ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ არსებობდა მეორე, უფრო პრაგმატული მოსაზრებაც მათ მხარდასაჭერად: „რა დაშავდება, თუკი ეს მოძრაობა ერთი მხრივ შეავიწროებს ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ამას ისეთი ფორმით გააკეთებს, რომ მისი ამომრჩეველიც კი ჩვენთან გამოიქცეს, თანაც, რაღა დროს ნაციზმია!“ ასე აღმოჩნდა „ოქროს დაისი“ საბერძნეთის სპეციალური სამსახურების თუ პოლიციის გავლენიანი მმართველების მეგობარი. აქედანვე გაჩნდა საკმარისი ფული ორგანიზაციული ზრდისთვის.
მაგრამ, ჯინს, რომელიც ბოთლიდან ამოუშვეს, უკან დაბრუნების სურვილი აღარ გასჩენია. ნეო-ნაციზმის იდეოლოგია მიმზიდველი აღმოჩნდა ეკონომიკურად გაჭირვებული და გაბრაზებული ხალხის დიდი რაოდენობისთვის, მათთვის, ვისთვისაც ნაცნობი სოციალური ინსტიტუტები: ერი, ტრადიცია და ოჯახი ბოლო იმედიღა იყო. ერის, ტრადიციისა და ოჯახის დაცვის ნეო-ნაცისტური ინტერპრეტაცია კი ძალიან ტოქსიკურია. ტოქსიკურია იმიტომ, რომ იგი „ჩვენიანების“ და „სხვების“ შექმნითა და მათი დაპირისპირებით იკვებება. პოლიტიკურ საწვავს ის სწორედ ამ გამოგონილი „სხვების“ სიძულვილით ივსებს. რაც მეტია ეს „სხვა,“ მით ძლიერია „ჩვენი“ მოძრაობა.
და ასე მოკლა პირველი „სხვა,“ ბერძენი ანტი-ფაშისტური რეპერი პავლოს ფიშასი „ოქროს დაისის“ წევრმა 2013 წლის 17 სექტემბერს. ამას ნოემბერში საპასუხო თავდასხმა მოჰყვა ამავე პარტიის ოფისზე, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ოქროს დაისი“ 2015 წელს საბერძნეთის სიდიდით მესამე პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა. ეს იყო შედეგი, როგორც მათი პოლიტიკური მოქმედების, ისე საბერძნეთის პოლიტიკური ელიტის წევრების დანაშაულის ზღვარზე თამაშისა. ტანგოს, როგორც ცნობილია, წყვილში ცეკვავენ.
გარდა პირდაპირი გაგებით სასიცოცხლო ხიფათებისა, ისეთი პოლიტიკური მოთამაშეების გაძლიერება, როგორიც ქართული მარშია, დამატებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართულ პოლიტიკას. უმთავრესი აქედან არის საერთო პოლიტიკური დისკურსის დეგრადაცია. როდესაც სახელმწიფოში პოლიტიკური მსჯელობა ჩამოდის ცალკეული გაუნათლებელი ინდივიდების ქუჩური ლექსიკის დონეზე და მის გარშემო კრისტალდება მედია დისკუსიაც, შეუძლებელი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების სერიოზული განხილვა, რომლებზეც მართლაც არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ოჯახების მომავალი დამოკიდებული.
მაგრამ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე პასუხები არც ქართველ და არც სხვა ნეო-ნაცისტებს არ გააჩნიათ. ეს არის მათი ფუნდამენტური პრობლემაც, რაც მათ ძალიან კარგად იციან. მაგრამ მდაბიო პოლიტიკურ დისკუსიაში ისინი წაუგებელ პარტიას თამაშობენ – მათთვის ნებისმიერი ტელე ეთერი, ნებისმიერი საჯაროობა, ნეგატიურიც კი, მომგებიანია, ვინაიდან საკუთარი გზავნილის გავრცელების შესაძლებლობას აძლევს და თანაც, სერიოზული პოლიტიკური დანაკარგების გარეშე. მათი რიტორიკის საფუძველს არა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის ხედვა, არამედ სიძულვილი წარმოადგენს, რადგანაც სიძულვილი თავისთავად ირაციონალურია და პასუხებს დიდად არც მოითხოვს.
ნებისმიერ საქმეს, მათ შორის ნაცისტურ პოლიტიკურ „სტარტაპსაც“ სჭირდება საწყისი „წარმატების ისტორია,“ რომელსაც ის პოტენციურ ინვესტორებს მიყიდის. აქციებზე ფასების გასაზრდელად კი იგი ახალ-ახალ საძულველ ობიექტებს მოითხოვს, რომელთაც ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურებს. სწორედ ამიტომ ირჩევენ ხოლმე სექსუალურ უმცირესობებს პირველ სამიზნედ ასეთი ექსტრემისტული „სტარტაპები,“ ისინი ხომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ნებისმიერ საზოგადოებაში და შესაბამისად , პირველი „წარმატების“ მისაღწევად ყველაზე იოლ სამიზნეს წარმოადგენენ. შემდეგ მათ მოჰყვებათ ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური ჯგუფები ასე შემდეგ. გერმანელმა ფაშისტებმაც ჰომოსექსუალებით დაიწყეს, კომუნისტებით და ებრაელებით გააგრძელეს და მეორე მსოფლიო ომით დაასრულეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველ ნეო-ნაცისტებს რაიმე სერიოზულის მიღწევა შეუძლიათ. მაგრამ რაიმეს მიღწევა მათ ამოცანას არც წარმოადგენს. მათი ამოცანა არევა და გაფუჭებაა, ეს კი მათ ნამდვილად შეუძლიათ და ჯერჯერობით, გამოსდით კიდეც.
დემოკრატიასა და დიქტატურას შორის განსხვავება იმაშიც არის, რომ დემოკრატიაში წესრიგი თავისუფლებიდან იქმნება, ადამიანის უფლებების გარანტად კი კანონის უზენაესობა დგას. დიქტატურაში კი ერთგვარი წესრიგი ძალისა და ჩაგვრის საშუალებით ხორციელდება, კანონის უზენაესობით, ოღონდ ადამიანის უფლებების გარეშე. სწორედ ამიტომ გადის პოლიტიკური ფრონტის ხაზი სექსუალური და ზოგადად, უმცირესობების უფლებების დაცვაზე. არა იმიტომ, რომ სხვა პრობლემები არ არსებობს. როგორ არა, ოკუპაცია, სიღარიბე, უსამართლობა, ნეპოტიზმი ეს დიდი პრობლემებია. მაგრამ ის, თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები და მოგვარდება თუ არა საერთოდ, წყდება ამ პრიზმაში: ჩვენ ისეთი ქვეყანა ვიქნებით, როგორც მოვაგვარებთ ყველაზე დაუცველი უმცირესობის საკითხს.