რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი

რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა რამოდენიმე საგულისხმო დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს მოვლენები, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან ერთად საშუალებას გვაძლევს რამოდენიმე ზოგადი და კონკრეტული დაკვირვება გავაკეთოთ

ავტორიტარული მოდერნიზაცია სახიფათო გზაა

ვლადიმერ პუტინს მიეწერება რუსეთის ქაოსიდან გამოყვანა, წესრიგის დამყარება, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის აქტივიზმის დაბრუნება და ეკონომიკური ზრდის საფუძვლების შექმნა. მის მმართველობას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი უჭერდა მხარს: საშუალო კლასი, დიდი ბიზნესი და ღარიბი მოსახლეობის ფენა, რომელმაც რუსული დემოკრატიის გარიჟრაჟზე ყველაზე მეტი წააგო. მიუხედავად ამისა, პუტინიზმი (აგრესიული საგარეო რიტორიკა/პოლიტიკა, „სუვერენული დემოკრატია,“ ავტორიტარული მმართველობა წესრიგის სახელით და ავტორიტარული მოდერნიზაცია) არ აღმოჩნდა ის მოდელი, რომელიც გაუძლებდა დროს იმ პირობებში, როდესაც რუსეთში უფრო და უფრო სწრაფად იზრდება საშუალო ფენა, ინტერნეტის მოხმარება და საერთაშორისო მობილურობა.

ავტორიტარული მოდერნიზაცია ელიტებზეა ორიენტირებული. ყველა იმ ძირითად მაჩვენებელში, რაც მოსახლეობის საერთო კეთილდღეობას ეხება, რუსეთში კატასტროფული მდგომარეობაა. რუსეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯანდაცვის დაწესებულება აქვს, მაგრამ მის მოქალაქეთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წლით დაბალია ევროპულზე და სულ უფრო ქვევით მიიწევს. ამას ჯანდაცვის სერვისების დაბალი დონე და ცხოვრების არაჯანსაღი წესი განაპირობებს რაც არსებულ მძიმე სოციალურ გარემოზე მეტყველებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით რუსეთი ერთ-ერთი მაღალ-კორუმპირებული სახელმწიფოა (2,4 ქულა 10-დან); რუსეთის საზოგადოებრივი პალატის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 23% იყო განათლების ხარისხით „ზოგადად კმაყოფილი.“

პუტინის მოდერნიზაციას ორი სისტემური სისუსტე აქვს: კორუფცია და თავისუფლების შეზღუდვა. კორუფცია და მოდერნიზაცია მომწამლავი კოქტეილია. ასეთი მოდელი ერთი ხელით ხსნის მოდერნიზაციის კარიბჭეს, აჩვენებს მის სიკეთეს, ხოლო მეორე ხელით აბრკოლებს მათ ვისაც ამ კარიბჭეში შესვლა სურს. პუტინმა არ მოინდომა კორუფციის დამარცხება და მას შეეშინდა ნამდვილი მოდერნიზაციის, ვინაიდან სიახლე, ინოვაცია და განვითარება შეუძლებელია ნამდვილი თავისუფლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მართალია პუტინის მმართველობით მრავალმა იხეირა, მაგრამ რუსეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ისევ ისე უხდის ფულს საგზაო პოლიციას, ისეთივე საავადმყოფოებში მკურნალობს, როგორც ადრე და ჟურნალისტები კვლავ უსირცხვილოდ იტყუებიან.

ნახევარ-ზომები აღარ ამართლებს

თანამედროვეობაში, როდესაც „ყველამ ყველაფერი იცის“ იმ მმართველთა არჩევანი, რომელთაც სურთ თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შეინარჩუნონ ძალაუფლება ერთია: სრული ავტორიტარიზმი და აბსოლუტური კონტროლი. სწორედ ამის მაგალითია ის რომ ამ დროის მონაცემებით, ჩეჩნეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა 99.45% გამოცხადდა და აქედან „ედინაია როსიას“ ხმა 99,5% მისცა. იქ სადაც მეტ-ნაკლებად დაშვებული იყო კონკურენცია, მმართველმა პარტიამ ბევრად უარესი შედეგები მიიღო.

ავტორიტარიზმის ბუნება ასევე განაპირობებს იმას, რომ მიკრო დონეზე არსებობს ცენტრალიზებული, კლანური ლოიალობები. ლუჟკოვს თავისი ხალხი ჰყავდა მოსკოვში, სხვადასხვა ტომის ბელადებს თავისი ლოიალური მიმდევრები ლიბიაში და ასე შემდეგ. როდესაც ასეთი მმართველები სისტემიდან მიდიან, მათ თან მიჰყვებათ „თავისი ხალხი.“ ავტორიტარული მმართველობა კი, ვინაიდან იგი სისტემას არა დამსახურებაზე, არამედ ლოიალობაზე აგებს, ვეღარ ახერხებს ადვილად შეავსოს დარჩენილი ვაკუუმები. სწორედ ამიტომაც, წავიდა ლუჟკოვი და წაიღო „ედინაია როსიასთვის“ მოსკოვიდან მოსატანი ხმებიც.

ავტორიტარებს არ ჰყავთ კარგი საჯარო პოლიტიკოსები

ავტორიტარი მმართველები ნარცისი და ეჭვიანი მმართველები არიან. ისინი არიან ყველაზე ძლიერები, ყველაზე აგრესიულები და ყველაზე ჭკვიანები. ავტორიტარი „ალფა კაცია.“ ასეთები უხვად აჯილდოვებენ მედიას, რომელიც ერთგულად ემსახურება და რაღა თქმა უნდა, ჩრდილავენ ყველა სხვა მის თანაგუნდელს, რომელნიც ძირითადად კარგი ტექნოკრატები არიან, მაგრამ არა საჯარო, სახალხო პოლიტიკოსები. მათ საქმის კეთება კარგად ეხერხებათ მაღალი კლასის ოფისებში, მაგრამ როდესაც ბოლოს და ბოლოს გასაგები გახდება, რომ „ალფა კაცი“ არც ყველაზე ძლიერი, არც ყველაზე გამჭრიახი და ბოლოს და ბოლოს არც მთლად „ალფაა,“ სისტემა აღმოაჩენს რომ მას აღარ ჰყავს ხალხი, რომელიც სოფელ-სოფელ ივლის და მთასა თუ ბარში ხალხთან საუბრით მოიგებს არჩევნებს. ამიტომაც არის, რომ იქ, სადაც სახელმწიფო აპარატი და მმართველი პარტია ერთმანეთთანაა შერწყმული, ეს უკანასკნელნი არჩევნებში დამარცხებას ვერ უძლებენ.

„გეშინოდეს სუსტების“

ავტორიტარული სისტემები მათ მოწინააღმდეგეებს უცნაური, პარადოქსული გზით აძლიერებენ. ვინაიდან ისინი აკონტროლებენ ტრადიციულ მედიას, მანიპულირებენ ადმინისტრაციული რესურსით, დასცინიან და ჩაგრავენ ოპოზიციას, ისინი მათ უფრო ადაპტირებადი ქსელების შექმნისაკენ, თვითორგანიზების უნარების გაძლიერებისკენ, ზოგადი, მოქნილი სტრატეგიის ფორმირებისკენ, უსაფრთხო კომუნკაციისა და აგიტაციის ახალი, უფრო ეფექტური ფორმების მოძიებისაკენ უბიძგებენ – და წარმატებით. შედეგად, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია სუსტი და უსუსური ჩანს, ხალხი კი დაშინებული და არაინფორმირებული. მაგრამ როდესაც გამოჩნდება რომ „მთავარი კაცი“ დასუსტდა და როდესაც ხალხი ახალ, მისთვის საინტერესო გზავნილს მოისმენს, მაშინვე აღმოჩნდება, რომ მეორე მხარე ბევრად უფრო ძლიერი ყოფილა ვიდრე ვინმეს ეგონა. ამიტომაც იყო არაბული რევოლუციები მოულოდნელი – უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვის წინააღმდეგაც ისინი მზადდებოდა. ასეთ პირობებში განცხადება, გადამწყვეტი მოქმედება, საჯარო პოლიტიკაში აქტიური შემობიჯება მხოლოდ მას მერე იწყება, როდესაც ორგანიზაცია უკვე საკმაოდ ძლიერია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ადვილად გაანადგურებს მის მოწინააღმდეგეებს. მაოს რევოლუციური ომის ეს პრინციპი, აგერ უკვე რამდენი ხანია წარმატებით მოქმედებს სამოქალაქო რევოლუციებში.

ავტორიტარიზმს ხალხი ირჩევს და ხალხი ამარცხებს

როდესაც ამავე ბლოგზე მორიგ „არაბულ გაზაფხულზე“ ვწერდი, ავღნიშნე, რომ ავტორიტარიზმიც კი ხალხის არჩევანია. ნებისმიერ ხელისუფალს სჭირდება გარკვეული, გავლენიანი ფენების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ მასშტაბის ადმინისტრაციული რესურსის, დაშნების, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების არჩევნებზე არ დაშვების, მედიის მართვისა და საარჩევნო პროცესის მანიპულაციის ფონზეც კი, „ედინაია როსიამ“ ვერ შეინარჩუნა მისი პოზიციები – მეტიც 50%-საც ვერ ასცდა. რუსი ხალხის დიდმა ნაწილმა სერიოზული გამოწვევა შესთავაზა მმართველ ელიტას და მან, მიუხედავად ყველა რესურსისა, მაინც ვერ მოახერხა დიდი უმრავლესობის ჩაწერა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ხალხი მართლაც გადაწყვეტს, რომ შეცვალოს მმართველები, შეუძლებელი ხდება წაგებული არჩევნების მოგებად გაფორმება.

„ყველაფერი ან არაფერი“

ავტორიტარიზმში ლიდერს აქვს ყველაფერი ან არაფერი. ეს ყველაზე კარგად პუტინმა იცის. ავტორატიზმი არ თამაშობს მოგებისა და რისკების გაყოფის თამაშს. პუტინი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნებში ისე შეაბიჯოს, რომ ეს არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდეს. ამიტომაც, მას ახლა რამოდენიმე ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. პირველი, ეს მოსკოვსა და პეტერბურგში გაღვებული ნაპერწკლის დროულად ჩაქრობაა. რამოდენიმე კვირაც და შესაძლოა ეს გამოსვლები მოძრაობაში გადაიზარდოს და ეს უკვე უფრო დიდი პრობლემაა, მით უმეტეს თუ ასეთი მოძრაობა საერთაშორისო და საშინაო მხარდაჭერას მოიპოვებს.

მეორე და მთავარი, ეს არის მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. გორაკზე ყველაზე მაღალ ადგილს არა მარტო პუტინი უცქერს, მით უმეტეს ახლა, როდესაც გამოჩნდა, რომ მასთან ბრძოლა შეიძლება. სწორედ ამიტომ, მან უნდა მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც მისდამი ნდობას გაზრდის და უზრუნველყოფს მის გადამწყვეტ წარმატებას.
პუტინს რამოდენიმე არჩევანი აქვს სადაც არც ერთი არ გამორიცხავს მეორეს: შეცვალოს სახეები და მენეჯერები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ფიასკოზე. Face lift-ი გარდაუვალია (გუბერნატორები უკვე დაიბარეს კრემლში), თუმცა ასევე სარისკოც. ავტორიტარიზმში პოლიტიკური მენჯერების ცვლილება უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე დემოკრატიაში. სწორედ ამ პრობლემების გამო არის რომ ავტორიტარული მმართველობები მონოლითს გავს, სინამდვილეში კი ეს „მონოლითურობა“ მხოლოდ და მხოლოდ მის შინაგან სისუსტეს ნიღბავს და ყოველი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურის „გასვლა,“ სისტემაში პანიკასა და რყევებს იწვევს.

კიდევ ერთი არჩევანი პუტინისა არის დახარჯოს ბიუჯეტი პირადი პოლიტიკური რეიტინგისთვის (სოციალური პროგრამები, შეღავათები, დიდი სახელმწიფო ხარჯები), ამით იგი მართალია მოიგებს პროცენტებს, მაგრამ გაზრდის ეკონომიკური სირთულეების რისკებს, რაზე პასუხისმგებლობაც მანვე უნდა იტვირთოს.

ახალი თუ ძველი მტრების დამარცხება და დამცირება პოპულარობის მოპოვების ნაცადი ხერხია. NATO, ამერიკა, ისლამიზაცია, კავკასიელი ტერორისტები და საქართველო ასეთი ტიპიური „მტრის ხატებია.“ რა დროს პენსიები და ჯანდაცვაა, როდესაც სამშობლოს მტრები უტევენ? NATO-სა და შეერთებულ შტატებთან პუტინს დიდი არაფერი გამოუვა. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში საქართველოს მეტად გაზრდილი რისკების გარემოში მოუწევს მოქმედება.

რეალობა და პოლიტიკის შანსი

ის პარტიები, რომლებმაც „ედინაია როსიას“ ხმები წაიღეს ნაციონალისტურ და შოვინისტურ ღირებულებეზე აწყობილი პარტიებია. ამიტომაც თუკი „პუტინიზმის“ დასუსტებას ჟირინოვსკის აღზევება მოჰყვება, ამით საქართველოსათვის ბევრი არც არაფერი შეიცვლება. ამასთან, „ედინაია როსიას“ ხელში კვლავ რჩება უდიდესი სიმდიდრე, ადმინისტრაციული რესურსი, პოლიტიკური ქსელი და პოლიტიკური გამოცდილება. ის ხალხი, ვინც დღეს გარეთ არის გამოსული ლიბერალურ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ და ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ, თუმცა პოლიტიკაში „ბევრი“ ძალზედ პირობითი რამ არის და ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ შეუძლია კარგად ორგანიზებულ უმცირესობას უმრავლესობის დამარცხება. ასე რომ, მივცეთ პოლიტიკასა და შემოქმედებას შანსი და ვიმედოვნოთ, რომ როგორც მინიმუმ, ის ნაპრალი, რაც პუტინიზმსა და რუს ხალხს შორის გაჩნდა კომუნისტებისა და ლიბერალ დემოკრატების ძალებით კი არა, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკით შეივსება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s