„იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“

 „ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ.“  

ნელსონ მანდელას ახალგაზრდობა სავსე იყო ბრაზითა და აგრესიით, რაც შავკანიანთა უუფლებობის განცდისა და თეთრკანიანთა მიერ შექმნილი უსამართლო რეჟიმის შედეგი იყო. 44 წლის იყო, როდესაც ციხეში

"ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ" ნელსონ მანდელა
“ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ” ნელსონ მანდელა

გამოამწყვდიეს, იქიდან კი 71 წლის გამოვიდა. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც უკვე შეეძლო ანგარიშების გასწორება, მოახერხა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა და თქვა: „სიძულვილი გონებას ბინდავს. ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ.“ 

„თუ გინდა მიაღწიო მშვიდობას მტერთან, იმუშავე მასთან, ამის მერე ის შენი პარტნიორი გახდება.“

მანდელამ იცოდა, თუ რა იყო მთავარი მის საქმეში და არ აძლევდა უფლებას სხვა საკითხებს გადაეფარათ მთავარი თემა. მისი უმრავლესობა დაჩაგრული იყო თეთრი უმცირესობისგან და ამის წინააღმდეგ იგი ყველა ფორმით იბრძოდა. როგორც პოლიტიკური ლიდერი, მანდელა ასევე ხედავდა, რომ თანამშრომლობა გარდაუვალი და საჭირო იყო, რადგანაც უმრავლესობის მიერ უმცირესობის განადგურება მორალურად მიუღებელი და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სხვა სიტყვებთ, ის ზუსტად აცნობიერებდა საკუთარ მისიას – დაემყარებინა დემოკრატიული მშვიდობა თავის ქვეყანაში. ამიტომაც მაშინ, როდესაც შავკანიანი თუ თეთრკანიანი რადიკალები ერთმანეთის წინააღმდეგ დარბევებსა და ტერაქტებს აწყობდნენ, მან საკუთარი მეგობრებისა და მხარდამჭერებისაგან მალულად, ჯერ კიდევ ციხეში წამოიწყო მოლაპარაკებები მაშინდელ მთავრობასთან, ხოლო შემდგომ, უამრავი წინააღმდეგობის ფონზე მოახერხა ეთანამშრომლა მათთან, ვინც ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გამოკეტა. 1986 წელს დაწყებული მოლაპარაკებები 1994 წელს დემოკრატიული არჩევნებით დასრულდა და ის ქვეყანას ყოფილ პრეზიდენტ, თეთრკანიან დე კლერკთან ერთად მართავდა.

იმდენად თავისუფალი ხარ, რამდენადაც შეგიძლია

საქართველო ევროპული ოჯახისკენ და შესაბამისად, თავისუფალი სამყაროსაკენ მიემართება, მაგრამ რუსების ტანკები ახლოსაა და შეუძლიათ ჩვენი პროგრესი შეაფერხონ ან თუ ნებას მივცემთ, შეაჩერონ. საბოლოო ჯამში ჩვენზეა, მართლაც დავიჯერებთ თუ არა, რომ შეგვიძლია თანამედროვე, კარგი ქვეყნის შექმნა. როდესაც მანდელა აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავიდა, მისი მოწინააღმდეგეები უპირობოდ ძლიერნი იყვნენ. ისინი ფლობდნენ ძალაუფლებასა და შეიარაღებას, ჰქონდათ მრავალი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ამის მიუხედავად მანდელამ და აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა მძლავრად გაილაშქრეს თავისუფლების მოსაპოვებლად, რადგანაც თვლიდნენ რომ რასიზმის წინააღმდეგ ყველა ფორმით საჭიროა ბრძოლა. „არაფერია მორალურად მოსაწონი იმაში, რომ (რასიზმის წინააღმდეგ) არაეფექტური იარაღი გამოიყენო.“ ამბობდა იგი.  

„ეს არის იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე.“

როგორ უნდა გამოხატოს პოლიტიკოსმა საკუთარი მისია? იმისათვის, რომ კარგი პოლიტიკური ორატორი იყო, საჭიროა იცოდე რისი თქმა გინდა (პოლიტიკური ხედვა) და განიცდიდე, რომ რასაც ამბობ, მართალი და ძვირფასია (ემოციური ინტელექტი). ამის მერე სათქმელიცა და ფორმაც ლაგდება და წესრიგდება. სასამართლო პროცესზე, სადაც განაჩენი უკვე პრაქტიკულად გამოტანილი იყო, მანდელამ იცოდა, რომ სამართლებრივ დავას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ გადაწყვიტა მისი გამოსვლით საკუთარი პოლიტიკური პოზიციის განმარტება და მისი მისიისთვის მხარდამჭერების მობილიზება მოეხდინა. აი რა თქვა მანდელამ და როგორ: „მე ვიბრძოდი თეთრების ბატონობის წინააღმდეგ და მე ვიბრძოდი შავების ბატონობის წინააღმდეგ. მე ვაღმერთებდი დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების იდეალს, სადაც ყველა ადამიანი იცხოვრებს ჰარმონიაში და თანაბარი შესაძლებლობებით. ეს არის ის იდეალი, რისთვისაც ვცხოვრობ და იმედი მაქვს, რომ მივაღწევ. მაგრამ თუ საჭირო გახდება, ეს არის იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე.“ ეს და მისი რამოდენიმე სხვა გამოსვლა არა მარტო ორატორული ოსტატობის მსოფლიო ნიმუშებია, არამედ იმისაც, თუ რას ნიშნავს გქონდეს ნამდვილად ფასეული პოლიტიკური პრინციპები.

2 thoughts on “„იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“

  1. ჩემი თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მანდელასადმი მსგავსი ტიპის ტექსტები უბრალოდ მეინსტრიმად იქცა. არანაირი ისტორიული ფაქტები, არანაირი კრიტიკა. მხოლოდ დიდება და ქება პერსონისა რომლის ბიოგრაფიაშიც უამრავი შავი ლაქაა.

    უფრო მეტიც, დღეს მანდელაზე ცუდის გამფიქრებელი დისკრედიტირებულად და მარგინალად ითვლება საზოგადოებაში.

    მხოლოდ რამდენიმე წყაროს მოგიყვანთ რომელში მოყვანილი ფაქტებიც შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ სიმართლეა თუ არა.

    http://www.netcomuk.co.uk/~springbk/enemy.html

    http://thebackbencher.co.uk/3-things-you-didnt-want-to-know-about-nelson-mandela/

    http://saveyourheritage.com/after_apartheid.htm

    1. ის, რომ რაიმე მეინსტრიმია, არ ნიშნავს რომ ეს ცუდია. მანდელასადმი პატივისცემა, ვფიქრობ რომ ზუსტადაც მეინსტრიმი უნდა იყოს. ის, რომ იგი წმინდანი არ იყო, ამ ბლოგშიც ჩანს და არც ისე საჭიროებს ბევრ დისკუსიას – ეს ყველამ იცის და არაა ახალი აღმოჩენა. სწორედ ამიტომ არის იგი ჩემთვის პატივსაცემი,რომ საკუთარ მტრებსაც აჯობა და რაც მთავარია – საკუთარ თავსაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s