უილიამ ფოლკნერის სიტყვა ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღებისას

ქალბატონებო და ბატონებო,

ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩემს შრომას ეკუთვნის და არა პიროვნულად მე. იმ ცხოვრებას, რომელიც სულის აგონიასა და ოფლში გავატარე. ჯილდოსა და მოგებაზე არასოდეს მიფიქრია და მხოლოდ იმას ვცდილობდი, ადამიანის სულის მასალისგან მანამდე არარსებული რამ შემექმნა. ასე რომ, ეს ჯილდო მხოლოდ პირობითად მეკუთვნის. რთული არ იქნება ფულადი პრიზის კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენება, როგორც ამ ჯილდოს არსსა და მიზნებს შეეფერება. თუმცა, ასევე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მაღალი ტრიბუნა და იმ ახალგაზრდა კაცებსა და ქალებს მივმართო, რომელთაც საკუთარი ცხოვრება იმავე ტანჯვასა და შრომას მიუძღვნეს, რომელსაც მე ვემსახურები. მათ შორის კი უკვე არის ის, ვინც ერთ დღეს იქ აღმოჩნდება, სადაც ახლა მე ვდგავარ.

დღეს ჩვენი ტრაგედია ის საერთო და საყოველთაო ფიზიკური განადგურების შიშია, რომელსაც უკვე იმდენი ხანია განვიცდით, რომ მივეჩვიეთ კიდეც. სულის პრობლემები კი აღარავის ახსოვს. არსებობს მხოლოდ ერთი შეკითხვა: როდის ავფეთქდებით ყველანი? ამის გამო, დღევანდელმა ახალგაზრდა მწერალმა კაცმა თუ ქალმა დაივიწყა ადამიანის გულის სათქმელი, გულისა, რომელიც მუდმივ წინააღმდეგობაშია და ერთადერთია რის შესახებაც ღირს წერა, რის გამოც ღირს აგონიაცა და ოფლიც, რადგანაც მხოლოდ მასზე გადის კარგი ნაწარმოების შექმნის რთული გზა.

მწერალმა ახლა თავიდან უნდა შეიმეცნოს და ისწავლოს, რომ შიში ყველაზე მარტივი რამაა. როდესაც ის ამას შეიგნებს, სამუდამოდ უნდა დაივიწყოს მისი არსებობა და საკუთარ სახელოსნოში მხოლოდ უნივერსალური ჭეშმარიტებისა და გულის სიწრფელისათვის დატოვოს სივრცე. სიყვარულის და ღირსების, სიბრალულის და სიამაყის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის გარეშე ნებისმიერი მოთხრობა ეფემერული და განწირული იქნება. სანამ მწერალი ამას ვერ შეძლებს, მისი შრომა წყეულია. იგი დაწერს არა სიყვარულის, არამედ ვნების შესახებ, დაწერს დამარცხებებზე, სადაც არავინ კარგავს ღირებულს; გამარჯვებებზე, რომელიც არ იქნება იმედის მომცემი და რაც ყველაზე ცუდია, დაწერს სიბრალულისა და თანაგრძნობის გარეშე. მისი მწერლობა არ იქნება საყოველთაო წუხილის გამოძახილი და არ დატოვებს იარებს. ასეთი მწერალი დაწერს არა გულის, არამედ მხოლოდ გლანდების შესახებ.

სანამ ის ამ ყველაფერს არ გააცნობიერებს, დაწერს ისე, თითქოს კაცობრიობის აღსასრულის მოწმე იყოს. მაგრამ მე უარს ვამბობ შევეგუო ადამიანის დასასრულს. არ არის რთული იმის თქმა, რომ ადამიანი გადარჩება და იგი უკვდავია. რომ როდესაც აღსასრულის ბოლო ექო გადაიქუხებს და უკანასკნელ მთასაც გადაივლის მომაკვდავ წითელ საღამოს, მაშინაც კი გაისმება თუნდაც ერთი ხმა – სუსტი და უშრეტი, რომელიც ისევ საუბრობს.

მე უარს ვამბობ შევეგუო ამას. მე მწამს, რომ ადამიანი არა მარტო გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც. იგი უკვდავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სხვა არსებას შორის მხოლოდ მას აქვს უშრეტი ხმა, არამედ იმიტომაც რომ მას აქვს სული – სული, რომელსაც შეუძლია თანაგრძნობა, თავგანწირვა და გადარჩენა. სწორედ ამის შესახებ წერაა პოეტისა და მწერლის მთავარი მოვალეობა. მისი პრივილეგიაა გადაარჩინოს ადამიანი, გული გაუმაგროს იმ სიმამაცისა და ღირსების, იმედისა და სიამაყის, მიმტევებლობისა და თავგანწირვის შეხსენებით, რაც ჩვენი წარსულის დიდებას განაპირობებდა. პოეტი უბრალოდ კი არ უნდა ახმოვანებდეს ადამიანის სათქმელს, არამედ მისი გამამხნევებელი დასაყრდენი უნდა იყოს, საყრდენი, რაც მას გადარჩენასა და გამარჯვებაში დაეხმარება.

10 დეკებერი, 1950

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s