თავისუფლება ყუმბარაზე მქუხარეა

წინა ცხოვრებაში უსაფრთხოების თემებზე ლექციებს ვკითხულობდი და ამიტომაც ჩემი პროფესიული ბიბლიოთეკის ორი მოზრდილი თარო ტერორიზმსა და კონტრ-ტერორიზმზე წიგნებს ეთმობა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ვიფიქრე ანალიტიკური ბლოგი დამეწერა იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანთა რადიკალიზაცია და საიდან იღებს სათავეს ასეთი ექსტრემისტული იდეოლოგია. ან თუნდაც იმ საერთაშორისო გარემოზე, რომელშიც ეს ორგანიზაციები შეიქმნა და გაძლიერდა. ვიჯექი კომპიუტერთან და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ახლა ასეთი „ექსპერტული” ტექსტის წერა და მივხვდი რომ სინამდვილეში ახლა მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რისიც უბრალოდ მჯერა – ტერორისტები ამ ომს თავისუფალ სამყაროსთან აუცილებლად წააგებენ.

როგორც ამბობენ, ტერორისტების საჰაერო ძალები მათ მიერ ნაგვის ურნაში დამალული ბომბია. ტერორიზმი სუსტის იარაღია, რომელსაც მხოლოდ ისინი იყენებენ, ვინც ვერ ახერხებს ლეგიტიმურად მთავრობად იქცეს. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებით ისინი მოწინააღმდეგის მორალურად გატეხვას ცდილობენ, მაგრამ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა, რომ უდანაშაულოების ხოცვა წინააღმდეგობას მხოლოდ აძლიერებს. ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება, არასწორი სტრატეგიაა.

ამ ომს ტერორისტები ვერ მოიგებენ იმიტომ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები მსოფლიო რუკაზე უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებენ. გლობალიზაციასა და დემოკრატიას კი ისინი ტყუილად არ ემტერებიან: გლობალიზაციასთან ერთად ზეცაში, რომელიც ყველასია, ჩნდება ინტერნეტი, შესაბამისად განახლებული ცოდნა, განათლება და რაციონალური აზრი. ყუმბარებზე მეტად ტერორისტებისთვის ყველაზე საშიში ლიბერალური დემოკრატიაა, რომელსაც თავისუფლება მოაქვს.

ტერორისტები კარ-ჩაკეტილობის, იმედგაცრუების, ძალადობის, ფანატიზმის შვილები არიან და ამერიკულ თვითმფრინავებზე მეტად, თავისუფალი ადამიანების ხმების ეშინიათ. ასეთი ადამიანების ხმები კი ყუმბარებზე ძლიერი და მქუხარეა და პარიზის კაფეებში ნასროლი კალაშნიკოვები ვერ დაადუმებენ.

ჩვენ გვახსოვს ბირთვული იარაღით აღჭურვილი ბოროტების იმპერია; ქვეყნები, რომლებიც საკუთარ ხალხს ქიმიურ იარაღით წამლავდნენ; მთავრობები, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ. ჰიტლერისა და სტალინის მსგავსი ტერორისტი მმართველები უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან და მათი საბოლოო დაცემაც გარდაუვალია. ტერორისტებმა მხოლოდ ის იციან, ვინ სძულთ და არ იციან, როგორ მოუტანონ ადამიანებს ის, რაც მათთვის ყველაზე მეტად ძვირფასია: უსაფრთხოება, სიმშვიდე და კეთილდღეობა. სიძულვილით მოპოვებული დროებითი გამარჯვებები, რომლებსაც ისინი ახლა ზეიმობენ, ხვალ მათივე განადგურების წინაპირობა გახდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s