საქართველოს მთავრობას

ბატონებო,

18 მარტს, მსოფლიომ ტელევიზორში უყურა როგორ წაართვა რუსეთმა ყირიმი უკრაინას და საკუთარ ფედერაციაში გააერთიანა. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაში ახალი არაფერი იყო: პოლიტიკის მთავარი ღერძი ამ თქვენს თანამედროვე, პოსტ-მოდერნულ მსოფლიოში ისევ სამხედრო ძლიერება და მისი პოლიტიკურად მოსახერხებელ დროს მარჯვედ გამოყენებაა. იყო დრო, ბევრი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი აზრები დრომოჭმული და რეაქციული იყო და რომ სამხედრო ძალა, როგორც პოლიტიკის შემადგენელი წარსულს ჩაბარდა. თქვენ მთავრობაშიც ხომ ზოგი გულუბყვრილოდ საუბრის მანერით ამხელა ქვეყნის პოლიტიკის შეცვლას იმედოვნებდა. ასე რომ იყოს, ხომ არ დამჭირდებოდა ტომების წერა პოლიტიკაზე. როგორ მინდოდა მათი სახეების დანახვა მაშინ, როდესაც ისინი ვლადიმერ პუტინის გამოსვლას ყირიმის ანექსიის თაობაზე ტელეეკრანებთან უცქერდნენ. მსოფლიოს დიდი ბირთვული სახელმწიფოს ასეთი ქცევა თქვენი ქვეყნის წინაშე მთელ რიგ სასიცოცხლო გამოწვევებს აყენებს. ამიტომაც თქვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია:

საერთაშორისო დიპლომატია

კონსულტაციები მოკავშირეებთან.  ყირიმის მოვლენები რუსეთის გადამწყვეტი მოქმედების ფაზის მაჩვენებელია მაგრამ, არა მისი დასრულების. აუცილებელია დაიწყოთ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები თქვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში შესაძლო უსაფრთხოების კრიზისების თავიდან აცილების, მათთან გამკლავების რეალისტური მექანიზმების შესაქმნელად. ამისათვის თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა NATO-ს შეხვედრების ჩატარება თბილისში, ევროკავშირთან ეფექტური თანამშრომლობა ხელშეკრულების სასწრაფოდ ხელმოსაწერად და საქართველო-ამერიკის მაღალი დონის კონსულაციები. მისასალმებელია, რომ საგარეო საქმეებით დაკავებული მინისტრები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის აუცილებლობაზე საუბრობენ. თქვენმა პრეზიდენტმა და პრემიერმაც უნდა განაცხადონ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია წევრობის პერსპექტივის დაფიქსირება ევროკავშირის მიერ. იგივე უნდა გაკეთდეს ნატოსთან მიმართებაში. ამ მხრივ, აუცილებელია პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხდებები უნისონსში იყოს, რაც გააქარწყლებს ეჭვებს ევროპის ზოგიერთ კუთხეში, რომ კოალიციის შიგნით განსხვავებული პოზიციებია ამ საკვანძო საკითხებზე.

საქართველო-რუსეთის მაღალი დონის შეხვედრის არ დაშვება: საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან, იმდენადვე პოზიტიურია, რამდენადაც უიმედო. მაგრამ ეს დაგეხმარებათ კონსტრუქციული მოთამაშის სახელი დაიმკვიდროთ, რაც პარტნიორებს თქვენს მხარდაჭერას გაუადვილებს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არ მისცეთ რუსეთს თქვენს ლიდერებზე უშუალო ზეწოლის საშუალება. არ არის საჭირო საქართველოს მხრიდან ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გადაჭარბებული ენთუზიაზმის გამოვლენა. რუსეთიდან პირდაპირი წინადადების შემთხვევაში (მედიასთან „ნასროლი ფრაზების“ იგნორირება შესაძლებელი და სასურველია), საუკეთესო იქნება შემხვედრი წინადადება, რომ ასეთი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია და შესაბამისად უნდა მომზადდეს. მზადება ტექნიკურ დონეზე შეიძლება დაიწყოს, მაგრამ მაღალი დონის შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე კონტრ-პროდუქტიული იქნება. ბოლო მაგალითები პუტინის შეხვედრებისა სომხეთის პრეზიდენტ სარგისიანთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან ამის კარგი გაკვეთილებია.

სამხედრო უსაფრთხოება

საქართველო – NATO-ს ერთობლივი წვრთნები. საქართველო-NATO-ს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და ასევე, გაზრდის თქვენი სამხედროების შესაძლებლობებს. NATO-ს ოფიცრების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედებს, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი რუსებისთვის: ისინი არ გარისკავენ სამხედრო მოქმედებებს მაშინ, როდესაც აქ ნატოს მოქმედებები მიმდინარეობს. იცოდეთ, ომი იგივე კომერციაა, სადაც ყველა იხდის იმდენს, რამდენადაც უღირს ესა თუ ის შედეგი. ნატოს სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა რუსეთისთვის საქართველოს სრული დამორჩილების ფასს უფრო მაღალს გახდის, ვიდრე ეს ამის გარეშე იქნებოდა. ასეთი წვრთნები და ერთობლივი ღონისძიებები (არ არის აუცილებელი თვეების განმავლობაში არტილერიის გრუხუნით დააფრთხოთ ქართველები) მიმართული უნდა იყოს ნატო-ს ოფიცრების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მაქსიმალურად ხანგრძლივად ყოფნაზე საქართველოში. ეცადეთ მეტი და მიიღებთ იმას, რაც შესაძლებელია.

სამხედრო შესყიდვები: 2008 წლის ომმა აჩვენა საქართველოს ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების არასათანადო შესაძლებლობები. თქვენი არმია სხვა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად ემზადებოდა და როდესაც რუსეთი თქვენს სახელმწიფოში შემოიჭრა, სხვა ამოცანის წინაშე აღმოჩნდით. თქვენი ჯარი ნაკლებად იყო მზად ტერიტორიული თავდაცვისათვის და მეტად მცირე მასშტაბის ასიმეტრული კონფლიქტის მოსაგებად. თქვენი შეიარაღებული ჯარები თქვენს პოლიტიკურ ამოცანებს  უნდა შეესაბამებოდეს, დღეს ეს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიის დაცვაა. ომის შემდგომ, რუსეთის ზეწოლით მრავალმა ქვეყანამ თავდაცვის შეიარაღების მიყიდვა საქართველოსათვის უბრალოდ შეაჩერა. ახლა ამის შეცვლა შესაძლებელია თქვენს ნატო-ელ და ამერიკელ მეგობრებთან მჭიდრო კონსულტაციებით, რომლებიც თქვენს მაგალითზე მაინც შეეცდებიან სახე შეინარჩუნონ და დაამტკიცონ, რომ მათაც აქვთ გამბედაობის ძარღვი.

საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები. ყირიმის ანექსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის ნება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი. რუსეთის საოკუპაციო ჯარების დედაქალაქთან ახლოს განთავსების დროს, მისი დაცვა პრიორიტეტია, ვინაიდან თბილისი თქვენი ქვეყნის მიზიდულობის ცენტრია. ბუნებრივია, აბსოლუტური პარამეტრებით, თქვენი შეიარაღებული ჯარები ვერ გაუწევენ გადამწყვეტ წინააღმდეგობას რუსებს მაგრამ აუცილებელია შესაძლო აგრესიის  ფასის აწევა და ძვირფასი დროის მოგება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ აქვს თუ არა საქართველოს სათანადო სამხედრო მზადყოფნა იმისათვის, რათა დაიცვას დედაქალაქი მანამ, სანამ დასავლეთი ორგანიზებასა და რაიმე ფორმით მხარდაჭერას მოახერხებს. ამისათვის, მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც თავდაცვის მინისტრს უნდა დაუსვათ შემდეგია: „რამდენი დღე შეგვიძლია დავიცვათ თბილისი?“ ამავე დროს, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში თქვენი მთავრობა შეძლებს გააგრძელოს ფუნქციონირება მანამ, სანამ ფიზიკურად შესაძლებელი იქნება. შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, დედაქალაქის ოკუპაციისგან სრული დაცვა ათი დღე მაინც სავალდებულო მიზანი უნდა იყოს.

                        საშინაო პოლიტიკა

შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია: ქვეყნისა და თქვენი მთავრობისთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, აუცილებელია მეტი შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია საერთო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მართალია არსებობს ბევრი და მტკივნეული განსხვავებები, როგორც თქვენს გუნდს შიგნით (მაგალითად ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოება), ასევე მმართველ და ოპოზიციულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მაგრამ ვფიქრობ, არსებობენ ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან ძირეულ საკითხებზე კონსენსუსისთვის. არ დაგავიწყდეთ ასევე, სამოქალაქო ჯგუფები და სტუდენტობა, რომელიც ნაკლებადაა შეზღუდული მოცემული პოლიტიკური გარიგებებითა თუ ქიშპობით.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენს მთავრობას „რბილი მგზავრობა“ ჰქონდა და მნიშვნელოვანი კრიზისები არ შეგხვედრიათ. თქვენ ზედიზედ მოიგეთ ორი არჩევნები და მოახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიზისების მაღალი ალბათობა არსებობს. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „საკუთარ ღობესთან“ დასავლეთის გაფართოებას არ დაუშვებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს „ღობე“ თქვენს კართანაცაა გავლებული. სხვა სიტყვებით, ან თქვენ უნდა უარყოთ თქვენი ევროპული არჩევანი და სრულად მოექცეთ რუსეთის გავლენის სფეროში ან მზად იყოთ ამა თუ იმ ინტენსივობის კრიზისს გაუძლოთ. არჩევანი თქვენსა და თქვენ საზოგადოებაზეა და პრინციპულად იმაში მდგომარეობს თუ  რამდენად გიღირთ ეს ყველაფერი. ამასთან, თქვენ კოალიციური მთავრობა ბრძანდებით და ეს მართვისას დამატებით სირთულეებს შეიცავს, უნდა დარწმუნდეთ, რომ პრობლემების შემთხვევაში თქვენი კოალიცია ერთიანი დარჩება.

მნიშვნელოვანია ასევე უზრუნველყოთ, პოლიტიკური კონსულტაციებით, რომ თუკი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სხვადასხვა სანქციათა ერთობლიობა და ქვეყანა ეკონომიკური თუ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, ეს არ გახდება ოპოზიციის მიერ თქვენი პოლიტიკური  განადგურების შესაძლებლობა და მოხერხდება ერთიანობის გამოვლენა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე საჭირო იქნება ქვეყნისა და თქვენი მთავრობისთვისაც. თქვენი ქვეყნის ისტორიას რომ ვკითხულობ, მიკვირს რამდენჯერ დაჩაგრულხართ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთთან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზეც კი ვერ შეთანხმებულხართ, მათ შორის ისეთზეც, თქვენს გადარჩენას რომ განაპირობებდა. ერთიანი პოზიცირება გაზრდის თქვენს საგარეო პოლიტიკურ სანდოობას, მთავრობის საზოგადობრივ პოზიციას და ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

სამთავრობო დისციპლინა: თქვენი მთავრობა მრავალ საკითხზე მუშაობს და გასაგებია, რომ სახელმწიფო მართვის მცირე გამოცდილების ფონზე შეცდომებიც იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ვერ აკონტროლებს საკუთარ მოქმედებებს და ვერ ანსხვავებს მნიშვნელოვანს უმნიშვნელოსგან. გახსოვდეთ, გაურკვევლობა  სისუსტეა, ხალხი კი ძლიერის მხარესაა. როდესაც საიდუმლოება საჯარო ხდება, ყველა ჟურნალისტი ამაზე ლაპარაკობს, ხოლო თქვენი წამყვანი მინისტრი ამბობს, რომ არ იცის ეს როგორ მოხდა, ეს საზიანოა თქვენი იმიჯისა და ქვეყნის მდგომარეობისთვის.

არსებული საფრთხეების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობა სარგებლობდეს ნდობით, რომ მას აქვს გეგმა და შეუძლია გაუმკლავდეს სირთულეებს; რომ ერთმა ხელმა იცის, რას აკეთებს მეორე და რატომ. ასეთ დროს, ყველაზე ბოლო, რაც შეიძლება ისურვოთ, იქნებოდა წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ მთავრობისთვის მთავარი საკითხი ის კი არაა, თუ როგორ გაუმკლავდეს სასიცოცხლო საფრთხეებს, არამედ ის, თუ რამდენად იყიდა ყოფილმა მინისტრმა რაღაც უძრავი ქონება ან ის, თუ როგორ დაასუსტოს ოპოზიცია გარდაცვლილი პოლიტოკოსების ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით. მნიშვნელოვანის გამორჩევა, სტრატეგიული კონცენტრაციის უნარი პოლიტიკისა და სტრატეგიის საფუძველია და ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია, დიდ რისკებს ეთამაშებიან დღეს. პოლიტიკა კი ბატონებო, ამ თქვენს მშვენიერ, პატარა მხარეში ისეთივე დაუნდობელია, როგორც ძველ ევროპაში, ჩემ დროს.

პატივისცემით,

კარლ-ფონ კლაუსევიცი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s