ვინ ატირებს ბავშვებს?

დღეს, 17 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში პოლიციელმა დაკავებული LGBT აქტივისტი ანთებული სანთლებისა და ხატების ფონზე დაკითხა. „ოჯახური სიწმინდის“ დასაცავად გამართულ კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიბერალური ფასეულობების დემონიზაცია იყო, ასეთი რამ თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ქართველმა ლიდერმა: „არ მოსულა ქვეყანაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი.“ არ გამკვირვებია ამის მოსმენა, რადგან ლიბერალური ფასეულობები, რომელიც სინამდვილეში თანამედროვე ევროპული დემოკრატიული მოძრაობების საერთო სამოქმედო ველს წარმოადგენს, ნამდვილად ემუქრება იმათ ძალაუფლებას, ვინც საკუთარ წარმატებას ღარიბი და დაუცველი ხალხის ირაციონალურ შიშებზე აშენებს. ასეთი გამოსვლები ზუსტი ასლია რუსეთის პრეზიდენტის თანამედროვე ანტი-დასავლური და ანტი-დემოკრატიული გზავნილებისა.

სწორედ ასეთი, დიდწილად რეაქციული იდეებით შეპყრობილი ლიდერები მიუძღვიან  ადამიანთა იმ მასებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან ხოლმე ეკონომიკური სტაგნაციის და პოლიტიკური აპათიის პერიოდში. ასეთი პერიოდი კი სწორედ ახლაა საქართველოში. ეს ლიდერები ადვილად მანიპულირებენ წესრიგისა და სიცხადის წარსული აჩრდილებითა და სიმბოლოებით: იქნება ეს „დიდი ოჯახი,“ “სტაბილურობა“ „ეროვნული ტრადიციები“ თუ სხვა. მაგრამ ამ ლიდერებს, რომლებიც წარსულ ავტორიტარულ ტრადიციებს ეყრდნობიან და გლობალიზაციისა თუ „ვესტერნიზაციის“ შიშით რაზმავენ მხარდამჭერთა არმიებს, არ გააჩნიათ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაიჭრის პოზიტიური ხედვა. მათ შეიძლება შეაფერხონ ან სულაც უკუაგდონ დემოკრატიული პროცესები და ცვლილები, მაგრამ თავად არასოდეს გააჩნიათ საქმის გაკეთების რეალური გეგმა. მათ სძულთ დასავლეთში შექმნილი დემოკრატია, მაგრამ მისი განადგურების გარდა სხვა იდეა არ ამოძრავებთ. ამით ისინი  ჯიჰადისტური მოძრაობების ლიდერებს მაგონებენ, რომლებიც მსგავსი არგუმენტებით ებრძვიან ადამიანის უფლებებს.

მაგრამ თუკი ქვეყანა შეძლებს წარმატებით განხორციელოს ეკონომიკური რეფორმები და ხორცი შეასხას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს, ამ ლიდერების ვრცელი მონოლოგები ისტორიას ჩაბარდება. ამას ისინიც კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომაც არის მათი სამიზნე ის იდეები და მოძრაობები, რომლებიც რაციონალურ აზრსა და პროგრესულ ხედვას ეფუძნებიან.

დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კი სამოქმედო გეგმა მონიშნულია. თუკი ისინი მოახერხებენ ერთმანეთთან პაექრობას პოზიტიური პოლიტიკური იდეების გარშემო და დემოკრატიული დღის წესრიგის განვრცობას, გარე შემოტევებსაც უფრო და უფრო ადვილად გაუმკლავდებიან. სინამდვილეში ადამიანებს ის უფრო აინტერესებთ, თუ როგორ სკოლაში ივლის მისი შვილი და არა ის, თუ როგორ უტევს დემოკრატიის მხეცი ქართულ იდენტობას.

ხოლო ის, რომ ლიბერალიზმმა ყველაზე მეტი ბავშვი ატირა, რა თქმა უნდა უტიფარი ტყუილია. სინამდვილეში ყველაზე მეტი ბავშვი ატირა:

ფაშიზმმა და კომუნიზმმა,

ჰიტლერმა და სტალინმა,

ომმა და დიქტატურამ,

სიბნელემ და სიღარიბემ,

სიცივემ და შიმშილმა,

და ტერორიზმმა, ღმერთის სახელით.

One thought on “ვინ ატირებს ბავშვებს?

  1. კიდევ, საკუთარმა, თუ ერთმანეთის მოძალადე მშობლებმაც არ დააკლეს 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s