ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად?
უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში ჩვენ უარეს შედეგებს ვიღებთ – არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ვერ ვითარდება ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ამიტომაც, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის როგორც შინაარსს, ასევე ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: კონსენსუსი არის ის გასაღები, რომლითაც ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ახალი საკონსტიტუციო რეფორმების ტალღა მომავალში და პოლიტიკური სისტემის კიდევ ერთი, მორიგი „აშლა.“ გაბედული, თუმცა, როგორც ჩანს, დღისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი ნაბიჯი, იქნებოდა მხოლოდ იმ ცვლილებების მიღება ამ სფეროში, რომელზე შეთანხმებაც შესაძლებელი იქნებოდა პარლამენტსა თუ მის გარეთ (საკრებულოებში) მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან – ანუ პრაქტიკულად ყველა იმ ძალასთან, რომელსაც, თუნდაც თეორიულ დონეზე რეალისტური შანსი გააჩნია მომავლის ძალაუფლებაში მონაწილეობისა.
ისიც სათქმელია, რომ დროა გადაიხედოს ის მიდგომები და ფორმები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის გამოიყენება. არსებული მიდგომებით მუშაობამ გაკვეულ ეტაპზე საგულისხმო დადებით შედეგები მოგვიტანა, ქართული პოლიტიკა ახალ დონეზე აიყვანა და მოგვიყვანა იქ, სადაც ვართ. მაგრამ ეს აღარ არის საკმარისი და არსებულმა დახმარების მოდელებმა საკუთარი თავი დიდ წილად ამოწურეს. ამის აღიარება პირველი ნაბიჯი იქნებოდა ახლებული სტრატეგიის ფორმირებისთვის საქართველოს პოლიტიკური განვითარების პროგრამებში. მხოლოდ ტრენინებით, რომლებიც საქართველოს ფეშენებელურ კურორტებზე იმართება, ვერ მივაღწევთ ძირეულ ძვრებს პოლიტიკური პარტიების განვითარებაში. იქ, სადაც ძირითადი საკადრო და ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი გასაგები, დემოკრატიული პროცესის გარეშე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ‘ცნობიერების’ ამაღლების პროგრამებითა და სალონური დებატებით შევძლებთ ძირეული ცვლილებების მიღწევას, იქნება ეს მაგალითად ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში, პოლიტიკური პროგრამების თანამონაწილეობრივი შექმნა თუ რაიმე სხვა.
საქართველოს პოლიტიკურ კლასში დღეს ბევრად ნაკლებია ცოდნის დეფიციტი, ვიდრე მაგალითად ათი წლის წინ, მაგრამ ჩვენ ნების დეფიციტის პრობლემას ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხეთ (და ეს ნათელია იმავე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე). პოლიტიკური ნების შექმნას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქართული პარტიების შინაარსი შეიცვალოს, განსხვავებული მიდგომები სჭირდება იმისგან, რასაც ცნობიერების ამაღლებისათვის იყენებენ.
სამწუხაროდ, ამ სფეროში, მიწოდება ბევრად ჩამორჩება მოთხოვნას და საჭიროებებს. ეს კი ქმნის პრობლემათა ფართო სპექტრს, მათ შორის, სამწუხარო ასიმეტრიას დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის საქმეშიც. ხანდახან ისეც ხდება, რომ პროგრესული იდეებისთვის მოქმედი ჯგუფები, მოქმედებენ რა ღირებული ფასეულობების დაცვისათვის, მაგრამ უშედეგო მოქმედების ფორმებით, ვეღარ პასუხობენ არსებულ მოთხოვნას, განიცდიან მარგინალიზაციას და ამით აზარალებენ ამავე იდეებისთვის საჭირო პოზიტიური რეფორმების დღის წესრიგს. სამწუხარო და საშიში ის არის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც დაბალია. ჩვენი საზოგადოება იმ ინსტიტუტებს უფრო ენდობა, რომლებიც მეტად არიან მიდრეკილნი ძალის გადამეტებისა და ავტორიტარიზმისაკენ ვიდრე მათ, რომლებმაც საზოგადოება ამისაგან უნდა დაიცვას ასეთები კი პოლიტიკური პარტიები და პარლამენტია. ეს ყველაფერი ნოყიერ ნიადაგს ქმნის დემოკრატიის უკანდახევისათვის და ამაზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება – არა მხოლოდ პოლიტიკოსებს.
პოლიტიკური პარტიების ხშირი დაშლა და ახლების შექმნა, მწყობრი იდეოლოგიური ორიენტირების არ ქონა, პიროვნებებზე დამოკიდებულება, დიდი ხნის პრობლემაა საქართველოში (და სხვაგანაც). მაგრამ იქნებ ღირს ამ ფაქტის, როგორც საქართველოს რეალობის, ერთგვარ ‘ნორმად’ მიღება და ამის გათვალისწინებით მოქმედება? ძალიან ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკური პარტიების განვითარების პროგრამები მოვარგოთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც სულაც არ არიან და არც აქვთ სურვილი გახდნენ ნამდვილი პოლიტიკური პარტიები. ამ რეალობის დანახვა დაგვეხმარება უკეთესი დემოკრატიზაციის პროგრამების მოფიქრებაში და დემოკრატიზაციის პროექტების მეორე ვერსიისა თუ ახალი ტალღის დაწყებაში.
პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ფორმა და შინაარსი ერთმანეთს განაპირობებს. დახურული შიდა-პარტიული კულტურა ვერ შექმნის ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიულ მმართველობას სახელმწიფო დონეზე. სწორედ ამიტომ, შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და გაღრმავება იქ და იმ პარტიებში, სადაც შესაძლებელია, ცენტრალური ამოცანა უნდა გახდეს, მით უმეტეს, რომ დღეისათვის ძალიან დასუსტებულ მრავალ პოლიტიკურ პარტიას სხვა გამოსავალი არც აქვს, გარდა იმისა, რომ გაბედულ შიდა რეფორმებზე იფიქროს. ამ საქმეში, მათ ახალი ტექნოლოგიების დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ, რომელთაც შეუძლიათ კომუნიკაციის გაიაფება, პარტიულ საქმეში ხალხის ჩართვის გაადვილება და მართვის რეალური დემოკრატიზაცია. პოლიტიკურ ნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს კი ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.
რადიკალური შიდა-პარტიული დემოკრატიული რეფორმების და თანამედროვე მიდგომების დანერგვა აუცილებელია იმისათვის, რომ ახალი ნდობა ამოიზარდოს პოლიტიკური პარტიების მიმართ. თეორიაში, პარტიები საზოგადოების გარკვეული, ფართო ჯგუფების ინტერესებს წარმოადგნენ. რეალობაში, ბევრი მათგანი მხოლოდ მათი სპონსორების და პატრონების ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. ამ მდგომარეობის ცვლილებას კი ამბიციური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და მათ მიმართ უფრო მეტად პოლიტიკური და მოქნილი დახმარება სჭირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. მე მჯერა, რომ საქართველოს ასეთი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ჰყავს.
ვინაიდან დემოკრატია და თავისუფლება მუდმივ და რეგულარულ მონაწილეობას გულისხმობს, პოლიტიკურ პარტიებს მეტი უნდა მოსთხოვონ საერთაშორისო პარტნიორებმა, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, წევრებმა თუ მხარდამჭერებმა. სინამდვილეში მხარდამჭერები და რიგითი პარტიული წევრები ხშირად უფრო მეტს რისკავენ ხოლმე პოლიტიკაში მონაწილეობით, ვიდრე მათი ლიდერები. ამიტომაც, ომისა და გენერლების არ იყოს, გვახსოვდეს: პოლიტიკა ძალიან სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებს მივანდოთ.