ალეპოს სახელით

ერთხელ ელენეს, ჩემს შვილს, მასწავლებელმა უთხრა: რად გინდა საერთაშორისო ურთიერთობები, ეს იდიოტების სპეციალობააო. მასწავლებლის სიბრიყვე ცალკე იყოს და ვერ წარმომიდგენია, არ გაწუხებდეს და შესაბამისად, არ გაინტერესებდეს ის, რაც ახლა ალეპოსა და სირიაში ტრიალებს და არ გინდოდეს უკეთ გაერკვე, თუ რატომ ხდება ეს და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს საშინელება მალე დამთავრდეს და აღარასოდეს განმეორდეს. ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში ხდება, ჩვენი ეპოქის განმსაზღვრელი იქნება. განა ის მგონია, რომ რომელიმე ერთ დისციპლინას შეუძლია ახსნას ეს ყველაფერი, ან რაიმე რანგირებას ვახდენ, სულაც არა. კაცობრიობას რომ კოლექტიური სინდისი ჰქონდეს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა: ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებდით და მივხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და რომ ასეთი რამეები ჩვენს სამყაროში უკვე დიდი ხანია აღარ ხდება. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ახლა, ამ ურთიერთ დამოკიდებულ და ამის მიუხედავად, ასეთ გულგრილ სამყაროში, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მსოფლიო. რატომ იღუპებიან პატარა ბავშვები და უდანაშაულო ადამიანები და რატომ არავინ და ვერავინ ვერაფერს აკეთებს ახლა, გარდა იმ ხალხისა, რომელიც მათ უმოწყალოდ ბომბავს.

პატარა, მცირე ქვეყნებისთვის ასეთი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და არასოდეს ვეთანხმებოდი იმას, რომ საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა არც ისე საჭირო იყო. პირველი მსოფლიო ომი იყო თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების დაბადების ერთ-ერთი პირველწყარო. ამ საუკუნეში, სირიის ამბები გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ დისციპლინის კიდევ ერთხელ განახლების და განვითარებისთვის. ასეთი ბედი აქვს ჩვენს დარგს, რაც უფრო ცუდი ამბები ხდება, მით უფრო საინტერესოა.

ალეპო ასადის და პუტინის ომის დანაშაულია და იმედია ოდესმე ისინი პასუხს აგებენ, თუმცა, ვისაც ისტორიის ამბების კითხვა უყვარს იმასაც იტყვის, რომ ეს გარდაუვალი სულაც არაა. მაგრამ ალეპო ასევე დარჩება ინტერნეტში ჩართული, მაგრამ გაუცხოებული, გლობალიზებული მაგრამ ძალიან დაქსაქსული, თავმომწონე, მაგრამ მშიშარა მსოფლიოს კოლექტიურ სირცხვილად. ალეპო ასევე წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა და გაეროს ეპოქალურ ჩავარდნას, რომელსაც ანალოგი ძნელად მოეძებნება.

ცოტა ხნის წინ, აკა მორჩილაძემ თქვა: “ხალხს ტკივილის შეგრძნება აღარ აქვსო.” მე იმედი მაქვს, რომ ეს ტკივილი დაგვიბრუნდება და მის საფუძველზე დაიწყება განახლება უფრო მორალური და უსაფრთხო მსოფლიოსთვის. ამ საქმეში კი ამ ტკივილის აღმწერ მწერლებთან, მის ჩვენამდე მომტან ჟურნალისტებთან, გმირ ექიმებთან და სხვებთან ერთად დიდ, ძალიან დიდ საქმეს ის ადამიანები გააკეთებენ, ვისაც შეეძლება, რაც არ უნდა რთული იყოს ეს, დიდი ტრაგედიების ნანგრევებზე ისეთი ახალი მშვიდობის ამოშენება, რომელშიც აღარ იქნება ისეთი განგსტერული მთავრობების ადგილი, რომლებსაც ბაშარ ალ ასადი და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ. ეს მიმაჩნია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად და მისიად, ალეპოს სახელით.

3 thoughts on “ალეპოს სახელით

  1. ძალიან კარგია რაც წერია ბატონო ლევან – პუტინი და ასადი უნდა დაისაჯონ. მაგრამ ერთ კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება – ალეპოდან 500 კმ-ში აღმოსავლეთით მდებარეობს ქალაქი მოსული – რომელსაც ასევე ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს, იქაც მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტები ქალაქიდან არ უშვებენ და იქაც ცოცხალ ფარად იყენებენ ალეპოს მსგავსად. მოსულიც ალყაშია და იბომბება ოღონდ ამერიკელების და დასავლეთური კოალიციის მიერ. იქაურ დაღუპულ ბავშვებს რატომ არ მისტირით? რატომ არ ჯდება ამერიკელების და ევროპელების ჯალათებად გამოცხადება თქვენს მსოფლმხედველობაში? რატომ გვიჭირს იმის აღიარება რომ რუსეთი და ამერიკა ერთნაირად ბოროტი სახელმწიფოებია როდესაც საქმე მათ ნაციონალურ ინტერესებს ეხება სხვა ერების ხარჯზე?

    1. ორი რამ უნდა განვასხვავოთ: სამოქალაქო მსხვერპლის მაქსიმალური შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები ერთი მხრივ და სამოქალაქო სიცოცხლის სრული უგულებელყოფა მეორე, ასადის და რუსეთის მხრივ. არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ მოსულშიც არის მშვიდობიანი მსხვერპლი. მაგრამ მოსულის ოპერაცია სწორედ იმიტომ მიდის ასე ნელა და იმიტომ დაიწყო ასე გვიან, რომ სამოქალაქო მსხვერპლი მაქსიმალურად შემცირებულიყო, ხოლო ვისაც სურდა, გასულიყო ქალაქიდან.
      ეს სულ სხვაგვარად არის ალეპოს შემთხვევაში, როდესაც ევაკუაცია შეუძლებელი იყო, ხდებოდა განურჩეველი დაბომბვა, ექიმების და ჰოსპიტალების მიზანმიმართული განადგურება და მასობრივი განადგურების (ქიმიური) იარაღის გამოყენება. ამ ორს შორის იმდენად დიდ განსხვავებაა, რომ ამის არ შემჩნევა ძალიან რთულია. ასე რომ, არა, არ მგონია რომ რუსეთი და ამერიკა ერთნაირად იქცევიან – ასე რომ იყოს მოსულის გადაბომბვა ყველაზე ადვილი გამოსავალი იქნებოდა, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ალეპოში. სამოქალაქო მსხვერპლის შემცირების მცდელობასა და ასეთი მსხვერპლის უგულებელყოფას შორის არის დიდი, ძალიან დიდი პოლიტიკური და მორალური განსხვავება.
      ის მიდგომა, რომ ყველა სახელმწიფო ხომ თავის ეროვნულ ინტერესს ახორციელებს და შესაბამისად, ორივე ერთნაირად “ბოროტია,” ერთი რომ ამ მნიშვნელოვან განსხვავებებს არ იმჩნევს და თუ იმჩნევს და მაშინ მაინც ამას ამბობს, ეგ უკვე სხვა პრობლემაა მორალური ანდა სულაც პოლიტიკური მიზნების მქონე – ამას ამბობს რუსული პროპაგანდა სხვათა შორის, რომ მოსულში საშინელება ხდება, მაშინ როდესაც ალეპოში ბავშვებს მტვერს აყრიან და ისე იღებენ კადრებს.

      1. ძალიან შორს ვარ იმ იმისგან რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რამეთი გავამართლო, ბოროტი როჟიმია, მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და ვამტკიცებ იმას რომ ა.შ.შ. თავისი მილიტარისტული პოლიტიკით არანაკლები ბოროტებაა და ძალიან სამწუხაროა რომ მათ ბოროტებაზე მხოლოდ რუსული პროპანანდა ლაპარაკობს მაშინ როდესაც პროგრესული მსოფლიო დუმს. 20 წლის განმავლობაში ამერიკამ დაბომბა და მიწასთან გაასწორა ათობით ქალაქი, ერაყში, ავღანეთში და ასე შემდეგ. მრავალი ადამიანი ამას შეეწირა, აბუ-გრეიბი, გუანტანამო და სხვა … ვინმემ ხმა ამოიღო? ერთხელ მაინც ვინმემ დასავლეთში დააყენა საკითხი ამერიკის პრეზიდენტისადმი გენოციდის ბრალდების წაყენების შესახებ? არც არავინ თვითონ არაბების და რუსული პროპაგანდის გარდა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რომ მივსტირით, ვინმემ საქართველოში ახსენა ის რომ ამერიკამ ფეხქვეშ გათელა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა და კოსოვოს დამოუკუდებლობა ფაქტობრივად დააკანონა? ამით ხომ პრეცედენტი დაინერგა – რომელმაც რუსებს გაუხსნა ხელი უფრო აქტიურად ემოქმედათ თავის ოკუპანტურ პოლიტიკაში. ობამა როცა გამოდის და ამბობს ყირიმის მითვისება ოკუპაციააო და კოსოვოს დამოუკიდებლობა კიდევ ლეგალური აქტიაო – მის თვალთმაქცობაში ეჭვი არ შეგაქვთ? მთელი ამ ჩემი ტირადით ვამტკიცებ მხოლოთ იმას, რომ დღეს არის დასავლეთის საზოგადოებაში შეკვეთა რუსეთის და მისი სატელიტებისაგან მტრის ხატის შექმნაზე და ამიტომაც მათ მიერ მოკლული ასობით ადამიანი ყურადრების ცენტრშია მოქცეული … არა და პირიქით უნდა იყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s