1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ჯარებმა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. სწავლა როგორც შეცდომებიდან, ისე გამარჯვებებიდანაც საჭიროა. გამარჯვებიდან სწავლის სირთულე იმაშია, რომ მისი ეიფორია იშვიათად იძლევა სწავლისთვის სათანადო ემოციურ გარემოს, დამარცხებას კი ბუნებრივად მოსდევს ანალიზი და კრიტიკა. მაინც რა არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ “დიდი” გაკვეთილები, რაც შეგვიძლია დიდგორიდან ვისწავლოთ?
პირველი და მთავარი გაკვეთილი არის სტრატეგიის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეფექტური, კარგად მოფიქრებული სტრატეგიის შემთხვევაში მცირე ქვეყნის ჯარებსაც შეუძლიათ დიდი არმიების დამარცხება. დიდგორის ველზე საქართველოს ჯარმა მასზე ბევრად მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა. კარგი სტრატეგიის შემთხვევაში არმიათა რიცხობრივი შეფარდება პირობითი ხდება: მთავარი ის კი არ არის რამდენი კაცი გყავს არმიაში, მთავარია რამდენი კაცი გყავს ბრძოლის ველზე. ამიტომაც, მცირე ქვეყნებს მეტად მოეთხოვებათ სტრატეგიული კულტურა და აზროვნება, ვინაიდან შეცდომის ფასი მათთვის უფრო დიდია ვიდრე დიდი სახელმწიფოებისთვის. ამ უკანასკნელთ უფრო ადვილად შეუძლიათ ახალი ჯარების შეკრება, ასევე ტერიტორიების დროებით დათმობა თუ სიღრმეში უკან დახევა – ვინაიდან გააჩნიათ სათანადო სასიცოცხლო სივრცე, პატარა ქვეყნები კი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
მეორე გაკვეთილი: კარგი სტრატეგია ისაა, რომლის კარგად განხორციელებაც შეგიძლია. მთავარი ის კი არ არის სუფთა კაბინეტებში როგორ დაგეგმავ ომს, მთავარი პრობლემა იმაშია ტალახსა და სისხლში როგორ განახორციელებ ამ გეგმას. ამიტომაც დისციპლინა, გამოცდილება, მეთაურებისა და ოფიცრების კავშირი და ურთიერთნდობა, მხედართმთავრის სტრატეგიული და პირადი უნარები ეს არის ის, რაც საშუალებას აძლევს მებრძოლებს გაუძლონ სირთულეებს, გარისკონ სიცოცხლე და იმოქმედონ ბრძანებების მიხედვით. სტრატეგიის რეალიზაციის უნარი დისციპლინიდან მოდის. იგი გამოარჩევს ცივილიზებულ საზოგადოებას ბარბაროსი ხალხებისგან. სტრატეგიული უნარები ცივილიზებული საზოგადოების უნარებია. ბარბაროსებს შეუძლიათ გამოიჩინონ სიმამაცე და მოიგონ შეტაკებები, მაგრამ იშვიათად რომ მათ მოიგონ ომები, გადაურჩნენ დამარცხებებს და დაგეგმონ ხანგრძლივი კამპანიები. ასეთი სტრატეგიული უნარის გაკვეთილი ქართულმა ჯარმა 1121 წლის 12 აგვისტოს მისცა მოწინააღმდეგეს: მან მოიცადა, მოთმინა, დაელოდა და ბრძოლა იქ და მაშინ გამართა, როდესაც მისთვის ეს ყველაზე მომგებიანი იყო. კარგი მხედართმთავარი ჯერ უპირატესობას მოიპოვებს და მერე იწყებს ბრძოლას (სუნ ცი).
მესამე: ნდობისა და ძლიერი მორალის გარეშე, საუკეთესო გეგმაც კი უვარგისია. ნდობა და ძლიერი მორალი ძალიან შორს დგას კეთილგანწყობისა და კარგი ხასიათისაგან – ეს ორი წყვილი ხშირად შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს. ძლიერი მორალი ბრძოლის ველზე ჩანს, კარგი ხასიათი ბარაკებსა და ბაზებში პატრიოტული სიმღერების ერთხმად დამღერებაში. ადამიანთა კეთილი ურიერთგანწყობა მით უფრო ირღვევა, რაც უფრო ახლოს ხარ მტერთან. ნდობა და ძლიერი მორალი დისციპლინიდან და გამოცდილებიდან მოდის – დიდი ხნის განმავლობაში ერთად დაღვრილი ოფლის, ურთიერთგატანის და გაჭირვებაში გამომდნარი მეგობრობის შედეგად. მეთაური, რომელსაც იგივე არ შეუძლია რასაც საკუთარ ხალხს სთხოვს ვერ მიიყვანს მათ გამარჯვებასთან. ის პრინციპში სასიკვდილოდ განწირული ჯგუფი, რომელიც ვითომ სელჩუკების მხარეს გადავიდა და ამით დიდი მოულოდნელობის ეფექტი გამოიწვია მტრის ძალებში, რა თქმა უნდა ამას ვერ გააკეთებდა რომ არა დიდი ნდობა ერთმანეთის მიმართ, დიდი გამოცდილება ერთად გაჭირვებაში ყოფნისა და იმედი იმის, რომ მათი თანამებრძოლები მათ საშველად მალევე მოვიდოდნენ.
მეოთხე გაკვეთილი: მხედართმთავრის უნარები და მისი პირადი მაგალითი განაპირობებს ომის ბედს. ლიდერის პირადი გამოცდილება და მისდამი ერთგულება, მისი ძალა დაარწმუნოს ხალხი, შესაძლებლობა საკუთარი მაგალითით აღაფრთოვანოს ისინი და მეტიც, უნარი ბრძოლის ველზე მისი უფრო ეშინოდეთ ვიდრე მოწინააღმდეგისა გადამწყვეტი, მთავარი ამბავია.
“მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით.”
ასე მიმართა დავითმა თავის ჯარს. მას სჯეროდა რასაც ამბობდა. მის ჯარსაც სჯეროდა მისი. დიდ უპირატესობებს შეირაღებულ ძალებსა თუ მატერიალურ რესურსებში ცუდი მხედართმთავარიც გამოიყენებს, დიდგორს მხოლოდ დავით IV მოიგებდა.
მეხუთე გაკვეთილი გამარჯვებისა და საზოგადოების კავშირია. დიდგორი მოვიგეთ, როდესაც ქვეყანაში განათლება, კულტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მმართველობა, ეკონომიკა – ყველაფერი აღმავლობის გზაზე იდგა. გამარჯვებამ მოიტანა განვითარების პიკი, ის იყო ბოლო ნაბიჯი მწვერვალამდე. გაუნათლებელი, დაუდევარი, დაუფიქრებელი, მოუწესრიგებელი ხალხი ვერ მოიგებს დიდ ომებს. გამარჯვებისაკენ სავალი გზა სოლიდარობაზე, წიგნებზე და გადასახადებზე გადის.
გილოცავთ დიდგორობას!