სოციალური მეწარმეობა საქართველოში

სოციალური მეწარმეობის იდეა თანდათან ძალას იკრებს მსოფლიოში. დიდი ხანი არაა რაც ამ იდეებმა საქართველოშიც შემოაღწია და მეტი განხილვა და მსჯელობა სასარგებლო იქნება. რამოდენიმე მოსაზრება იმ შინაგან და საერთო კონტექსტზე, რაც განაპირობებს სოციალური მეწარმის ჩამოყალიბებასა და წარმატებას. ამ მოსაზრებების ნაწილი პირველად ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ თავისუფალი ბაზრის თბილისის გამოფენას გავუზიარე, რომელიც 9 მაისს გაიმართა თბილისში.

რა არის სოციალური მეწარმეობა: ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ამოცანა მოგების მიღებაა, სოციალური მეწარმე ცდილობს მოგება მიმდინარე საერთო პრობლემების გადაწყვეტასთან უშუალოდ, პირდაპირ მიაბას და მას დაუქვემდებაროს. მისთვის მოგება მნიშვნელოვანი მოტივაციაა, მაგრამ უმთავრესი არსებული საზოგადოებრივი პრობლემების სტრუქტურული გადაჭრა და პრობლემების გამომწვევი კონტექსტის შეცვლაა. სოციალური მეწარმე ამისათვის ხშირად ინოვაციურ და ნოვატორულ მიდგომებს იყენებს და სამეწარმეო პრინციპებს ეყრდნობა. სოციალური მეწარმე არა მხოლოდ ეხმარება სხვებს, არამედ აძლიერებს მათ განათლების, ახალი უნარ-ჩვევების გადაცემის, ახალი კონტექსტების შექმნით. ამიტომაც გახდა ასეთ მიდგომები საინტერესო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც, რადგანაც იგი დახმარების ფულის ეფექტური ინვესტირების საშუალებას იძლევა (ნახეთ საინტერესო პრეზენტაცია ამ და სხვა საკითხებზე: სოციალური მეწარმეობა იზრდება – ჯეფრი ჩერჩი, NIKA Water).

სოციალური მეწარმეობა შესაძლოა ყველა მხრიდან წამოვიდეს. შეიძლება ასეთი იდეები ინდუსტრიის ლიდერებთან დაიბადოს (მაგალითად ჯეფრი სკოლი, E-bay-ს პირველი პრეზიდენტი), შესაძლოა ადგილზე, თემის დონეზე განვითარდეს, ან მრავალი სხვადასხვა ფაქტორების დამთხვევით წარმოიშვას. ინტერნეტიც, სოციალური წესრიგის ეს ერთ-ერთი დიდი “ამრევი” ხომ სამხედრო, სამეცნიერო და კომერციული მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ინოვაციების კომბინაციით იშვა.

სოციალური მეწარმეები ხელს უწყობენ არსებული სოციალური წესრიგის გაუმჯობესებას. სხვა სიტყვებით, ეს სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ბიზნეს პრინციპებზე ორგანიზებაა. მაგალითად: X სათემო ორგანიზაციას შეუძლია თემში არსებული სიღარიბის დაძლევაზე ორი განსხვავებული მიდგომით იმუშაოს: მას შეუძლია საჯარო განცხადებები აკეთოს და შეეცადოს მთავრობის ყურადღება ამ რეგიონის პრობლემებს მიაპყროს. მას ასევე შეუძლია, ამავე თემის მხარდაჭერა ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვაში და ამაში თანამედროვე ბიზნესის, მარკეტინგისა თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების მეთოდების ეფექტური გამოყენება. აი ამის კარგი მაგალითი: Conserve India/Fashion Against Poverty. ეს ორგანიზაცია დელის (ინდოეთი) ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ კვარტალში მუშაობს, აგროვებს ნაგავს (პოლიეთილენის პარკები და სხვა) და მათი გადამუშავებით (ისინი ტერმინ upsycling იყენებენ) მაღალი მოდისათვის ჩანთებსა და საფულეებს აწარმოებენ.

სოციალური მეწარმე შინაგანად “უკმაყოფილო ადამიანია.” ბიზნეს ინსტინქტებთან ერთად მას ფართო სოციალური ინტერესები და ამბიციებიც აქვს. შესაბამისად, ის არ ელის როდის უშველის ბაზარი ყველას, არ არის კმაყოფილი იმის ცოდნით, რომ კეინსის არ იყოს “შტორმის მერე ოკეანეც დაწყნარდება” და ისიც იცის, რომ “გრძელვადიან პერსპექტივაში ყველანი დავიხოცებით.” ამიტომაც იგი ცდილობს პრაქტიკული მიდგომების მოფიქრებას და დანერგვას, რათა მიმდინარე პრობლემები გადაჭრას. პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ინოვაცია კი რთული საქმეა. ჰარი ვესტი, გლობალური საინოვაციო კონსალტინგ კომპანია Continuum-იდან ამას “საშიშ ზონაში ინოვაციას” უწოდებს.

სოციალური მეწარმისათვის მნიშვნელოვანია ზოგადი სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი, რომლის გარეშეც იგი ვერ განვითარდება. სოციალური მეწარმეობა რამოდენიმე მნიშვნელოვან ფუნდამენტს ეფუძნება. პირველი, ეს თავისუფლებაა: დიქტატურისა თუ ტოტალიტარიზმის პირობებში რთულია ის უნარები და ცოდნა შეიძინო რაც ამ საქმეს სჭირდება.  მეორეს მხრივ, სოციალური მეწარმეობა ადვილად ეთვისება როგორც უფრო თავისუფალ და ავტონომიურ გარემოებებს, ისე შედარებით დიდი მთავრობების კონტექსტებს. მეორე ეს სოციალური პასუხისმგებლობაა, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული სამოქალაქო კულტურისა და თვითშეგნების არსებობა. სოციალური მეწარმეობისთვის აუცილებელია თვითმმართველობისა და თვითორგანიზების გარკვეული ტრადიცია, რადგანაც თუკი ორგანიზება პრობლემების გადაჭრისათვის არ არის საზოგადო კულტურის ნაწილი, მაშინ სოციალურ მეწარმეობასაც არ ექნება კარგი გასაქანი. ინოვაციის, საკითხების კრიტიკული ანალიზის უნარის, გნებავთ კულტურის გარეშე შეუძლებელია კარგი, საინტერესო, ახლებული იდეების წარმოქმნა და გაშლა. დასასრულს, სოციალური მეწარმეობისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკული, პრაგმატული აზროვნების უნარი და საჭირო ცოდნის მარაგი. სწორედ ამ უნარებს იყენებენ სოციალური მეწარმეები საზოგადო პრობლემებთან მუშაობისას.

გარკვეული პირობები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში უკვე ადგილზეა. ჩვენ წარმატებით ვთავისუფლდებით საბჭოთა ტრადიციიდან და არშემდგარ სახელმწიფოსთან დაკავშირებული, ყოველდღიური უსაფრთხოების შიშებისგან. მეტიც, თანდათან მატულობს მსჯელობა თავისუფლების პოზიტიური შინაარსის გარშემო – უკვე არის საწყისი დონის დებატები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, მეტი საუბარია ქალთა უფლებებსა და ზოგადად გენდერის საკითხებზე; მოიმატა დისკუსიამ პოლიტიკაზე (policy-ის გაგებით). ეს დისკუსია გაგრძელდება, გაძლიერდება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. თვითმმართველობის ერთგვარი ტრადიცია უკვე არსებობს და მისი შესუსტების ალბათობა ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე მისი გაძლიერებისა.

ყველაზე პრობლემური მხარეები სოციალური პასუხისმგებლობა, კრიტიკული აზროვნება და პრაქტიკული მსჯელობაა. სოციალური პასუხისმგებლობა სამოქალაქო თვითშეგნებასთან მნიშვნელოვან კავშირშია და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მშენებლობა აუცილებელი ეტაპია კარგი მმართველობისა და  სახელმწიფოს მშენებლობაში. პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესება, დემოკრატიის ხარისხის ამაღლება და კარგი მაგალითები ამის აუცილებელი ელემენტებია. სოციალური მეწარმე კარგი მოქალაქეა და არა რომელიმე ტერიტორიის უბრალო მაცხოვრებელი.

კრიტიკული აზროვნება საზოგადო კულტურის ნაწილი უნდა იყოს და რაც მეტი თემა დაექვემდებარება საჯარო დისკუსიასა და კრიტიკულ ანალიზს მით უკეთესი იქნება საქართველოს განვითარებისა და მისი თავისუფლების ხარისხისთვის. თავისუფლება შემოქმედების საფუძველია, შემოქმედება ინოვაციის, ხოლო ინოვაცია განვითარებისა და უკეთესი ცხოვრების. ჩვენი კიდევ ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემა პრაქტიკული აზროვნებაა, რომელიც შეძლებს ნათლად დაინახოს და დაგეგმოს ის ნაბიჯები (და ხარჯები), რომლებიც საჭიროა კონკრეტულ პრობლემებზე სამუშაოდ. ჩვენთან კი, ისეთ პრაქტიკულ შეკითხვაზე, როგორიც შეიძლება იყოს: “როგორ მოვაწესრიგოთ საგზაო მოძრაობა ჩვენს პატარა ქალაქში?” შესაძლოა პასუხად აღმოსავლური იგავ-არაკი მოგიყვნენ მოგზაურთა სიბრძნეზე.

სოციალური მეწარმოება, თავისუფლება და განვითარება ერთად მიდიან. ბევრი ქველმოქმედი ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება იყოს, სოციალური მეწარმეები პროგრესული, განვითარებული საზოგადოებებიდან გამოდიან. ამიტომაც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული მსჯელობის ინსტიტუციონალიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა.

2 thoughts on “სოციალური მეწარმეობა საქართველოში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s