კარგი წიგნების შთაბეჭდილებები

ბევრი წიგნია ისეთი, რომელიც მინდა ვთარგმნო ქართულად, ძალიან დიდი ტირაჟით დავბეჭდო და უფასოდ დავარიგო. ჯონ ბრუკსის „ბიზნესის თავგადასავლები: უოლ სტრიტის სამყაროს 12 კლასიკური ისტორია“ ერთ-ერთი ასეთი წიგნია.

Open Road Media; Reprint edition (August 12, 2014)
Open Road Media; Reprint edition (August 12, 2014)

წიგნში 12 ცნობილი (ჩემთვის ზოგიერთი საერთოდაც ახალი) ბიზნეს ისტორიაა მოთხრობილი. ჯონ ბრუკსი ამ ისტორიების თანამედროვეა და თანაც, გამომდინარე იქიდან, რომ The New Yorker-ის ვეტერანი ბიზნეს ავტორია, ხელი მიუწვდება ამ ისტორიების მთავარ მოქმედ პირებზე, რაც მის თხრობას სანდოობას მატებს და ბევრი ძალიან საინტერესო ისეთი დეტალით ავსებს, რაც პირადი კონტაქტების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ნაწერს შემატო. ასევე ძალიან კარგია ის, რომ ჯონ ბრუკსი ერთი შეხედვით რთულ საფინანსო ხრიკებსა და მეთოდებს ძალიან მარტივად და გასაგებად განმარტავს.

აქ მოთხრობილ ისტორიებს რაც შეეხება, ესენი ძალიან მნიშვნელოვანი, საოცარი ისტორიებია, რომლებიც 60-70-იანი წლების ამერიკაში (უფრო მეტად უოლ სტრიტზე) ხდებოდა და გავლენა ჰქონდა მთელ ეკონომიკაზე, თანამედროვე ბიზნეს ეთიკასა და სამართლის ჩამოყალიბებაზე.

თავისუფალი ბაზარი რომ ყველაფერს და დროულად ვერ არეგულირებს ამაზე უფრო მეტია მსჯელობა, ვიდრე იმაზე თუ რამდენს არეგულირებს ეს ბაზარი და რამდენი კარგი შეუძლია კაპიტალიზმს. ამ მხრივაც საინტერესოა ეს წიგნი, რადგან მასში ვნახავთ ძალიან ბევრ ისეთ ეპიზოდს, სადაც ბიზნესი ცდილობს ისეთი საქმეების კეთებას, რომელიც მის პირდაპირ ინტერესში შეიძლება სულაც არ შედიოდეს. ისტორია: „კლიენტის მხარდასაჭერად“ იმ დღეებში ვითარდება, როდესაც კენედის მკვლელობა ხდება და ამ ამბის ბიზნეს პერსპექტივას აჩვენებს თანაც საფონდო ბირჟაზე იმ დღეებში განვითარებული კრიზისის ფონზე. ბიზნესი სწრაფად ხედავს რამდენად დიდია რისკი ქაოსის, მთელი ამერიკული ეკონომიკის დეპრესიის და საზოგადოებრივი კატაკლიზმების. ამიტომაც, საფონდო ბირჟის კომპანიები და ამერიკელი და ბრიტანელი ბანკირები ერთად იწყებენ მასშტაბურ მოქმედებას რომ რომ რამდენიმე მსხვილი საფინანსო კომპანია გაკოტრებას გადაარჩინონ. ასეთი ისტორიები კარგი და საინტერესო საკითხავია იმ ეპოქაში, როდესაც დიდი ბიზნესისა და დიდი კაპიტალის იმიჯი, განსაკუთრებით ჩვენს მხარეში სულაც არაა პოზიტიური. სასპენსით იკითხება ეს ისტორიები და არ იფიქროთ რაიმე მეთოდური, დეილ კარნეგის მსგავსი შეგონებები ან ბიზნეს მაქსიმები წაიკითხოთ აქ. ხოდა ბარემ აქვე ვიტყვი თუკი ეძებთ ისეთ რამეს, როგორიცაა “10 რჩევა თუ როგორ გახდეთ კარგი მენეჯერი” ან “5 ოქროს წესი წარმატების მისაღწევად” ეს წიგნი არ გამოგადგებათ.

ამავე წიგნში ნახავთ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე ორგანიზაციული განვითარების ტრენინგებსა თუ სხვა საქმეებში. ეს არის ფორდის ედსელის მოდელის უდიდესი ფიასკოს ისტორია. ედსელი – ანუ ფორდის ახალი მოდელი უნდა გამხდარიყო მისი ყველაზე დიდი წარმატება, ასეთი იყო გეგმა. მის შექმნაზე ისტორიულად სარეკორდო ხარჯები იქნა გაღებული, თითქოს ყველაფერი გაკეთდა მომხმარებლის გემოვნების დასადგენად, აზრის შესასწავლად, წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტების მოსაძებნად, სწორი დიზაინის შესარჩევად და მაგარი მარკეტინგ კამპანიის შესაქმნელად. და მაინც, ეს მანქანა ყველაზე დიდი წარუმატებლობა აღმოჩნდა ფორდის ისტორიაში. სხვა სიტყვებით, ეს არის ისტორია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ძალიან მაგარ ბიჭებსაც ძალიან მაგარი შეცდომები მოუვიდეთ (მაგრამ მერე მაინც ფეხზე დადგნენ და წინ წავიდნენ).

ძალიან საინტერესოა ამერიკის საშემოსავლო გადასახადის ისტორია. ზოგადად ამერიკული საგადასახადო სისტემა ძალიან უცნაურია. ის უამრავ შესაძლებლობას უტოვებს ძალიან მდიდარ ადამიანებს თავი აარიდონ გადასახადების გადახდას. ერთი (და დიდი) ნაწილი ამას დიდ უსამართლობად და უთანასწორობის საფუძვლად მიიჩნევს. მეორე (უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ უდავოდ უფრო მდიდარი) ნაწილი კი ამას ეკონომიკის ზრდის, ახალი ინვესტიციების გაჩენის და ამერიკული ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთ წინაპირობად თვლის.  რატომ არის რომ ასეთი “ხვრელები” მრავლად არის ამერიკულ საგადასახადო კანონმდებლობაში ამაზე ცალკე საინტერესო ამბავს წაიკითხავთ. ასევე საინტერესოა ზოგადად, ამერიკული და ევროპული გადასახადებს წარმოშობის ისტორიაც. ევროპას რა თქმა უნდა უფრო ხანგრძლივი წარსული აქვს გადასახადების ისტორიაში ვიდრე ამერიკას, მაგრამ პირველის ისტორია ასევე უფრო წინააღმდეგობრივიცაა ვიდრე ამ უკანასკნელის. ბრუკსის დაკვირვებით გადასახადებს (ყველაფრის მიუხედავად), ამერიკაში ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე ევროპაში, რაც იმით აიხსნება რომ ისტორიულად ევროპული გადასახადების შემოღება მონარქების კერძო ინტერესებს უკავშირდებოდა, ხოლო ამერიკულისა – უზენაეს საზოგადო საჭიროებებს, ძირითადად დიდი ომის დაფინანსებას.

ვერც ერთი ბიზნეს ისტორიების კრებული ვერ იქნება სრული ამერიკის საფონდო ბირჟის დაცემის ისტორიის გარეშე. 1963 წლის ჩავარდნას და მის ძალიან საინტერესო აღწერასაც აქვე ნახავთ. აქვე ისწავლით იმ ერთადერთ ჭეშმარიტებას, იმ ნამდვილ და ერთადერთ უტყუარ ფაქტს თავისუფალი ბაზრის შესახებ, რაც მომავალი პროგნეზბის გასაკეთებლად აუცილებლად გამოგადგებათ: როდესაც ჯონ პიერპონ მორგანს (J.P. Morgan) ჰკითხეს თუ რა მოხდებოდა ბაზარზე, მან მშვიდად უპასუხა: “ის შეიცვლება” (“it will fluctuate”). მოკლედ, თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობენ საფონდო ბირჟები და რა გავლენა აქვთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს კარგი წიგნია ამისთვის. აქვე, საინტერესოა ტექნოლოგიის გავლენა ბიზნესის კეთებაზე: იმ დროს ამბები ასე ადვილად და სწრაფად ვერ ვრცელდებოდა, მათ შორის ვერც საფონდო ბირშებზე, რომლის მაშინდელი საბეჭდი მანქანები ვერ აუდიოდნენ სწრაფად ცვალებად ინფორმაციის ასევე სწრაფად გადაცემას. რა მოიტანა ამან, აქვე შეიძლება წაიკითხოთ.

ქსეროქსის ისტორია ცალკე ამბავია, რისკის გაბედულების, მოთმინების და რაც ყველაზე მთავარია ხედვის მნიშვნელობისა საქმის კეთებაში. კიდევ ერთი, მე-7 ისტორია “დარტყმული ფილოსოფოსები” კომუნიკაციის საინტერესო როლზეა ბიზნესის კეთებაში. ოდესმე გიფიქრიათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თვალის პაჭუნით შეტყობინება თანამშრომლებისთვის? სასაცილოა ნამდვილად, თუმცა ამერიკული ბიზნესის ერთ-ერთი გიგანტ, General Electric-ის ლიდერები ასე სულაც არ ფიქრობდნენ (მინიშნება: ეს ამბავი ფასების შეთანხმებაზეა) და თვალის პაჭუნი კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული ფორმა ყოფილა. და როდის არის თვალის პაჭუნი სერიოზული ნიშანი და როდის უბრალოდ თვალის პაჭუნი? აი აქ სერიოზული პრობლემები იწყება და ეს ამერიკის იუსტიციის განსახილველიც იყო წლების მანძილზე.

“ბოლო ქორნერი,” (ქართულად ვერ მოვთარგმნე, უფრო გზის მოჭრა ალბათ) ისტორიაა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმატებული შეტევისა კორპორატიული ლიდერის მხრიდან უოლ სტრიტის საფონდო სპეკულანტებზე, ხოლო დევიდ ლილიენტალის ისტორია “მეორე ცხოვრება,” მოგითხრობთ ამ ცნობილი კომერსანტის ცხოვრების ტრანსფორმაციაზე დიდი, საჯარო სექტორიდან (ატომური ენერგია და სხვა) წარმატებულ კორპორატიულ ლიდერამდე. ასევე ძალიან საინტერესოა ისტორია კორპორატიულ მენეჯერზე, რომლის სურვილიც გადასულიყო ახალ კომპანიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და ინტელექტუალური თავისუფლების პრინციპების შორის დიდ დავაში გადაიზარდა.

რა რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეთ წვრილ აქციონერებს დიდ კომპანიებში? პრინციპში არც არაფერი. მაგრამ, როგორ ხდება ისე რომ ორგანიზებული უმცირესობა მართავს არაორგანიზებულ უმრავლესობას თანც ისე, რომ ეს უკანასკნელი (მცირე ინდივიდუალური გამონაკლისების გარეშე) ძალიან ბედნიერია? საინტერესო ბიზნეს ამბავიც არის და პრინციპში, პოლიტიკურიც, წარმომადგენლობითობის საქმეს თუ შევხედავთ. იმ მცირე, უკმაყოფილო გამონაკლისებზეც წაიკითხავთ, რომლებისთვისაც თურმე კორპორატიული ბოსების წინააღმდეგ მუდმივი ჯანყი ლამის საოჯახო ტრადიციად ქცეულა.

ჩვენი საქართველოს დღევანდელი გასაჭირიდან გამომდინარე, ბოლო და ყველაზე ვრცელი ისტორია ყველაზე საინტერესოცაა. ეს ეხება ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის, ამერიკის მთავრობის და ამერიკელი (და ევროპელი) ბანკირების საფინანსო ომს ბრიტანული სტერლინგის გადასარჩენად. ეს ომი სამი წელიწადი (1964-1967) გაგრძელდა და მასზე რამდენიმე ათეული მილიარდი (60-იანი წლების მილიარდი) დაიხარჯა. მისი მიზანი ბრიტანული ფუნტის გაუფასურებისაგან გადარჩენა იყო. მისი მეთოდი კი გაუფასურების მოლოდინების შესუსტება ბირჟებზე, სპეკულატორებზე უფრო მეტი ფულის დახარჯვა (ან ამით დამუქრება) და გაუფასურების მხარდამჭერი ფსიქოლოგიური ფონის მოხსნა იყო. გეცნობათ ხომ? ომი იმდენად ინტენსიური ხდებოდა მის ყველაზე პიკურ დღეებში, რომ ასეთ დროს ბრიტანეთის ხაზინა წუთში მილიონ დოლარს (!) ხარჯავდა კურსის შესანარჩუნებლად, ხოლო საბოლოო დაცვის ხაზზე კი წუთში ორ მილიონ დოლარს! შედეგი? ის რომ კურსის გაუფასურების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა, ბრიტანეთმა, ამერიკამ და სხვა ევროპელებმა მილიარდები დახარჯეს (საფრანგეთის გამოკლებით, რომლის ფარულ შესაძლო წვლილსაც ფუნტის დასუსტებაში ბრუკსი კარგად აღწერს) მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გაუფასურების დროებით გადავადება მოახერხეს. ეს კი იმიტომ, რომ ბრიტანეთის საგადასახადო ბალანსი მკვეთრად ნეგატიური იყო, მისი ეკონომიკა არც თუ მთლად ჯანმრთელი, მისი შიდა ხარჯები საარჩევნო პოლიტიკაზე გათვლილი, ხოლო არჩევნების შემდგომი მომავალი ბუნდოვანი. ისევ გეცნობათ ხომ?

ვისთვის შეიძლება ეს წიგნი საინტერესო იყოს? ეკონომიკით, საფინანსო ბაზრებით, გლობალიზაციით, მართვით და საჯარო პოლიტიკით დაინტერსებული ხალხისთვის. ბიზნესისთვის და მათი ლიდერებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი, სანიმუშო მაგალითებია როგორც წარუმატებლობის, ისე წარმატებების მიღწევის და ბიზნესის სოციალური, ფართო საზოგადოებრივი პასუხისმგელობისაც.

იმის უკეთ გასაგებადაც კარგი წიგნია, თუ რამდენად ძვირი ჯდება პოლიტიკოსების ხშირად სახალხოდ პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში ფრიად საზიანო იდეები.

Published October 4th 1999 by Mariner Books (first published 1995)
Published October 4th 1999 by Mariner Books (first published 1995)

სარამაგუ დიდი ჰუმანისტია, ეს რომანი კი ადამიანებზეა, რომლებმაც უძლურების უკიდურეს ზღვარს მიაღწიეს.

ბრმა ადამიანი ისეთივე ადამიანია, როგორც ის ვისაც მხედველობა აქვს. მაგრამ როგორია ბრმა ადამიანების საზოგადოება? არის კი ეს ადამიანების საზოგადოება, თუ უკვე რაღაც სხვა? შეუძლია ადამიანთა ერთობას ადამიანობა შეინარჩუნოს მაშინ, როდესაც საერთო გაჭირვება (ამ რომანის შემთხვევაში, სიბრმავის ეპიდემია) დაატყდება თავს? შეძლებს კი ბინძური, ოთხზე მხოხავი, დაუნდობელი, დაბნეული, მშიერი, გაწამებული, ჩასვრილი, აყროლებული, აფორიაქებული, არეული და გაუპატიურებული ადამიანთა ერთობა გადაარჩინოს ადამიანობა თავის თავში და მერე ერთმანეთში? რა ფასად და როგორ? რა დარჩება მისგან ამის მერე? ეს არის მთავარი ამბავი ამ რომანის, რომლის მოქმედება ხდება ქალაქში, სადაც ნათელი სიბრმავის ეპიდემია გავრცელდება და ყველა ერთიანად დაბრმავდება. წიგნის კითხვისას მოხვდებით ამ ფეკალიებით მუხლამდე სავსე გამოკეტილ ოთახებში, გახრწნილი გვამების სუნით გაჟღენთილ სახლებში და ეს აუტანელი სუნი გამოგყვებათ კითხვისას მაგრამ სწორედ ამ აუტანელ საზიზღრობაში გამოჩნდება, სუსტი და ოდნავ მბჭუტავი მაგრამ მაინც არსებული შანსი ადამიანის გადარჩენისა.

სარამაგუს ფანტაზია და ენა სჭირდება იმის აღწერას რაც ასეთ მდგომარეობაში ხდება და რომ კითხულობ და ზუსტად ასე იქნება, ნამდვილად ისე მოხდება, როგორც წერს. დისტოპიაა, კოშმარია, მაგრამ რეალურია და განა მარტო სიბრმავეზეა, ნებისმიერ ასეთ კატაკლიზმაზე გეფიქრება, ვინ ვიქნებით ჩვენ ასეთ დროს? რა არის ის მთავარი, ის ღერძი, რაზეც არის ამოშენებული ჩვენი ჰუმანიზმი და რამდენად ძლიერია ის? გაუძლებს ჩვენი ადამიანობა და სინდისი დიდ, ნამდვილ და მუდმივ, გამოუვალ გაჭირვებას, რომლის მშველელიც არ არსებობს და ვერც იქნება? “ყველა ადამიანში არის ის რაღაც გამოუცნობი, რომელსაც სახელი არ აქვს და სწორედ ის ვართ ჩვენ” ამბობს გოგონა შავი სათვალით რომანში და ზუსტად ამბობს. ეპიდემია რომ ნათელი სიბრმავისაა ამას აქვს აზრი და საერთოდ დაბრმავდა ეს ხალხი და უკეთ დაინახა, თუ ხედავს მაგრამ მაინც ბრმაა ესეც კარგი შეკითხვაა.

ცრემლების ძაღლი ამ რომანის ჩემი საყვარელი პერსონაჟია. წარმოგიდგენიათ ცრემლების ძაღლი? აი ასეთების მოგონება შეუძლია ამ კაცს. არიან მწერლები, რომლებიც წერენ კარგად, მაგრამ ენის მოსაფხანად და დიდად არც არაფერი აქვთ სათქმელი, აღმწერლები არიან მათ ეზოში თუ ქალაქში მომხდარი ამბების, კარგი საქმეა ეგეც. ისეთებიც არიან, თავის ეპოქაზე რომ წერენ და მაგრები არიან. სარამაგო დიდ და უნივერსალურ ამბებზე წერს და ისევე მნიშვნელოვანია დღეს, როგორც იყო გუშინ და იქნება ხვალაც. მის ყოველ რომანს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი. მიყვარს მე ასეთი, ნამდვილი მწერლები, ღირებული სათქმელით. ეს რომანიც ნამდვილად არის წასაკითხი, საფიქრალი და ნამდვილად დაგამახსოვრდებათ დიდი ხანი თავისი ამბით, მოვლენებით და ასევე, პერსონაჟებით.

Published June 2nd 2015 by Vintage (first published January 1st 2014)
Published June 2nd 2015 by Vintage (first published January 1st 2014)

სულ არ ვიცოდი ამ წიგნში საქართველოზე თუ რამე ეწერა ისე დავიწყე კითხვა – თუ არ ვცდები WSJ-ის საზაფხულო საკითხავის რეკომენდაციებში იყო და იქიდან ამოვარჩიე. აქვე ვიტყვი, არ შევმცდარვარ, თავისუფალ დროს ხანგრძლივი კითხვისთვის, ერთი ჩაკითხვისთვის კარგი წიგნია. პრინციპში ისედაც, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, თვითმფრინავებში. ხოდა თვითმფრინავებზე თუ ვსაუბრობთ ეგეთების ეპოქა ამ წიგნში მთავრდება. ასეა თუ ისე, სასიკვდილო Georgia Flu კაცობრიობას საქართველოდან მოედება და ამ ეპიდემიით დასრულდება ელექტროენერგიის, ინტერნეტის, საჰაერო მიმოსვლის, ავტომობილების, ანტიბიოტიკებისა და ზოგადად თანამედროვე ცივილიზაციის ეპოქა. თუ ეროვნული მოტივები გაინტერესებთ, ამით იწყება და მთავრდება ჩვენი მოწყენილი ქვეყნის ბედი ამ წიგნში.

მაშ ასე, პოსტ-აპოკალიპტურ ეპოქაში ცოტა ვინმე თუ გადარჩება, აქედან უმეტესობას გაუმართლებს, სულ რამდენიმე კი წინასწარ მიხვდება საშიშროებას და მომზადებული შეხვდება. ამ შეცვლილ სამყაროში ერთი ქარავანი დაჟანგებულ მანქანებში შებმული ცხენებით დადის. “მოგზაური სიმფონია” ყოფილი მსახიობებისა და მუსიკოსებისგან შედგება და იმ იდეით რომ “survival is insufficient” / “გადარჩენა არასაკმარისია” (ეს სტარტრეკიდანაა) მოგზაურობს, რათა გადარჩენილი ადამიანებით დასახლებულ მცირე “კუნძულებზე” სახელდახელო წარმოდგენები გამართოს და ასე შემოუნახოს კაცობრიობას შექსპირი და შეუნარჩუნოს მშვენიერების აღქმა. ამ ქარავანის ერთ-ერთი წევრის, რამდენიმე სხვა გადარჩენილი ადამიანის და ერთ-ერთი ახლადმოვლენილი წინასწარმეტყველის ბედს კი ერთმანეთთან მეფე ლირის წარმოდგენისას, სცენაზე გარდაცვლილი მსახიობი არტურ ლინდერი და მისი ისტორია აკავშირებს. ეს ქარავანი კია მუსიკოსებისა და მსახიობების, მაგრამ კარგად შეიარაღებული დაიარება და მისი მსახიობები სულაც არაა გამორიცხული “რომეო და ჯულიეტას” წარმოდგენამდე შეიარაღებულ ჩხუბებში მონაწილეობდნენ. ტყვია-წამალი ამ დროს ცოტაა და არის დანების ტრიალი და მშვილდების სროლა ძირითადად. მოკლედ ასეთი დროა და ეგეთების საკითხავს ბევრი მიმდევარი ყავს.

კარგი დაწერილი წიგნია, ისეთი საღამოს აივანზეც რომ წაიკითხავ, შუადღეს ჰამაკშიც და დღისით ზღვის სანაპიროზეც. მე რომ დავიწყე კითხვა გამიჭირდა გადადება სანამ ბოლოში არ გავედი, საინტერესოდ ვითარდება ამბავი და მიყავხარ ბოლომდე. თანაც არ არის ისეთი, უბრალოდ დროის გასაყვანი წიგნი, მართალია კლასიკოსების მწვერვალებიდან არ გვესაუბრება, მაგრამ ვინ თქვა რომ მარტო ეგენი უნდა ვიკითხოთ? ეგრე ხომ სულ ერთ ადგილზე ვიქნებით? თანაც 2015 წლის ერთ-ერთი პრესტიჟული ნომინაციის PEN/FAULKNER-ის ფინალისტია და ეს რა, ბევრად მცოდნე ხალხს ძალიან კარგად აქვს შეფასებული.

წაიკითხავ და მართლა გრჩება კარგი ემოცია წიგნისგან, ცოტას მიმოიხედები გარშემო და უფრო კარგად დაინახავ იმას, რაც შეიძლება ძალიან თავს გაბეზრებს, მაგრამ მაინც გიყვარს და მეც ხომ ახლა ამ ყველაფერს გარიდებული ვწერ ამ მოკლე შთაბეჭდილებებს (წიგნის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, აეროპორტში მოწყობილი ცივილიზაციის მუზეუმია: საკრედიტო ბარათებით, გაფუჭებული ლეპტოპებით, უვარგისი მობილურებით, ავტო-ძრავებით, თვითმფრინავებით, გაზეთების გვერდებით სავსე).

მაგრამ ადამიანი რომ მაგარია ესეც არის ამ წიგნში, აბა ისე უფრო რთულად იქნებოდა ეგეთი რომანის გაყიდვა და “მოგზაური სიმფონია,” მოხალისე ჟურნალისტი და გარდაცვლილი მსახიობის ძველი მეგობარი ახალი იმედის შემოქმედები ხდებიან. ოღონდ ეს იმედი არაა ისე დაწერილი, რომ იმედი გაგიცრუოს. მქრქრალია და ოდნავ მბჭუტავი, ეგ არის და ეგ. ან გამოვა და ან არა.

რომანის დასაწყისში ჯოჯოხეთი – ეს სხვა ადამიანებია, ბოლოს კი ჯოჯოხეთი ისაა, როცა ადამიანები გენატრება. და ასე იცვლება პერსონაჟების და ალბათ მკითხველების წარმოდგენებიც ბევრ რამეზე. ამიტომაც კარგია ასეთ კატაკლიზმებზე კითხვა, საინტერესო ემოციებს და ფიქრებს აჩენს ხოლმე, ეგაა ოღონდ მართლა Georgia Fly არ გვინდა, რამდენიმე ათეულ საათს, რაღაც შანსს ჩვენც ვიმსახურებთ.

Published 2014 by ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
Published 2014 by ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

აკა მორჩილაძეს ბევრად უფრო კარგი რომანები აქვს დაწერილი. მკითხველს ვინ ეკითხება, მაგრამ ეს ქემერა მის რომელიმე რომანში ერთ საინტერესო პერსონაჟად გამოდგებოდა, თუმცა მთელი რომანი ქურდებზე, ტოტალიზატორებზე, მაზავშიკებზე, საქმის გარჩევებზე, რუსეთში ჯარში ყოფნაზე და თბილისურ “დვიჟენიებზე,” ჩემთვის ნამეტანია. კი, არის ეს თბილისის წარსული, ნაწილობრივ დღევანდელობაც და ისე, ვინ იცის, იქნებ მომავალიც, მაგრამ მაინც ამდენმა ქუჩის ამბავმა და ჟარგონმა დამღალა მთელ რომანში. არის იქ სახალისო ამბები და ისტორიები, ძირითადად ისეთი, რომ ან თავად გადაგხდენია და ან კიდევ შენს გვერდით მომხდარა, გაიცინებ, ზოგჯერ თავსაც გააქნევ – აუ ბიჭო, რა დროში მიწევდა ყოფნაო და ეგენი არის ამ წიგნში: კითხულობ და რა მოგონილი, დოკუმენტური პროზაა. მაგრამ ზოგადად ეს თემები, როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე კინოში, იმდენად ხშირია და იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ რაიმე ახალი სიო ძნელად მოდის, ახალი ემოცია არ არის. ერთია რომ აკას შეუძლია სხვადასხვა ენის მორგება, ხან ტიფლისურის, ხან იმერულის და ასე კარგად წერა და ამ თბილისურ/ნახალოვკურ ამბავშიც რომ შეუძლია კარგად წეროს ეს ჩანს ამ რომანში, მაგრამ არ მგონია მაინც და მაინც ამის დამტკიცება სჭირდებოდეს ლიტერატურული ენის ამბავში. რამოდენიმე თავი მეტად ხალისით წავიკითხე, განსაკუთრებით ფიზიკის მასწავლებელ ამბაკო ქასაძეზე, ძეგველების დახასიათებაზე რატომღაც მაგრად ვიხალისე – ეგენი არანაირ გაგებას არ აწვებიან, პროსტა ძეგველები არიანო. ისე კაი საზრიანი ბიჭი კია ეს ქემერა და იმედი მაქვს ახლა ჯანმრთელად და კარგადაა. ცოტა დროც ხომ შეიცვალა და იმედია თვითონ მშვიდად ცხოვრობს და შვილები კი კარგად სწავლობენ.

Published 2013 by Sulakauri Publishing (first published January 1st 1977)
Published 2013 by Sulakauri Publishing (first published January 1st 1977)
ლექსებს რომ რიტმი აქვთ ვიცით. რომანების წაკითხვასაც უნდა თავისი რიტმი და ჩემი აზრით, განსაკუთრებით ეს ამ ორი რომანის კითხვისას არის საჭირო. იასუნარი კავაბატას „თოვლიანი მხარე“ და „ათასფრთიანი წერო“ ისეთი რომანებია, კითხვის დამცხრალი ტემპი რომ სჭირდება. არაა ეს ისეთი ნაწერები, ერთი მისვლით რომ გადაყლაპავ, ჩაიკითხავ ბოლომდე, ან მოგეწონება ან არა და დამთავრდა. აქ კი ვუტრიალე და ვუტრიალე ზოგიერთ პარაგრაფს მრავალჯერ. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ასე მოთხრობებში, წავაწყდები რაღაცას შიგნით და ვკითხულობ ათასგვარად. „კიკუჯი სახლს რომ მიუახლოვდა, ვარდისფრად აელვარებული ცის ტატნობი თანდათან ჩაქრა, მუქ ვარდისფრად აელვარებული საღებავი თანდათან ჰორიზონტისაკენ ჩაიწურა, იქ, სადაც ეს-ესაა მიმწუხრის მზე ჩაესვენა და ცის დასალიერი დაფიონმა ააპრიალა.“ („ათასფრთიანი წერო“) ასეთ რამეებს იოლად ვერ „ჩაარაკრაკებ“ ხოლმე. ამას ახლა მეორე სათქმელთან მივყავარ ამ კაცის რომანებზე.

ადამიანთა ამბები ამ რომანებში სულ არ არის მხოლოდ ადამიანთა შორის მომხდარი ისტორიები. ეს არის ურთიერთობები საგნების, გარემოს, ნივთების და ჩაის გარშემო – მათ შორის და მათთან ერთად და არა მხოლოდ მათ ფონზე. აქ საგნებსა და ნივთებს, ბაღებსა და ხეებს, ტოტებსა და ყვავილებს, არანაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე იმას, თუ რას საუბრობენ პერსონაჟები. ამ ორივე რომანში ადამიანების გაგება მხოლოდ ამ საგნების, მოვლენებისა და ნივთების მოცემულ დროსა და ვითარებაში არსებობის, განლაგების თუ ფერის კონტექსტში გაიგება და ვერავითარ შემთხვევაში ცალკე. ნახეთ ეს: „ქუჩაში სეირნობისას არაერთი ლამაზი, გემოვნებით ჩაცმული ქალი შევნიშნე. ქალაქის ბოლოს გვირაბს რომ მივუახლოვდი (გვირაბის თავში, ჩემს მხარეს, კლდე მეწამული ფოთლებით იყო გადაწითლებული, ბოლოში, გასასვლელთან კი მწვანე ხავსი ჰქონდა მოდებული), თეთრსვიტრიანი ლამაზი ქალიშვილი შემომხვდა, რომლის არაჩვეულებრივი სილამაზე მწვანე ხავსის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო.“ („ათასფრთიანი წერო“).

ამიტომაც ვთქვი დასაწყისში, რიტმის აღება რომ უნდა ერთგვარი, კითხვისთვის და მერე ადამიანების სხვა საგნებისა და მოვლენების შორის დანახვა. ხოდა თუ ამ რიტმს აიღებთ მერე უკვე მელოდიასაც გაიგებთ. მიდის ასე მოთხრობა ადამიანებზე, კაცზე, რომელიც „მოგზაური კაცის მსუბუქი სევდით შეპყრობილი“ (ეს აღწერა ძალიან მომეწონა, თვითონაც ბევრს ვმოგზაურობ და ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა) მატარებლის ვაგონში მგზავრობისას ლამაზ ქალს გადააწყდება, მაგრამ პირდაპირ შეთვალიერებას, გამოლაპარაკებაზე რომ არაფერი ვთქვათ ზედმეტ სითამამედ თვლის, მით უმეტეს რომ ქალი ავადმყოფ კაცთან მგზავრობს. და უყურებს მთელი გზა ამ ქალის თვალებს ირიბად – ვაგონის ფანჯარაში არეკლილს და ხედავს გარეთ, მინდორში დანთებული კოცონი როგორ ირეკლება იმის სახეზე: „ანაზდად, ქალს სახეზე მინდორში აბრდღვიალებული ცეცხლის ათინათი მოეფინა, მაგრამ ათინათმა შორეული ცეცხლის შუქი ვერ დაჯაბნა, თუმცა ვერც ცეცხლმა აჯობა საკუთარ ათინათს – ათინათმა ქალის სახე მთლიანად მოიცვა, მაგრამ ვერ აანთო, ვერ აავარვარა, ვინაიდან ეს თავად ცეცხლი კი არა, იმ ცეცხლის მხოლოდ ცივი და შორეული ნათება იყო. აი, ცეცხლის ათინათმა სარკეში არეკლილ თვალში ჩაიხედა, შიგ შუქად ჩადგა და საღამოს ბინდისფერ ტალღებში მოკიალე, იდუმალებით მოცულ ციცინათელას დაამსგავსა.“ („თოვლიანი მხარე“). აუცილებლად ჩამოკრავს მელოდია თქვენ გონებაში ასეთი ეპიზოდების შემდეგ.

ორივე ნოველა სევდითაა სავსე, სევდით, რომლებიც სავსეა სინატიფით და სიყვარულით. „თოვლიანი მხარეში“ კაცს უყვარს ახალგაზრდა გეიშა და ასევე ქალი, რომელიც მატარებელში შეხვდება. მაინც მარტოსულია ეს კაცი და ასე მოგზაურობს გაუთავებლად ოჯახსა და თოვლიან მხარეს შორის საყვარელი ქალის მოსანახულებლად. რომანის ბოლოს აღწერილი ხანძარი და სიკვდილი მიწაზე, ხოლო ირმის ნახტომით მოხატული უსასრულო და მუდმივი ცის კონტრასტიცა და ერთიანობაც ჯადოქრულადაა დაწერილი, „ათასფრთიანი წერო“ კიდევ უფრო რთული ამბავია, სადაც ახალგაზრდა კაცს გარდაცვლილი მამის „მემკვიდრეობაში“ ორი მისი ყოფილი საყვარელიც რჩება, რომლებიც ძალიან ღრმა, სამუდამოდ დამამჩნეველ ღარებს ავლებენ მისი ცხოვრების ზედაპირზე. და არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახები, მათი შვილები და ის ფაიფურიც კი, რომლებიც ხელიდან – ხელში, ოჯახიდან ოჯახში, ერთი საყვარლიდან მეორე საყვარლის ხელში გადადის, მანამ სანამ, ისინიც ისევე საბედისწეროდ არ გადაეყრებიან მათივე მეწყვილეს, როგორც რომანის პერსონაჟები. “ათასფრთიანი წეროს“ კითხვისას ჯერ ძალიან დრამატული ინტიმური ურთიერთობების მომსწრე ხდები, მერე თანდათან იღვიძებს შენში ყოველდღიური საქმეების გამო სადღაც შორს გადახვეწილი შეგრძნებები, უფრო მეტად, სულ ცოტათი მაინც უკეთესი ხდები და ბევრად უფრო სევდიანიც – არა მხოლოდ პერსონაჟების ბედის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სამყარო ასეთი მშვენიერი, ადამიანი კი ესოდენ იდუმალია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s