თბილისური გაზაფხული

თუ გგონიათ, რომ თბილისელი, ბათუმელი, ქუთაისელი, თელაველი თუ გორელი  ახალგაზრდები დღეს ნარკოდილერების დაკავებას აპროტესტებენ, მაშინ თქვენ ტოლკიენის მოჯადოებულ მორდორში ცხოვრობთ. თუ ასეა, რა თქმა უნდა, არაფერი გაგიათ იმის შესახებ, რამდენად ადვილია,  ნარკოტიკი ჩაუდო ვინმეს ჯიბეში და მერე რამდენიმე წლით ციხეში გამოამწყვდიო. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის სახე არ მოგწონს, ან მისი წინდების ფერი, ანდა (რატომაც არა?) მისი პოლიტიკური აზრი.

თუ გგონიათ, რომ მოულოდნელი და შეიარაღებული პოლიციური რეიდები იმისათვის არის საჭირო, რომ რომელიმე ნარკობარონის შეიარაღებულმა არმიამ პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიოს, მაშინ თქვენ საქართველოში კი არა, რამდენიმე წლის წინანდელ კოლუმბიის მთებში ცხოვრობთ (ან ზედმეტად ხშირად უყურებთ „ნარკოს“). საქართველო კოლუმბია არ არის და მას საპოლიციო თავდასხმების ნაცვლად მოაზროვნე ხალხის მიერ შექმნილი გონივრული პოლიტიკა სჭირდება.

თუ ფიქრობთ, რომ პოლიციამ პოლიტიკოსები და ლიბერალური პოლიტიკის (მათ შორის ნარკოპოლიტიკის) აქტივისტები საკნებში უნდა გამოამწყვდიოს , მაშინ ალბათ ბევრ რუსულ არხს უყურებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით „ვიზები რუსეთში“. მეზობელ ქვეყანაში „კადიროვის სწრაფი მეთოდით“ შეგასწავლიან, თუ როგორ იცხოვროთ ბედნიერად ისეთ ქვეყანაში, სადაც არც „ლიბერასტები“ ცხოვრობენ, არც ჰომოსექსუალები, არც ნარკომანები და სადაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალებმაც კი საკუთარი ადგილი კარგად იციან.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა პარლამენტარმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყანას ხელში აიღებთ, ეგრე არ მოხდებაო.“ მაგრამ თბილისში ახალი პოლიტიკური გაზაფხული მაინც მოდის. ერთ-ერთ ადრინდელ ბლოგში ვწერდი, რეალური პოლიტიკური ძალა თქვენ რომ გგონიათ, იმ პოლიტიკურ პარტიებში კი არა სხვადასხვა საკითხის გარშემო  ორგანიზებულ ახალგაზრდებულ ჯგუფებშია-მეთქი.  ერთი შეხედვით, ასეთი მცირე ჯგუფების ძალა უფრო დიდია, ვიდრე მათი შესაკრებთა ჯამი. მით უმეტეს, თუ ისინი არც პრემიებს ელიან, არც ნაჩუქარი წყალობის წართმევის ეშინიათ და საერთოდ  საკუთარ გზას პრივილეგიებისა და მფარველების გარეშეც ადვილად იპოვნიან.

თბილისის დღევანდელი გამოსვლის მიზანი, რა თქმა უნდა, ბევრად დიდი და  მნიშვნელოვანია. ბასიანი და ზოგადად, თბილისის ღამის ცხოვრება ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისთვის თავისუფლებისა და თავისუფალი თვითგამოხატვის  სიმბოლოა იმ ქვეყანაში, რომელსაც მრავალფეროვნების ეშინია და მასობრივი ჯვრისწერის რიტუალებით გაურბის. ტომ ფრიდმენის ტერმინი რომ გამოვიყენო, „სამოქალაქო რელიგიის ტაძრებს“ ამგვარად რომ შეუტევ,  მიიღებ იმას, რაც დღეს ხდება რუსთაველზე.

დღევანდელი პოლიტიკური მმართველობისთვის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი მეთოდი უმოქმედობა იყო. პოლიტიკური დრამებით დაღლილ ხალხს შესაძლოა მართლაც მოსწონდა დროებით თვალის მოტყუება და გარდაუვალი ცვლილებებისა და რეფორმების საჭიროების ცოტა ხნით მაინც დავიწყება. მაგრამ ეს რეცეპტიც მოძველდა, რადგან უფრო და უფრო ცხადი გახდა, რამდენად საზიანო და მავნებლურია ღარიბ ქვეყანაში პრემიებითა და ბოტანიკით გართობა. ცვლილებების საჭიროება იმთავითვე ნათელი იყო, მაგრამ „ახალი ეტაპის“ პირველი და გადამწყვეტი მოქმედება კატასტროფულად არასწორი აღმოჩნდა. ყველა შესაძლო ალტერნატივას შორის უარესმა – უხეში ძალის დემონსტრაციამ ახალგაზრდებიც გააერთიანა და პოტენციურად ძლიერი პოლიტიკური მიწისძვრის კერაც შექმნა, რადგანაც პოლიტიკურ წინააღმდეგობას ყოველთვის არ სჭირდება  ბევრი ფული და დიდი ხელკეტი. ყველაზე მძლავრი იარაღი ცაში აწეული ხელებია.

ჯერ ადრეა იმის თქმა, რას და რამდენს შეძლებენ  ახალგაზრდები. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული:  რამდენად წარმატებულად შეძლებენ  მობილიზებას, საჯარო შეკრებების სწორად მართვას, შეცდომების არიდებას და  პოლიტიკურად მოქმედებას. მხოლოდ გაბრაზება, პოლიტიკური ცვლილებების გარეშე საკმარისი არ არის.  ამას კი პოლიტიკური ორგანიზება და გამოცდილება სჭირდება. ისიც მნიშვნელოვანია,  როგორ მოიქცევა მთავრობა და რას ისწავლის აქედან. მაგრამ ერთი შედეგი უკვე დადგა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს შედეგი კი ისაა, რომ საქართველო არც მოჯადოებული მორდორია და არც ნარკო-არმიების კოლუმბია და, რაც უმთავრესია, საქართველო არ არის რუსეთი. აქ ძალის გამოყენებით ხალხს ვერც შეაშინებ და ვერც პატივისცემას მოიპოვებ.

ახლა არ მითხრათ, „რა გაზაფხულია, მოვლენ, დაუკრავენ, დაიღლებიან და წავლენო.“ ასეც ხდება ხოლმე, ვიღაცას “გაწირავენ” დროებით (და ჯილდოებით) -„აი, ამის ბრალი ყოფილა და პასუხი მოვთხოვეთო.“ ამასობაში, დრო მათ სასარგებლოდ იმუშავებს და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. დიახ, ხან ასე ხდება და ხან ისე, მაგრამ გაზაფხული ყოველთვის მოდის და მოახლოებას პირველი კვირტით გვანიშნებს. ჰოდა, თბილისურად რომ ჩამოცხება, ზამთრის საქმე წასულია ხოლმე. ასეთი კლიმატია საქართველოში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s