1 პროცენტის საქართველო
„ერთი და იგივე ცირკი, სხვადასხვა მასხარები“ – შესაძლოა, ამ ფრაზაზე ჩენი ქვეყნის უახლესი პოლიტიკური ისტორია გაგახსენდეთ, თუმცა არ გაგეღიმოთ, ცირკი ხომ ყოველთვის შეიძლება დრამად გადაიქცეს.
პოლიტიკური პარტიები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენენ პოლიტიკაში – ეს თეორიულად. პრაქტიკაში, და ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილის აზრით, პარტიები მათი პატრონებისა და სპონსორების კერძო ინტერესებს ემსახურებიან: გამყოფი „პოლიტიკური ხაზები“ არა საზოგადო, არამედ მცირე ჯგუფების ინტერესებზე გადის. ჩვენს დღევანდელ პოლიტიკაში მთავარი „გამყოფი ხაზი“ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნარატივზე გადის: ნაციონალური მოძრაობა vs. ქართული ოცნება, იგივე „უნიათო ქართული ოცნება“ vs. „მოძალადე ნაციონალური მოძრაობა.“ პოლიტიკური დებატის ძირითადი თემები მოწყვეტილია ამომრჩევლის ინტერესებს და არის ან ზეპოლიტიკური (საარჩევნო სისტემა და სხვა) ან ცალკეულ პირთა შორის ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას უტრიალებს (“ბიძინა ივანიშვილი vs მიხეილ სააკაშვილი”). ზეპოლიტიკურ და პარტიკულარისტულ დებატებს შორის იკარგება ამომრჩევლის ინტერესი და მისი წარმომადგენლობითობა. სწორედ აქ არის მისივე უიმედობის საფუძველი: მოქალაქეები ამჩნევენ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს არა იმისათვის, რომ მათი ინტერესები უკეთ წარმოჩინდეს, არამედ მატერიალური და პოლიტიკური რესურსების განაწილებისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ვიწრო წრის შიგნით.
ახალი გამყოფი ხაზებისთვის
დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ უნდა შეიქმნას “მესამე ძალა.” საქმე იმდენად მესამე ძალა არ არის, რამდენადაც ის, გაჩნდება თუ არა ახალი, იმაზე უფრო ღირებული პოლიტიკური ნარატივი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე ზემოთ აღწერილი დაპირისპირებაა. ნებისმიერ ასეთ ახალ პოლიტიკურ იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება წარმატების შანსი, თუკი იგი შეძლებს რეალური „გამყოფი პოლიტიკური ხაზების“ მკვეთრად წარმოჩენას. რა შეიძლება იყოს ასეთი ახალი, გამყოფი ხაზი?
მთავარი გამყოფი ხაზი არის სიღარიბე და არსებული ნაპრალი მოსახლეობის ძალიან მცირე ჯგუფსა და ყველა დანარჩენს შორის. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.83% იღებს 100,000 ლარზე მეტ შემოსავალს და მხოლოდ 1.19% მიიჩნევს, რომ ადვილად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს (UNICEF, 2015). დანარჩენი, ცხოვრობს ამ ზღვარს ქვემოთ; მოსახლეობის 66%ზე მეტი არ მიიჩნევს, რომ დასაქმებულია (NDI, 2016); საქართველოს ოჯახების 12,6% სოციალურ შემწეობაზეა, ხოლო მისი 10% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (საქსტატი, 2015). ამის ფონზე, საჯარო და პოლიტიკური საქმიანობა გახდა გამდიდრების და არა მსახურების ადგილი. მსხვილი ბიზნესის და პოლიტიკური ელიტის მჭიდრო ალიანსი ამომრჩევლის დიდ ნაწილს ტოვებს პოლიტიკური თამაშის გარეთ. შესაბამისად, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა პოლიტიკოსებს.
გარდა ეკონომიკური სიდუხჭირისა და შემოსავლებს შორის დრამატული განსხვავებებისა, უთანასწორობას სტრუქტურულ შინაარსს სძენს ის, რომ რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს პრაქტიკული შანსი აიაროს „სოციალური კიბე,“ რაც მას საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების რეალურ შესაძლებლობას მისცემდა. „სოციალური კიბის“ აუცილებელი შემადგენელი საფეხურები (ეფექტურ და სამართლიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგთან ერთად), ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვაა.
მაგრამ მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია საკუთარი შვილები დაბალი დონის საჯარო განათლების იმედზე დატოვოს, იღბლიანი უმცირესობის შვილები საქართველოს უძვირეს კერძო თუ მსოფლიოს საუკეთესო სკოლებსა და უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას. სამედიცინო მომსახურება საქართველოში სახიფათოდ უვარგისია. მაშინ როდესაც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი ჯანდაცვის სერვისების დაბალი ხარისხის ანაბარაა, მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფს შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემები საზღვარგარეთის კლინიკებში მოაგვაროს. ღმერთი იმის მხარესაა, ვინც საქართველოში არ მკურნალობს. არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე და მისი დამამძიმებელი სტრუქტურული გარემოებები მოჯადოებულ წრეს ქმნის. მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია პოლიტიკური გარღვევის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო ორგანიზების გარეშე.
სერიოზული მსჯელობა არ მიმდინარეობს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ამომრჩეველს აფიქრებს: მიგრაცია, სამუშაო ადგილები, სოფლის დაცარიელება, განათლების და ჯანდაცვის ხარისხი. ამის მიზეზს ამომრჩეველი კარგად ხედავს: ამ თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ. ისინი კამათობენ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი უშუალო ინტერესის საგანია: საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსება (ფული და პოლიტიკა), საკონსტიტუციო რეფორმა (ძალაუფლების განაწილება), მედიის საკუთრება და ფარული ჩანაწერები (კონტროლი საზოგადოებრივ აზრზე) და მსგავსი თემები, რომლებიც მიუხედავად მათი დიდი მნიშვნელობისა, არ წარმოადგენს ამომრჩევლის ძლიერი საარჩევნო ინტერესის საგანს. ვერც ერთი ახალი პოლიტიკური გუნდი ამ თემებზე მუშაობით ვეღარ მოპოვებს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ისინი ასოცირდებიან არა საზოგადო, არამედ გავლენიანი ჯგუფების კერძო ინტერესებსა და მათ შიდა ომთან.
ცვლილებების სათავესთან
არსებული მდგომარეობა დიდხანს ვერ შენარჩუნდება და დღის წესრიგში დადგება პოლიტიკური ცვლილებების საკითხი. ახალი პოლიტიკური დინებების საგულისხმო და პოტენციურად მზარდი ტალღებია გარემოს დამცველთა, ქალთა მოძრაობის, სტუდენტური ჯგუფების, პროფესიული კავშირების, დამქირავებელთა წინააღმდეგ საჯაროდ გამოსული თანამშრომლების მოქმედებები. მათი მოქმედების საერთო საფუძველი კი არის პროტესტი არსებული სოციალურ-ეკონომიკური უსამართლობის წინააღმდეგ.
უთანასწორობის განცდას არ იწვევს მხოლოდ სიღარიბე და ის არც მხოლოდ მემარცხენე მოძრაობებში გამოიხატება. საშუალო ფენაში, შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებში, მემარჯვენეებსა თუ ლიბერალებშიც ძლიერია უსამართლობის განცდა: ისინი ხედავენ ნეპოტიზმის შედეგად აღზევებულ უვიც პოლიტიკოსებს, რომლებიც მნიშვნელოვან თემებზე უაზრო დებატებს მართავენ და სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუკი ფინანსურად გაჭირვებული უმრავლესობის პოლიტიკისაგან გაუცხოებას იმედის დაკარგვა ასაზრდოებს („გაჭირვებული კაცისთვის არავინაა“), სხვების პოლიტიკური აპათია ცინიზმში პოულობს თავშესაფარს. თუკი ერთი ბრაზდება პოლიტიკოსზე, მეორე მას დასცინის. საბოლოო ჯამში, შედეგი ერთია: ქვეყნის ამომრჩევლის უმრავლესობას, მიუხედავად მისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, აღარ ჰყავს „თავისი კაცი პოლიტიკაში.“
ეს ახალი, პოტენციურად ძლიერი დინებები, რომლებიც პოლიტიკური კომპასის სხვადასხვა მხარეს აღმოცენდებიან, არ უნდა აღმოჩნდნენ მიამიტური ინტელექტუალური მიდგომის ან ქედმაღლური პოზის მსხვერპლი, რომ თითქოს შესაძლებელია პოლიტიკური შედეგების მიღწევა თეთრი ხელთათმანებით, კომპრომისების, პოლიტიკოსებთან კავშირისა და ძალაუფლების გარეშე. პირიქით, მათი უმთავრესი ამოცანა სწორედაც რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება უნდა გახდეს. ამისათვის საჭიროა საერთო, დემოკრატიული პლატფორმა, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კოორდინაცია, მმართველობის უნარების შექმნა და პოლიტიკური ბრძოლის წარმოება. ეს უნდა დაიწყოს საკრებულოების, გამგებლებისა და მერების პოზიციებისთვის ბრძოლით. ამისათვის საჭიროა რადიკალური სიახლე პოლიტიკურ ველზე – არა წარუმატებელი პარტიების 2.0 ვერსია, არამედ სრულიად ახალი შინაარსით, ფორმით, სოციალური სიმწვავითა და რეალიზმით დატვირთული ახალი და ფართო მიმდინარეობა.
ახალი იდეა
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ახალი იდეა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ანტი სტატუს-კვო, საპროტესტო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც „ახალ“ გამყოფ ხაზს ნათლად უჩვენებს ამომრჩეველს. ეს გამყოფი ხაზი კი, საქართველოს რეალობაში, ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებსა და პოლიტიკურ სისტემაში გაბატონებული ელიტის ეგოისტურ პოლიტიკას შორის გადის.
სწორედ ამ ხაზის გამოკვეთა და ამ საზოგადო, მნიშვნელოვანი გზავნილის ძლიერი კომუნიკაცია შექმნიდა ახალ პოზიტიურ პოლიტიკურ ასპარეზს. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარადიგმა როგორც ამომრჩევლის, ისე პოლიტიკური ძალებისთვის და ამით უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი პოლიტიკური ყოფიერება.