მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ.
ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიცვალა და რომ “ძალაუფლება,” ისე როგორიც ჩვენ ვიცით აღარ არსებობს. “ძალაუფლების დასასრული: შეხვედრების ოთახებიდან ბრძოლის ველამდე, ეკლესიებამდე და სახელმწიფოებამდე: რატომ აღარ არის ძალაუფლებაში ყოფნა ისეთი, როგორიც ადრე იყო” (Basic Books, 2014) საუბრობს ძალაუფლების დასასრულის შესახებ.
ნაიმის პერსპექტივა ძალიან საინტერსოა, იგი საუბრობს არა იმაზე, თუ რომელი ქვეყანა იქნება დომინანტი ხვალ და რომელი რეგიონი სუსტდება ახლა (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია). მისი წიგნის თემა ისაა, თუ რა ემართება თანამედროვე გარემოში თავად ძალაუფლებას ანუ იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობებმა, ბიზნესმა და სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის.
ძალიან მოკლედ, ნაიმის შეხედულება ასეთია: თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს ძალაუფლების გახრწნა, მისი ეროზია (ამით ის ეხმიანება ფუკუიამასაც, რომელმაც ამ საკითხს ცალკე ტომი მიუძღვნა, ასევე 2014-ში) და რომ ძალაუფლებას და მის მფლობელებს ახლა ბევრად უფრო ნაკლები შეუძლიათ ვიდრე ადრე. მსოფლიოში სახეზეა “მეტის, მობილობისა და მენტალობის” რევოლუცია: ჩნდებიან მეტი და მეტი მოთამაშეები (“აქტორები”), როგორც ქვეყნების შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, რომლებიც მეტად ეფექტიანად მოიპოვებენ და იყენებენ ძალაუფლებას (მეტის რევოლუცია); ადამიანთა, კაპიტალის, ინფორმაციის მობილობა იწვევს ახალი კონკურენტებისა და იდეების გაჩენას (მობილობის რევოლუცია); შედეგად, ჩვენ ყველანი სხვაგვარად ვუყურებთ და აღვიქვავთ ძალაუფლებას: თავად ჩვენ შეგვიძლია მეტი და ასევე მეტს მოვითხოვთ მათგან, ვისაც ეს ძალაუფლება აქვს (მენტალობის რევოლუცია).
ასეთი სამმაგი რევოლუცია, გაძლიერებული თანამედროვე ინოვაციებითა და ტექნოლოგიური რევოლუციით იწვევს იმას, რომ ბარიერები (მონოპოლიები, კომპანიების ტრადიციული უპირატესობები, ინფორმაციასა და მედიაზე ხელმისაწვდომობა, გადაადგილებისა და კომუნიკაცის სირთულეები, სავაჭრო ტარიფები და სამთავრობო სუბსიდიები, მთავრობების დახურულობა, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების დომინანტობა), რომლებიც ზღუდავდნენ ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობებს და მათ რჩეულთა მცირე ჯგუფის პრივილეგიად ხდიდნენ მცირდება, სუსტდება და ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ქრება. და ეს ხდება არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში. ძალაუფლება აღარ არის სრულად და მხოლოდ მათ ხელში, ვისაც იგი ტრადიციულად ეპყრა: სახელმწიფოების, მათი ლიდერების და მთავრობების, დიდი კორპორაციებისა და ბანკების, ძირითადი რელიგიური ოგრანიზაციებისა თუ დიდი მედია კომპანიების ხელში. ის ახლა ასევე აქვთ პატარა ქვეყნებს და მათ გაერთიანებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალ მედიას, ვირტუალურ კომპანიებს, ჰედჯ ფონდებს, ტერორისტებს, ცალკეულ ბლოგერებს, ახალ სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, პოპულისტ ლიდერებს, მოქალაქეებს თუ ახალ ჰუმანიტარულ ფონდებს. შედეგად, ძალაუფლების მოპოვება გახდა უფრო ადვილი, გამოყენება უფრო რთული, ხოლო მისი დაკარგვა უფრო იოლი.
ნაიმი ამ დასკვნებამდე საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენიების განხილვის შემდეგ მიდის. უპირველეს ყოვლისა, იგი ეყრდნობა იმ, უკვე ფართოდ ნაცნობ და განხილულ ფაქტს, რომ დემოკრატიების რიცხვი რეგულარულად იზრდება. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ლიდერებს უფრო ნაკლები ძალაუფლება აქვთ, რადგანაც ეს ძალაუფლება უფრო და უფრო მეტად იზღუდება საარჩევნო პერიოდებით, პოლიტიკური კოალიციებით, მეტი გამჭვირვალობის სტანდარტით, სოციალური მედიის ზეგავლენით, ოპოზიციის ზეწოლითა და უფრო ძლიერი კონკურენციით პოლიტიკურ ველზე, რომლებიც არჩეული ლიდერების შესაძლებლობებს ზღუდავენ; ნაიმი ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ სუსტდება სახელმწიფო თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში და რამდენად ნაკლები შეუძლიათ მის ლიდერებს დღეს; როგორ ეფექტურად შეუძლიათ შედარებით სუსტ ქვეყნებს ან მათ ჯგუფებს ხელი შეუშალონ დიდ სახელმწიფოებს მათი მიზნების მიღწევაში; როგორ უჭირთ დიდ არმიებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან გამკლავება და როგორ გადადის მონოპოლია ძალადობაზე სახელმწიფოდან კერძო კომპანიების ხელში; როგორ შეიცვალა კონკურენცია ბიზნესში, სადაც ტრადიციულ დიდ ბანკებსა და კორპორაციებს, რომლებიც ათასობით ადამიანსაც ასაქმებდნენ, ლიდერობაში წარმატებით ეცილებიან ონლაინ ფირმები, სადაც რამოდენიმე ადამიანი მუშაობს ან ხშირად ყველასათვის უცნობი ჰედჯ ფონდები, რომელთა პირველმა ათეულმა მაგალითად, 2010 წელს უფრო მეტი შემოსავალი ნახა, ვიდრე მსოფლიოს უდიდესმა ათმა ბანკმა ერთად აღებულმა.
წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ იგი მხოლოდ ტრადიციული “მოთამაშეების” (მთავრობა, სახელმწიფოები, ბიზნესი) განხილვით არ შემოიფარგლება და აანალიზებს ძალალაუფლების სხვა მნიშვნელოვან შემადგენლებსაც. იმას, თუ როგორ იცვლება თამაშის წესები მაგალითად, დიდი ქველმოქმედებისა და საგარეო დახმარების სფეროში, სადაც ტრადიციულად დიდ აქტორებს (ქვეყნები და დიდი ფონდები, როგორებიცაა მაგალთად როკფელერის ფონდი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა მსგავსი) დღეს წარმატებით ეცილებიან შედარებით მცირე, მაგრამ უფრო მოქნილი, სწრაფი და ლოკალური წვდომის ორგანიზაციები; როგორ იცვლება სიტუაცია რელიგიასა და მედიაში, ამ ორ უმთავრეს ინსტიტუტში, რომელთაც გააჩნიათ დიდი გავლენა ჩვენს სულებსა და გონებაზე. აქაც, ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციები სწრაფად უთმობენ ასპარეზს მცირე, ადგილებზე წამოწყებულ მიმდინარეობებს, რომლებიც ლოკალურ ამბებზეა ორიენტირებული და რომ დიდი მედია ჯგუფები აღარ წარმოადგენენ ერთადერთ გავლენიან ინფორმაციის წყაროებს.
ამასთან ნაიმი, ძალზედ სწორად ჩემი აზრით, არ ცდილობს თქვას რომ სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები, დიდი ბიზნესი და კათოლიკური ეკლესია მაგალითად, აღარ არიან ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი აქტორები საერთაშორისო ამბებში და რომ უმნიშვნელო გახდა ვთქვათ დიდი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები ან მათი დაფინანსება. სულაც, არა. წიგნი იმას გვიჩვენებს, თუ რა აღარ შეუძლიათ მათ გააკეთონ ისე, როგორც ადრე შეეძლოთ და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. პრინციპში, ცალკე აღებული ყველა ეს თემა თქვენთვის ნაცნობი იქნება თუკი წაგიკითხავთ, მაგალითად რობერტ კაპლანის “The coming anarchy,” ჰანტინგტონის “მესამე ტალღა,” ლარი დაიმონდის, თომას ფრიდმენის, ფრენსის ფუკუიამას და სხვა თანამედროვე ავტორების ნაწერები დემოკრატიაზე, გლობალიზაციაზე და პოლიტიკაზე. მაგრამ “ძალაუფლების დასასრული” იმითაა დასაფასებელი, რომ იგი ამ ყველაფერს ერთიან სურათად გვთავაზობს და საერთო მოზაიკას დამაჯერებელი ლიგიკით აწყობს.
თუკი ძალაუფლება მართლაც “სრულდება,” იმიტომ რომ იგი თანდათან უფრო და უფრო მეტის ხელში ხვდება და შესაბამისად მთავრობებს, ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ნაკლები შეუძლიათ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს? რა თქმა უნდა აქ უკვე ჭიქა სანახევროდ სავსეა ან ცარიელი, გააჩნია თქვენს პერსპექტივას. ერთის მხრივ, მთავარი დადებითი მოვლენა არის მონოპოლიების, დიქტატურებისა და ავტოკრატიების დასუსტება და თავისუფლების მეტი ხარისხი მსოფლიოში. მეორეს მხრივ, ძალაუფლების ნაკლებობა ნიშნავს საქმის კეთების ნაკლებ შესაძლებლობას, რაც როდესაც საქმე კოლექტიურ, მით უმეტეს საერთაშორისო, მოქმედებასთან მიდის, დიდ პრობლემებს წარმოშობს. ისეთი გლობალური საკითხები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი, ბირთული იარაღის გავრცელება, შიმშილი და ეპიდემიები საერთო ძალისხმევას მოითხოვს დიდი სახელმწიფოებისგან, მაგრამ მათი მთავრობები დასუსტებულნი არიან სწორედ მათივე ძალაუფლების ეროზიით, სადაც არჩეულ პრეზიდენტებსა თუ პრემიერ მინისტრებსაც კი ბევრად უფრო ნაკლები შეუძლიათ ვიდრე ადრე: ისინი აღარ არიან ძველებურად თავისუფალი და მოქნილი. ისინი ახლა ბევრად უფრო მეტი აქტორის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და ბევრად უფრო მეტი გარემოების გათვალისწინება უწევთ ვიდრე მათ წინამორბედებს. კარგი მაგალითია ამერიკა, რომლის დღევანდელ მდგომარებასაც ფუკუიამამ ‘ვეტოკრატია’ უწოდა. არსებულ სირთულეებს კარგად უჩვენებს ისიც, რომ მაგალითად 2012 წელს მსოფლიოს 35 უმდიდრესი დემოკრატიის არჩეული პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, მხოლოდ 4-ის პარტიას თუ ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტებში.
თანამედროვე გარემომ, “მეტის, მობილობისა და მენტალობის” რევოლუციამ შევალა სახელმწიფოები, ბიზნესი, ქველმოქმედება, ეკონომიკა, რელიგიური ორგანიზაციები, პროფკავშირები, მედია. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერმა ყველაზე ნაკლებად პოლიტიკურ სისტემებსა და ორგანიზაციებში შეაღწია, ჩვენ ჯერ კიდევ 18-ე საუკუნის პოლიტიკური მოდელებით ვცხოვრობთ. მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილებები მომწიფდა და ისინი გარდაუვალია. კითხვა უფრო იმაში მდგომარეობს მზად ვართ თუ არა ჩვენ და ჩვენი პოლიტიკა ამისათვის და რა მოხდება თუკი მომავალ რევოლუციურ ცვლილებებს პოლიტიკაში მოუმზადებელი შევხვდებით.
მაშ ასე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ერთის მხრივ მსოფლიომ გააგრძელოს მსვლელობა მეტი თავისუფლებისა და უკეთესი კონკურენციისკენ ბიზნესში და მეორეს მხრივ თავიდან აირიდოს ჰობსისეული გადარჩენისათვის დაუზოგავი ბრძოლა, სადაც წესრიგი აღარ არსებობს და ყველა ყველას წინააღმდეგია? ყველაზე მნიშველოვანი რა თქმა უნდა ასეთი შეკითხვებისას მათზე პრაქტიკული პასუხების მოძებნაა და თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებაში ბევრი მსჯელობაა ამაზე, განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ჩემთვის, როგორც პოლიტიკური განვითარების პრაქტიკოსისთვის, სასურველი იქნებოდა ნაიმს აქ მეტი და უფრო ფართოდ დაეწერა, მაგრამ ის რაც დაწერა ღირებული და მნიშვნელოვანია და კარგ ორიენტირებს გვაძლევს სამომავლოდ ყველას, ვინც ამ საქმეში ვართ.
მისი “რეცეპტი” შეიძლება კონტრ-ინტუიტიურიც იყოს ბევრისთვის. ნაიმის აზრით, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ძალაუფლების მდგომარეობის შესახებ მეტი მსჯელობა სხვადასხვა დონზე, რათა უკეთ გავიგოთ თუ რა ტრაექტორიით ვითარდება ჩვენი სახელწიფოები და ჩვენი პოლიტიკა. აუცილებელია მეტი ძალაუფლების მიცემა პოლიტიკოსებისათვის, ზედმეტი ბალანსების მოცილება დემოკრატიულ სისტემებში (“ნაკლები დემოკრატია”) და პოლიტიკური პარტიების გაძლიერება. რა თქმა უნდა ყოველივე ეს შეუძლებელია, თუკი არ არსებობს ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (პარტიების ნდობის მაჩვენებელი გლობალურად ძალიან დაბალია, გლობალურად მცირდება მათი წევრების რაოდენობა, მთავრობები უფრო და უფრო სწრაფად ეცემიან). ამიტომ უპირველესი ამოცანა არის ნდობის აღდგენა პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რათა ყოველივე შემდგომი, განსაკუთრებით კი პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდეს.
პოლიტიკური პარტიების გაძლიერება საკვანძო საქმეა ამ მხრივ, რადგანაც მანამ, სანამ პოლიტიკა კორუფციასა და მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული ნდობის აღდგენა შეუძლებელი იქნება. შედეგად კი პოლიტიკა, არჩევნები და თავად ეს პარტიები გახდება მსხვერლი “საშინელი გამმარტივებლებისა,” როგორ ამას იაკობ ბურჰარდტი უწოდებს, ანუ ერთ საკითხზე ორიენტირებული პარტიებისა თუ პოპულისტური მოძრაობებისა, რომლებიც ასეთ ვითარებაში მოიპოვებენ მეტ ძალაუფლებას (მაგალთად პირატების პარტიები ევროპაში), რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ისეთ ვითარებაში კი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო პოპულარული და ეფექტურია ვიდრე პოლიტიკური პარტიები ეს საკმაოდ რთულია.
რატომ ხდება ასე? რატომ არის, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მეტი ავტორიტეტით სარგებლობს და უკეთ მუშაობს, ვიდრე მრავალი პოლიტიკური პარტია?ეს იმიტომ ხდება, რომ პარტიებისაგან განსხვავებით, არასამთავრობოთა მისიები და სამუშაო გეგმები გასაგებია, ისინი უკეთ იცნობენ საკითხებს, პრობლემებს და ადგილობრივ ვითარებას; მათ წევრებს აქვთ რწმენა რომ მათ აქვთ გავლენა ორგანიზაციის მომავალზე, ისინი ბევრად უფრო კარგად პოულობენ, ამზადებენ და ანვითარებენ საკუთარ კადრებს; არასამთავრობოები ბევრად უფრო გამჭვირვალე და შესაბამისად უფრო სანდონი არიან მათივე წევრებისა და საზოგადოების თვალში, ვიდრე თანამედროვე პარტიები, რომელთაც დაკარგეს იდეოლოგია და პოლიტიკური ხედვები, და მხოლოდ კონკურენტების სკანდალური მხილებებით არიან დაკავებულნი.
მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან არჩევითი ორგანიზაციები, ნაკლები აქვთ საზოგადო ანგარიშვალდებულება, წარმოადგენენ წევრებსა და დონორებს და მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე ორიენტირდებიან. ამიტომაც პარტიების გადაყვანა ახალ მოდელებზე, მათი მისიების ნათლად და ახლებურად ჩამოყალიბება, მათი ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერება, მათ მიერ კანდიდატების უკეთ შერჩევა და მომზადება და მათი როლის გაზრდა პოლიტიკურ ინოვაციებში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა – თავის არიდება ძალაუფლების ეროზიის, მისი დასასრულის ყველაზე ცუდი შედეგებისგან (ანარქია და პოლიტიკური უუნარობა) და იმ პოზიტიური შესაძლებლობების უკეთ რეალიზაცია, თავისუფლების იმ ახალი სივრცეების უკეთ გამოყენება, რომლებიც ტრადიციული ძალაუფლების ეროზიის შედეგად იქმნება.
თვითონ წიგნი კარგადაა სტრუქტურირებული და თუ მაგალითად დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ცალკეულად გაეცნოთ ნაიმის ანალიზს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, მაგალითად რელიგიურ ორგანიზაციებსა თუ მედიაზე. ამასთან, წიგნს კარგი სტატისტიკური დანართიც ახლავს, განმარტებებით დემოკრატიის ევოლუციის და პოლიტიკური რეფორმების ისტორიის თაობაზე.
მოისეს ნაიმის წიგნი წლის მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალური და სასარგებლოა, მეტიც, იგი ახალ რეალობაზე კარგი თვალის ახელის საშუალებაცაა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის. წიგნი ასევე ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც Facebook-ის მარკ ცუკენბერგმა იგი 2015 წელს პირველად წასაკითხ წიგნად დაასახელა. გირჩევთ თუ არა წაკითხვას? აუცილებლად, მით უმეტეს, თუკი მუშაობთ საჯარო, ბიზნესის, არასამთავრობო, მედიის და მით უმეტეს პოლიტიკის სფეროში.