სამუშაოს აღწერილობა
სამუშაო გარემო:
ჩვენ მივეჩვიეთ პოლიტიკოსების ტყუილებს და იმას, რომ სიცრუე კომუნიკაციის ფორმა გახდა. ჩვენი საზოგადოება ასეც შეიძლება დავყოთ: ერთი ძალიან პატარა, მაგრამ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც სულ იტყუება და მეორე, უმრავლესობა ანუ ხალხი, რომელიც აღარ ბრაზდება. ის უბრალოდ, უწყინრად ერთობა ამ ტყუილების ანატომიით.
სიცრუის ამ ფოიერვერკში ერთ-ერთი დიდი ტყუილი ისიც არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უმნიშვნელო გახდა და რომ მას მხოლოდ ცერემონიული როლი შერჩა. სხვა სიტყვებით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ეს რომ ასე არაა, ამისათვის სულ ცოტა ხნით დაფიქრება გვჭირდება და რამდენიმე კითხვის დასმა: ვინ ირჩევს პრეზიდენტს? ვინ წარმოადგენს საქართველოს ხალხს? ვინ არის უპირველესი მხედართმთავარი? მოდით ამ და რამდენიმე კითხვას ერთად ვუპასუხოთ და ამას დავარქვათ პრეზიდენტის სამუშაოს აღწერილობა.
ვინ ირჩევს პრეზიდენტს? ჩვენ, ხალხი და შესაბამისად მას ექნება ყველაზე მაღალი ნდობის მანდატი ქვეყანაზე. – უფრო ძლიერი, ვიდრე საპარლამენტო პარტიებს, უფრო მაღალი, ვიდრე პარლამენტის რომელიმე დეპუტატს ან მათ გაერთიანებას და ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს, იმის მიუხედავად თუ რამხელა სახლში ცხოვრობს ის. პრეზიდენტი, მისი ოფისისა და სახალხო ნდობის მასშტაბით, დგას ყველაზე მაღლა. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაზე, ის ერთად-ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ისაუბროს საქართველოს მოსახლეობის სახელით. და აი ეს: შესაძლებლობა ისაუბრო ხალხის სახელით არის მისი ყველაზე დიდი უფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი პრივილეგია.
პრეზიდენტს შეუძლია ისაუბროს კანონებზე, პრეზიდენტს შეუძლია ისაუბროს პოლიტიკაზე და შეუძლია ესაუბროს სხვა პრეზიდენტებს. მას ასევე შეუძლია შექმნას პოლიტიკური ნორმები, პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტები და პოლიტიკოსის ახალი სახე საქართველოში. ამ მხრივ, პრეზდენტი ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი იქნება საქართველოში. ანუ ჩვენ, ოქტომბერში ავირჩევთ ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ჩვენი კოლექტიური სახე. ეს კი, უმნიშვნელო საკითხი სულაც არაა.
საქართველო ოკუპირებულია. მისმა სამხედროებმა თავი იმისათვის გასწირეს, რომ დაეცვათ მთელი ქვეყანა რუსეთის ხელში აღმოჩენისგან, გადაერჩინათ ჩვენი ოჯახები რუსების ძალადობისგან და ეხსნათ ჩვენი შვილები საბჭოთა კავშირში გაზრდისგან. ჩვენ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენს სამხედროებს, ისეთი მხედართმთავარი სჭირდებათ, რომლის იმედიც მათ ყოველთვის ექნებათ: ომშიც და მშვიდობაშიც. მხედართმთავარსაც უნდა ჰქონდეს ჯარის იმედი და ეს იმედი საჩუქრად არ მოდის, იგი წლების განმავლობაში იზრდება და არა მხოლოდ ერთი რომელიმე პრეზიდენტის ან პოლიტიკური თაობის მიერ. იმედი და ნდობა ომისა და მშვიდობის საკითხებში ფაქიზი მცენარესავით არის: მის გაძლიერებას და ყვავილობას ბევრი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ მისი ამოძირკვა ძალიან ადვილია, ერთი ხელის მოსმით შეუძლია ეს რომელიმე პრეზიდენტს, ერთი ხაზის გადასმით, რომელიმე ერთ მნიშვნელოვან შეტაკებაზე.
ამიტომ, საქართველოს ხალხი ეძებს ისეთ პრეზიდენტს, რომელიც შეძლებს საზოგადებას დაეხმაროს მტრისა და მეგობრის გარჩევაში, უიმედობისა და უნდობლობის მორევიდან გამოსვლაში, სიცრუისა და სიმართლის გარკვევაში, პოლიტიკური გამყოფი ხაზების მიღმა თანამოქალაქეების და არა მტრების დანახვაში და ქვეყნის რუსული ოკუპაციიდან გათავისუფლებაში.
კანდიდატის მინიმალური უნარები და ფასეულობათა სისტემა:
მრავალი რამ შეიძლება ვთქვათ პრეზიდენტის შესახებ. ამჯერად მოკლე ჩამონათვალი ვიკმაროთ. რა უნარები და ინსტინქტები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელისაც ავირჩევთ? რა სჭირდება პრეზიდენტს იმისათვის, რომ იყოს კარგი მხედარმთავარი და ჩვენი, მოქალაქეების ღირსეული წარმომადგენელი?
• მტრისა და მოყვარის მცნობი: ოკუპირებული ქვეყნის მთავარსარდალს უნდა შეეძლოს მტერი და მოყვარე გაარჩიოს. თითქოს რთული არ უნდა იყოს, მაგრამ არც ისე მარტივია, როგორც გვეგონა. ამიტომ, ჩვენი პრეზიდენტი მტერს ისე უნდა ცნობდეს, როგორც მგელი ნადირს, მხოლოდ სუნზეც კი. ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვჭირდება, მტერს რომ შორიდან იცნობს, მალე რომ გაგვაფრთხილებს, თუ საჭირო გახდა ჩვენზე წინ რომ წავა ხმალში და ჩვენც უკან გაგვიყოლებს ბრძოლაში. პრეზიდენტებს ისედაც ბევრი საკითხი აქვთ, რომელთა გადაწყვეტისას მათ მრავალი ეჭვი ექნებათ, ბევრი გაურკვევლობაც და უამრავი კონფლიქტი საწინააღმდეგო არგუმენტებსა თუ გულსა და გონებას შორის. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი და მტკიცე, რადგანაც ეს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხია.
• ჯარის მხარდამჭერი. პრეზიდენტს უნდა ესმოდეს სამხედროს ფსიქოლოგია და ის, თუ რატომ მიდიან ადამიანები ჯარში და რატომ იბრძვიან ადამიანები ომში. ბრძოლაში მთავარი მეგობრობაა. სამხედროებმა იციან, რომ ბრძოლის ველზე ერთმანეთს არ უნდა უღალატონ. ადამიანები უბრალოდ დგანან ერთმანეთის გვერდით, რათა მისია შეასრულონ და გადარჩნენ. მაგრამ შეიარაღებულ ძალებს მეგობრები არ ქმნიან, მას ქმნის სახელმწიფო, რომელიც მისი ყველაზე გამორჩეული შვილების ენერგიას სამხედრო ძლიერებად აქცევს. მებრძოლებმა იციან, რომ მათი ბედი სახელმწიფოს საიმედო ხელშია, პრეზიდენტის სახით. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ისინი მუდამ და ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოს მიერ დაცული და აღიარებული და რომ მათი ყველაზე კარგად მათ მხედართმთავარს ესმის, ესმის როგორც ადამიანს და როგორც უმაღლეს სახელმწიფო მოხელეს. სამხედრო, რომელსაც იმის ეშინია, რომ მომდევნო პრეზიდენტმა იგი შესაძლოა სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადოს, ვერასოდეს იომებს და ჩვენც ვერასოდეს გავამტყუნებთ მას.
• ხალხის გამაერთიანებელი. ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, ჭრელი და მრავალფეროვანია. ჩვენ გვაქვს განსხვავებული იდეები, გემოვნება, ეროვნება, სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური კუთვნილება, შემოსავლები, პოლიტიკური და პროფესიული კავშირები და მრავალი სხვა. ჩვენ ბოლომდე გვჯერა ჩვენი იდეების და ვიცით, რომ სხვები აუცილებლად ცდებიან. ჩვენ ამის გამო სიამოვნებით ვებმებით პოლიტიკურ ბრძოლებში: ვქმნით პარტიებს, ვირჩევთ ლიდერებს, ვაპატიმრებთ და ვდევნით სხვებს და თუ შეგვიძლია ვანადგურებთ კიდეც, რადგან ჩვენთან გამარჯვება ის არის, როდესაც მოწინააღმდეგე შენს ფეხებთან უსულოდ გდია. პოლიტიკა ბინძური ბრძოლაა წესების გარეშე, ტელევიზია და ინტერნეტი კი ჩვენი ტრიბუნებია, საიდანაც ჩვენს ფალავნებს ვქომაგობთ.
რა უნდა გააკეთოს ასეთ პირობებში პრეზიდენტმა და ვის მხარეს უნდა დადგეს? შესაძლებელია კი საერთოდ, იყო გამაერთიანებელი პრეზიდენტი ასეთი დაქსაქსული პოლიტიკური ქსოვილის მქონე ქვეყანაში? პრეზიდენტმა ეს არა მხოლოდ უნდა შეძლოს, არამედ იგი მოვალეცაა ეს გააკეთოს, რადგან მას ამისათვისაც ვირჩევთ. თანაც, პრეზიდენტის ოფისსა და მის სახალხო მანდატს მაგიური, დამარწმუნებელი ძალა აქვს. დასაწყისისთვის კი, ახალ პრეზიდენტს უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ პატიება ძლიერებაა, დიალოგი ეშმაკს არ მოუგონია და რომ კონსენსუსი ქაჯობა კი არა პატრიოტიზმია.
ჩემი აზრით, ეს არის ის აბსოლუტური მინიმუმი, რაც ნებისმიერ კანდიდატს მოეთხოვება. ვიცი, თქვენც თქვენი გაქვთ დასამატებელი. მაგრამ რაიმე რომ არ აგვერიოს, ერთ დათქმას დავურთავ: ეს საპრეზიდენტო მოთხოვნებია იმ შემთხვევისთვის, თუკი ქვეყნის ლიდერს და მის მხედართმთავარს ვირჩევთ. „ნამესტნიკის“ სამუშაოს აღწერილობას მე ვერ დავწერ, ჯერ ერთი, რომ ჩემი საქმე არ არის და მერე კიდევ, ის უკვე დაწერილია.