა, როგორც პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიებში ჩვენი თავის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თეორიულად, ოდესღაც შეგროვებული მხარდამჭერთა სიების ასლებიც კი საკმარისია ახალი პოლიტიკური ძალის ან ახალი კანდიდატის მხარდამჭერთა ვრცელი სიის შესაქმნელად. სავარაუდოდ, ეს საკმაოდ სარფიანი საქმეც უნდა იყოს. რაც ნამდვილად ცხადია, ისაა, რომ ამ ყველაფერს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
არჩევნები ნისიად
საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში შესაძლებელია, რომ კანდიდატმა საბანკო კრედიტი აიღოს საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად. იდეაში, თითქოს ესეც სწორია: პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოზე, თანაც, ზოგიერთ კანდიდატს შესაძლოა არ ჰქონდეს კამპანიისათვის საჭირო მინიმალური რესურსები, ან პრინციპულად არ სურდეს სახელმწიფოს ფულის მიღება. ასეთ ალტერნატივა ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც არსებობს: მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ სამაგიეროდ გქონდეს სრულიად გამჭვირვალე ინფორმაცია კამპანიის დონორების შესახებ, ან უარი თქვა ამაზე და არ გაასაჯაროვო ინფორმაცია დონორების შესახებ.
ამ თითქოსდა გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას საქართველოში თავისი უცნაურობები ერთვის. უპირველეს ყოვლისა, ის კრედიტები და მისი პირობები, რასაც კანდიდატები ან პარტიები სხვა ქვეყნებში იღებენ როგორც წესი საჯაროა და სესხების შეღავათიან პროცენტში მიღება ყურადსაღებ ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. რაც მთავარია, მათ სრულად გადახდაზე ძირითადად სახელმწიფო კი არა, თავად პარტია, კანდიდატი ან მისი მხარდამჭერები არიან პასუხისმგებელნი. საქართველოში კი იმ კანდიდატებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე 10% იან ბარიერს გადალახავენ, სახელმწიფო დამატებით 1,000.000-მდე ლარს უხდის წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, მათ შორის, თუნდაც საბანკო კრედიტის დასაფარად. გამოდის, რომ ჩვენ, ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ვიხდით იმ ვალებს (მათ შორის საბანკო პროცენტებს), რომელიც ამ პოლიტიკოსმა იმ იდეების განსახორციელებლად აიღო, რომელთაც შესაძლოა კატეგორიულად არ ვეთანხმებოდეთ. მაგალითისთვის, სალომე ზურაბიშვილის მილიონიან კრედიტს, რომელიც მან ბანკ „ქართუსგან“ მიიღო, მისი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთნაირად გადაიხდიან.
ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მაგალითის წაკითხვის შემდეგ ალბათ თქვენ აღარ გაგიჩნდებათ შეკითხვა იმაზე, თუ რა ძალა ადგას ამა თუ იმ კანდიდატს ან პარტიას, რომელსაც არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღწევის თეორიული შანსიც კი არ გააჩნია, ისეთ უმადურ საქმეში მიიღოს მონაწილეობა, როგორიც ქართული პოლიტიკაა. სინამდვილეში კი ეს საქმე სულაც არაა უმადური და მოტივიც სრულიად ბანალურია: პოლიტიკური საქმიანობა სარფიანი ხელობაა. საკმარისია გაერკვე კანონმდებლობის ამ ხვრელებში (რომლებიც ხშირად განგებ იქმნება), შეისწავლო მარტივი ტექნიკა, შეიგულო რამდენიმე ერთგული ბიზნესპარტნიორი და კარგად მოახერხო ქვეყნისათვის თავგადადებული კაცის როლის მორგება. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მილიონებისკენ გზა იოლად გაიხსნას.
შექმნილი ვითარებით და ამ შესაძლებლობებით, სხვადასხვა დოზითა და ფორმით პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა სარგებლობს საქართველოში ისევე, როგორც ოდიოზური, „მარადმწვანე“ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც სისტემის ნამდვილ წურბლებად იქცნენ. ამავე მიზეზების გამო უკიდურესად რთულია არსებული პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის შეცვლა. საქმე განა მართლა პოლიტიკურ პრინციპებში ან ფასეულობებშია. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია და ხშირად მხოლოდ ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებისთვისაა გამიზნული. ქართული სინამდვილეში პოლიტიკურად უკიდურესად წარუმატებელი კამპანიაც კი ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ახლა პოლიტიკური ორგანიზაციების, კანდიდატებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მხოლოდ ოფიციალურ და სახელმწიფო წყაროებზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, საქართველოში ძალზედ მნიშვნელოვანია პარტიებისა და კანდიდატების კერძო ბიზნესის მიერ დაფინანსება. ქართული პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით კი, ისე ხდება ხოლმე, რომ ქართული ბიზნესი საუკეთესო პოლიტიკურ ძალად მხოლოდ იმას მიიჩნევს, რომელიც ხელისუფლებაშია. სწორედ ასეთი პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდებიან ხოლმე ბიზნესისა (და ქვეყნისთვის) იდეალური პოლიტიკური პროგრამის გამტარებლები, რომლის რეალიზაციაშიც ჩვენი კერძო სექტორი უშურველად და უანგაროდ დებს ფულს. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნე, მმართველი პარტიები იმაზე მეტ ფულს ხარჯავენ არჩევნებზე, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად აღებული. არც არსებული არჩევნებია გამონაკლისი. ამ ბლოგის გამოქვეყნების დღისათვის მმართველი პარტიის კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს 2,127,000 ლარი აქვს მიღებული, გრიგოლ ვაშაძეს – 470,000, ხოლო დავით ბაქრაძეს – 434,000 ლარი. დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულობები კი სტატისტიკურად უმნიშვნელოა.
რაც არ უნდა ვთქვათ ქართულ ბიზნესის ალტრუისტულ თავისებურებებზე, რომელიც მუდმივად აფინანსებს “კარგ” (ანუ მმართველი პარტიების) იდეებს პოლიტიკაში, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვალებს გადახდა უნდა. როდესაც ისინი პოლიტიკოსებს ამდენ ფულს აძლევენ, ბუნებრივია, შედეგსაც ითხოვენ, რაც შესაბამისი შეღავათების, სახელმწიფო დაკვეთების, პირდაპირი შესყიდვების, გადასახადების ჩამოწერის და სხვა საჩუქრების სახით უბრუნდებათ უკან მას შემდეგ, რაც მათი მიერ ნაყიდი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოვლენ. ამის ფასსაც ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით, ვინაიდან პრეფერენციულ რეჟიმში მყოფი ბიზნესები პროდუქციისა და სერვისის ხარისხსაც აგდებენ და მონოპოლისტურ პოზიციებსა და ფასებსაც ინარჩუნებენ ბაზარზე – სწორედ იმიტომ, რომ მათ მმართველი გუნდები უმაგრებენ ზურგს (ხშირად კი თავად არიან პარლამენტის წევრები, ძირითადად მმართველი პარტიიდან) და ამიტომ, კონკურენციის ნაკლებად ეშინიათ. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ვიღაც გადასახადებს აღარ გადაიხდის, თუკი ქალაქები ისევ ბეტონდება, ისევ იჩეხება ხეები და მუშები ისევ ცვივიან ხარაჩოებიდან. ეს იმიტომ, რომ ქართველი პოლიტიკოსები დიდ წილად ფულის ტყვეობაში რჩებიან და გადაწყვეტილებებს მათ სპონსორებთან აღებული ვალდებულებები კარნახობს და არა ის დაპირებები, რომლითაც ხალხს ესაუბრებიან ხოლმე.
როგორ დავეწიეთ და გავასწარით ნორვეგიას
საქართველოს პოლიტიკური პარტიები და მთლიანობაში საქართველოს საარჩევნო სისტემა რეკორდულ თანხებს ხარჯავს არჩევნებზე. მართალია, დემოკრატია არ არის იაფი პოლიტიკური სისტემა და შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი და გარდაუვალი ხარჯებია იმისათვის, რათა დემოკრატიულ ან ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში მაინც ვიცხოვროთ. მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლო ხარჯვის მასშტაბის და პროპორციების კიდევ უფრო ნათლად დასანახად, რამდენიმე მაგალითს მოვიშველიებ.
საქართველოს მოსახლეობის 22% ანუ დაახლოებით 820,000 ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (მსოფლიო ბანკი, 2017). ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების შემოსავალი დღეში 2 აშშ დოლარზე ანუ 5 ლარზე ნაკლებია. ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 0.83% იღებს 100,000 ლარზე მეტ შემოსავალს და მოსახლეობის 98% ყოველდღიურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ იკმაყოფილებს ადვილად (UNICEF, 2015). ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას მათემატიკური და ანალიტიკური უნარები საშუალოზე დაბალი აქვს და ქვეყნის საერთო მაჩვენებელი ამ მხრივ საგანგაშო სურათს გვიჩვენებს (PISA 2015). იმ 12,5 წლიდან, რომელსაც მოსწავლეები სკოლებში ატარებენ, 3,6 წელი დაკარგულად ითვლება სწავლების ხარისხის უკიდურესად დაბალი დონის გამო (მსოფლიო ბანკი, 2018). თბილისის ჰაერი რომ მომწამლავია, ამას ყველა ვგრძნობთ; საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტრის ჯარი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია განლაგებული.
საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნორვეგიაში კი – 5,2. მილიონი. ორივე მცირერიცხოვანი ერი ვართ. მაგრამ მსგავსებები აქ მთავრდება: გარდა მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობისა, საქართველო და ნორვეგია ერთმანეთს მეტი არაფრით ჰგავს. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ნორვეგია კი ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა. გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანური განვითარების ინდექსში, რომელიც სახელმწიფოების განვითარების მნიშვნელოვან მაჩვენებლებს ზომავს, ნორვეგია პირველ, საქართველო კი 70-ე ადგილზეა. საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2017-ში 15,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ნორვეგიის მშპ თითქმის 25-ჯერ მეტი – 398,8 მილიარდი იყო. საშუალო ნორვეგიელის შემოსავალი 2017 წელს 75,504 დოლარს შეადგენდა, ხოლო საქართველოს მოქალაქისა მასზე დაახლოებით 18-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ სულ რაღაც 4,067 აშშ დოლარს შეადგენს. და აი, ასეთი მკვეთრი განსხვავებების ფონზეც კი ჩვენი ქვეყანა ახერხებს არა მხოლოდ დაეწიოს, არამედ გაასწროს კიდეც ნორვეგიას, ერთად-ერთი მაჩვენებლით – პოლიტიკური პარტიების დანახარჯებით.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა (ოფიციალურად) 27,270,568 ლარი დახარჯეს. ამავე წელს, გაჭირვებულმა ნორვეგიელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 67,3 მილიონი კრონი ანუ სულ რაღაც 21,674,000 ლარი გაიმეტეს. გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები იმდენად კმაყოფილნი ვართ ჩვენი პოლიტიკოსების საქმიანობით, რომ ჩვენი მწირი ეროვნული შემოსავლის დიდ ნაწილს უპრობლემოდ ვჩუქნით მათ. აი, ნორვეგიელებს კი, როგორც ჩანს არ ჰყავთ ჩვენსავით ეფექტური პოლიტიკოსები. ალბათ ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ თუკი მშპ-სთან პროპორციაში შევხედავთ, ღარიბი ქართველები 32-ჯერ მეტს ვიხდით პოლიტიკოსებში, ვიდრე მდიდარი ნორვეგიელები.
ეს უცნაურობა სინამდვილეში საკმაოდ კანონზომიერია. ხშირად კავშირი მმართველობის ხარისხსა და პარტიებისა და პოლიტიკოსების დანახარჯებს შორის უკუპროპორციულია: რაც უფრო მეტს ხარჯავენ პარტიები და პარლამენტარები, მით უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და პირიქით. მაგალითად, ნიგერიის პარლამენტარებს, ქვეყნის საშუალო შემოსავალთან შედარებით 116-ჯერ მაღალი უფრო მაღალი ხელფასები ჰქონდათ. უფრო საერთაშორისო პერსპექტივისათვის მარტივად შეგვიძლია ერთი მხრივ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმავე ნორვეგიას და კიდევ შვედეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს, ანუ ევროკავშირის 5 სახელმწიფოს შევადაროთ. ხუთივე ეს ქვეყანა ერთად აღებული უფრო ნაკლებს ხარჯავს პოლიტიკურ პარტიებზე, ვიდრე ისეთი ღარიბი და კორუმპირებული სახელმწიფოები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველოა.
ისიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთ ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, ოფიციალურ დანახარჯებთან ერთად ეგრეთ წოდებული „შავი ფულიც“ არანაკლებ როლს ასრულებს. „შავი ფულის“ მოცულობის ზუსტად გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ ადვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი წილი რეალურ პოლიტიკურ დანახარჯებში საკმაოდ მნიშვნელოვანია და პარტიების რეალური დანახარჯები კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს.
თუმცა საკუთარ (ოფიციალურ) ხარჯებს დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ 27 მილიონი ლარი, რაც ქართულმა პარტიებმა 2017 წლის არჩევნებზე დახარჯეს, ძალიან ბევრი ფულია. მხოლოდ ამ თანხით 150 სტუდენტის, ანუ მთელი საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო დეპუტატთა სრული რაოდენობის ჰარვარდში ან პრინსტონში განათლების დაფინანსება შეგვეძლო. შეგვეძლო მრავალი ისეთი ავადმყოფის გადარჩენა, რომელიც უფულობის გამო დაიღუპა და ბევრი ისეთ ახალი ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რომელიც მრავალ გონიერ ადამიანს დაასაქმებდა და ქვეყანას დიდად წაადგებოდა.
მრავალ ევროპულ დემოკრატიაში საკმაოდ გონივრული ლიმიტებია იმ მაქსიმალურ ხარჯებზე, რაც პარტიებმა ან კანდიდატებმა შეიძლება გასწიონ. ზოგ ქვეყანაში, რომელშიც ასეთი შეზღუდვები არ არსებობს, თვითრეგულაცია, რეკლამაზე, იურიდიული პირების მხრიდან შემოწირულობებსა თუ სხვა წყაროებზე შეზღუდვები მოქმედებს, რაც არჩევნების ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. საფრანგეთში, რომლის მოსახლეობაც 67 მილიონამდეა და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2,5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს არ შეეძლოთ 21.8 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა, რაც დაახლოებით 66,272,000 ლარია. საქართველოში კი წინასაარჩევნო ხარჯების ჭერი ძალიან მაღალია და ის პრაქტიკულად შეუზღუდავია. გარდა ამისა, ჩვენთან არც პარტიების თვითრეგულაცია მოქმედებს და არც სხვა ისეთი შეზღუდვები, რაც ფულის პოლიტიკაზე გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
საქართველოში თეორიულად ნებისმიერ პარტიას შეუძლია წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ი, ხოლო საარჩევნო წელს კი – 0.2% დახარჯოს, რაც გასულ წელს დაახლოებით 76 მილიონ ლარს შეადგენდა. სინამდვილეში, ეს იმხელა თამასაა, რომ ჩვენისთანა ქვეყნისათვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ეთიკური და მორალური მოსაზრების გამოც. ჩვენთან კი ამაზე, რა თქმა უნდა, არავის უფიქრია, რადგანაც ის, ვისაც უნდა ეფიქრა, თავად არის ამ სისტემის მთავარი ბენეფიციარი.
შეჯამებისთვის
პარტიებისა და პოლიტიკოსების, მათი საარჩევნო კამპანიებისა და საპარლამენტო საქმიანობის გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსება სწორი და აუცილებელი საქმეა. ჩვენ, მოქალაქეები ამით თანაბარ კონკურენციას უზრუნველვყოფთ და ასევე იმას, რომ პოლიტიკური პარტიები, დეპუტატები თუ პრეზიდენტები საზოგადო და არა ვიწრო ან ვინმეს კერძო ინტერესებს ემსახურებოდნენ. სახელმწიფო ფულს თან უფრო მაღალი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უნდა მოსდევდეს. მაგრამ ქართული პოლიტიკური სისტემა ასეთი მხოლოდ იდეაშია. რეალურად იგი იმდენად ადვილად მანიპულირებადია, რომ ამას ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსებიც კი ადვილად ახერხებენ. ამ სისტემის რადიკალური რეფორმა აუცილებელია, თუკი ჩვენ გვსურს პოლიტიკური ინსტიტუტების, სისტემისა და კულტურის გაჯანსაღება.
არსებული მანკიერი პოლიტიკური სისტემის შეცვლის და არჩევნებში ფულზე მოთხოვნის რადიკალური შემცირების გარეშე მიამიტობა იქნება დაიმედება, რომ ოდესმე ქვეყნისათვის გულანთებული ახალი ადამიანები მოვლენ პოლიტიკაში. იმ ვითარებაში, როდესაც მთელი სისტემა, მისი ძირითადი მოთამაშეების ჩათვლით, ორიენტირებულია კორუმპირებული სტატუს – კვოს ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაზე, ეს ამოცანა უკიდურესად რთულდება.
არ მეგულება ვინმე, ვისაც მსუბუქი გულისრევის შეგრძნება მაინც არ აქვს არსებული პოლიტიკური ვითარებისა და წინასაარჩევნო გარემოს შემყურე. ჩვენ აღარც კრიმინალური გარიგებების გვიკვირს, არც სარდაფში ხალხის დამწყვდევის, არც ფარული ჩანაწერების, არც ჩანაწერებში მოსმენილის და აღარც ძალადობის. მაგრამ ყველაზე მძიმე და ირონიული ამ რეალობაში ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩვენივე ფულით კეთდება – იმ ფულით, რომელიც ჩვენი შვილების განათლებას, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობას და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ქვეყნის უსაფრთხოებას უნდა მოხმარებოდა.
საქართველოს სინამდვილეში პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას შორის საზოგადოებრივი კონტრაქტი დიდი ხანია დაირღვა და მოსახლეობის უმრავლესობისა დიდი ხანია აღარავის ესმის. ამიტომაც არის საჭირო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ამ საკითხებზე და შედეგად ჯანსაღი, პროგრესული და პროდემოკრატიული პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების ზეწოლის გაძლიერება არსებული საარჩევნო და პოლიტიკური რეჟიმის შესაცვლელად.
საჭირო, კარგი სტატია, კარგადაც ახსნილი – მადლობა 🙂
რაღაცეებზე შეგედავებოდით 🙂 მაგ. “აღნიშნული ფინანსური დანამატი იმისათვის შეიქმნა, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისათვის შეეწყო ხელი და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.” და “ზოგადად, პარტიების სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი სამართლიანია”
დიდებული ნამუშევარია, უბრალო და გასაგები ენით დაწერილია, ძალიან მომეწონა და მინდა მასამ გაიგოს რაც ხდება, რომ შემდეგ მოითხოვონ მმართველებისგან – გაფეტიშებული პოზიციების დათმობა, რაც მოტივირებულ ახალგაზრდებს ფსიქიკას არ დაუმახინჯებს საბჭოთა კომკავშირლებივით, პარტიულ ნომენკლატურად ჩამოყალიბების სურვილს არ აღუძრავს და თავიანთ ენერგიას პოლიტიკაზე უკეთეს საქმეებში გამოაყენებინებს….
უღრმესი მადლობა, ეს სტატია ყველამ უნდა წავიკითხოთ და გავიაზროთ.. უკლებლივ!