შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს.  სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ და ქვეყანას ღუპავენ. აბა, ხელფასს რაში უხდიან?! დამიჯერეთ, ეს ენჯეოშნიკური იდეები რაღაც დიდი გეგმის ნაწილია. ახლა თუ დავუთმეთ, მერე ერთსქესიანთა ქორწილშიც დაგვპატიჟებენ.

ჩემი მოტყუება ადვილი არ არის, თან ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ. ჯერ მომავალ არჩევნებზე უნდა იფიქრო და შორს მერე გაიხედო. დავჯექი და დავთვალე. თუ სიაში 50% ქალი უნდა იყოს, რა გამოდის? მეტი უნდა დავხარჯო და შეიძლება პარლამენტში მაინც ვერ მოვხვდე. მაგის ჩიტი ვარ, ის ტოტი მოვჭრა, რომელზეც ვზივარ?! კაცი კაცისთვის მგელია – ეგაა ხალხური სიბრძნე და ეგ მგელი, ძუ იქნება თუ ხვადი, სულ ფეხებზე მკიდია. ეგეც შენი თანასწორობა! ამას ხმამაღლა როგორ ვიტყვი. ჟურნალისტებთან რა ვილაპარაკო, არც ეგ მეშლება. „მე დიდ პატივს ვცემ ქართველ მანდილოსნებს და კვოტით ნაჩუქარი პარლამენტარობა მათ შეურაცხყოფად მიმაჩნია.“ როგორია?!  აი, ნახავთ, რამდენი ქალი ამყვება. იცით, რა გეტყვით?! მე მხოლოდ ჩემი შრომით და ჭკუით მივაღწიე ყველაფერს. პარლამენტარობა კი არ მაჩუქეს, მეკუთვნოდა. ჰოდა, სხვებმაც კეთილი ინებონ და დაიმსახურონ.

ერთი ეს მაინტერესებს: თუ ხალხი ირჩევს კაცებს და არა ქალებს, მაშინ ჩვენ ვინ გვეკითხება, საერთოდ? ხალხი ბრძენია. თუ არ უნდათ ამ ქალებს ეს პოლიტიკა, რას ვაძალებთ? თანაც, რატომ კვოტები პოლიტიკაში და არა მაღაროში?! გეკითხებით? თუ თანასწორობაა, თანასწორობა იყოს. მაგათ მოგებას რა უნდა: რაზეც ლაპარაკობენ, სისულელემდე დაიყვან და ბუნებრიობას მიაწვები! ბუნებრიობა კარგად ჟღერს, ხალხსაც მოეწონება. აბა, ხელოვნური თუ ბუნებრივი? აირჩიე, ერო! რა თქმა უნდა, ბუნებრივი, ძირს ყველაფერი ხელოვნური! უკეთესს გეტყვით, ნახეთ რამდენ ჩამორჩენილ ქვეყანაშია გენდერული კვოტები. რუანდა, რუანდაა კარგი მაგალითი! და კიდევ ნიკარაგუა, ეს კარგი გამახსენდა. ჩვენთან მაგათი ამბები არ იციან, მოვუყვები და სასაცილოდ არ ეყოფათ მაგათი შავი კვოტები.

ხალხს ძალიან უყვარს, როცა ვამბობ ხოლმე: „ჩვენმა ტრადიციებმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, ქალი ქალის საქმეს უნდა აკეთებს და კაცი – კაცისას. აი, მაშინ ვიქნებით კარგად.“ ეს მომწონს, ასე უნდა ვილაპარაკო ხოლმე. დაფრთხებიან და ისევ ამირჩევენ. ხუმრობა იქით იყოს და რა უნდათ ქალებს პოლიტიკაში?! ამას ჩემს ბიჭებთან თუ  ვიტყვი, თორემ მიკროფონთან ასე ჯობს: „რა დროს გენდერული კვოტებია, როცა ამხელა გამოწვევები გვაქვს!“ თან გიჟდებიან ამ სიტყვაზე. უცხოელებთან კონფერენციებზე სულ ეს „გამოწვევები“ მესმის ხოლმე.

გოგოებს ვთხოვე, ხვალ რამდენიმე არხი დაიბარონ, ჩვენები. 8 მარტია და მოხუცთა თავშესაფარში მივდივარ. ეგეთები არ მეშლება. ქალბატონებისთვის ამ დღის მილოცვა არასოდეს მავიწყდება. შამპანურს წავიღებ, შოკოლადებს და ყვავილებს. ცოტას ვიცეკვებთ კიდეც. და მერე მივიდნენ ეს ენაჭარტალა ჟურნალისტები და ამ ქალებს ჰკითხონ, უნდათ თუ არა გენდერული კვოტები. არც მაგათ უნდათ, დამიჯერეთ.  მაგის მეტი რა ვიცი.

საღამოს ბიჭები შევიკრიბებით, პურს შევჭამთ, ცოტას დავისვენებთ და ერთმანეთს მოვეფერებით. ჰო, ჰო, უკვე ჩამესმის თამადის ხმა: აბა, ბიჭებო, ჭიქები შევავსოთ და წინ წავიწიოთ! ამათ კიდევ, გენდერული კვოტებიო. თუ ძმა ხარ!

One thought on “შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

  1. ბატონო ლევან, პირველივე წინადადებაში მივხვდი, რომ სხვისი ,,მე”-დან გამოდიოდით 😀😀 რამდენი რგეთი ,,მე”-ები გვყავს თან ვინ მოთვლის 😒

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s