Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები

თანამედროვე ეპოქაში მცირე შეცდომებს დიდი ფასი აქვთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ რევოლუციურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტექნოლოგიები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების წეს–ჩვეულებებზე ახდენს გავლენას. მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ახლა უკვე სოციალური მედია მათ რიგშია. ინტერნეტი არ არის მხოლოდ ახალგაზრდობის გასართობი. იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია.  ეს თუნდაც ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიამ, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ანტი ავტორიტარულმა მოძრაობებმა ძალიან ნათლად აჩვენა. ეგვიპტის რევოლუციის ნაპერწკალი პოლიტიკურმა პარტიებმა ან საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კი არა, Google-ის ერთ–ერთმა აღმასრულებელმა, ვაელ ჰონიმ (Wael Ghonim) Facebook-ის საშუალებით აანთო.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ახალი ტექნოლოგიები და განსაკუთრებით ვირტუალური სოციალური მედია აყენებს ტრადიციული ორგანიზაციების წინაშე არის ის, რომ თუკი ისინი არ გადაეწყობიან ახალი ტიპის მენეჯმენტსა და ორგანიზაციაზე და მეტიც –  მართვის ახალ კულტურაზე ვეღარ შეინარჩუნებენ წამყვან როლს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში.

Facebook, Twitter, LinkedIn და ასე შემდეგ  სხვა არაფერია, თუ არა პრობლემებისა და ინტერესების, რეალური სოციალური ქსელების ასახვა და გამართვა ვირტუალურ სივრცეში.  ფიზიკური სივრცისაგან განსხვავებით, მისი უპირატესობა ისაა, რომ იგი ბევრად აიოლებს და აიაფებს სოციალური მოძრაობისათვის საჭირო ტრანზაქციას.  თუკი პარტიისა თუ ორგანიზაციის შეხვედრაზე ფიზიკური ბარიერების გადალახვაა საჭირო და გარკვეული რესურსების დახარჯვა (დრო, მგზავრობა, კვება და ასე შემდეგ) სოციალური მედია ამის საჭიროებას ბევრად ამცირებს: მე შემიძლია პოლიტიკური აქტივიზმის გარკვეული წილი დილის ყავასთან ერთად ვაკეთო. შესაბამისად, ტრადიციულ ინსტიტუტებს ბევრად უფრო ენერგიული და შემოქმედებითი მიდგომა სჭირდებათ საზოგადოებაში მათთვის საინტერესო პოლიტიკური მოტივაციების გასაჩენად.

ადრე პრობლემების შესახებ გაგების, მათი განხილვის, შეკრებისა და დისკუსიის მთავარი მექანიზმი სათემო, რეგიონული თუ ნაციონალური ორგანიზაციები და კლუბები იყო, ინტერნეტმა დაარვია ტრადიციული ორგანიზაციების მონოპოლია ინფორმაციასა და პოლიტიკურ აქციაზე. თუკი ადრე ისინი პოლიტიკური მოქმედების მთავარი შესაძლებლობა იყვნენ, დღეს ბევრისათვის შეიძლება ბარიერიც კი აღმოჩნდნენ, მით უმეტეს დროისა და სივრცის “შემცირების” ფონზე. ორგანიზაციები ჯერ  კვლავ რჩებიან, როგორც მნიშვნელოვანი  მოთამაშეები, მაგრამ მათ გვერდით ჩნდება ისეთი ახალი რესურსები, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკის მიმართ მზარდი იმედგაცრუებისა და “ახალი პოლიტიკის” მომლოდინე ახალგაზრდობისათვის მეტი სანდოობის მატარებელი, ბევრად მოქნილი, იაფი და სახალისო პლატფორმები იყოს (მარტივი კითხვა, რომელიც შესაძლოა ადვილად გაიტესტოს იმაშია თუ სად უფრო მეტი სანდოობით გადაიხდიდა პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი რაიმე თანხას – პარტიის ბიუჯეტში, თუ სოციალურ ქსელში არსებულ ვირტუალურ ფონდში?).

გარდა ორგანიზაციული განზომილებისა, არსებობს მეორე, პრინციპული განზომილება. ახალ რეალობაში უკვე შესაძლებელია ხალხი დაირაზმოს არა კონკრეტული იდეოლოგიის (კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი, სოციალიზმი) ან ორგანიზაციის გარშემო, რომლებიც ტრადიციული ორგანიზაციების მიერ არის დომინირებული, არამედ კონკრეტული საკითხების გარშემო. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ საკითხზე ორიენტირებული, დროებითი კოალიციების ფორმირებას და ტრადიციული ორგანიზების ფორმების როგორც მინიმუმ, მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროების გაჩენას. ამასთან, ახალი ტექნოლოგიები კიდევ უფრო და უფრო მეტ ძალას აძლევს კერძო ინიციატივებს, რომელთა ავტორებიც პოლიტიკური თუ სამოქალაქო პარტიებისაგან ცალკე დგანან და ყოველგვარი იერარქიის, ორგანიზაციული ცენზურისა თუ სხვა ბარიერების გარეშე და ახლა უკვე ბევრად იაფად შეუძლიათ საკუთარი იდეების პროპაგანდა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ტრადიციული ორგანიზაციებისათვის. ამ ახალმა ტენდენციამ შესაძლოა მსოფლიო ერთგვარი “გლობალური თვითმმართველობისკენ” წაიყვანოს.

სოციალური მედია კიდევ უფრო აჩქარებს იდენტობის ხელახალ გააზრებას და ახალ საზღვრებსა და შესაძლებლობებსაც სთავაზობს ხალხს. ამასთანავე, იგი ტრადიციულ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მათი მხარდამჭერების იდენტიფიცირება და ანალიზი მოახდინოს: სხვადასხვა ჯგუფებში წევრობა, ონლაინ მოძრაობებში მონაწილეობა და სხვა ვირტუალური აქტივობები ნათელ სურათს იძლევა ამა თუ იმ ჯგუფის ან პიროვნების საზოგადოებრივ–პოლიტიკური შეხედულებებისა და მისწრაფებების. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია ერთის მხრივ შესაძლოა “ართმევს” მხარდამჭერებს ტრადიციულ ორგანიზაციებს, იგი ასევე ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს მათ, თუკი ეს უკანასკნელნი ამ ინსტრუმენტებს არა როგორც დამატებით რესურსს, არამედ სერიოზული პოტენციალის მქონეს  შეხედავენ და ამაში დროისა და რესურსების ინვესტიციასაც განახორციელებენ. აი ამის ერთ–ერთი კარგი მაგალითი. ორგანიზაციათა კომპეტენციების ზრდა ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის.

ორგანიზაციათა ნაწილი იყენებს სოციალურ მედიას, როგორც კომუნიკაციის საშუალებას, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა მათი ყურადღების მიღმა რჩება – სოციალური მედია აჩვენებს, თუ რა საკითხებია მნიშვნელოვანი, საით “მიედინება” საზოგადოების ყურადღება და რა საკითხების გარშემო “გროვდება” იგი. სწორედ ამიტომაც წარმოადგენს იგი საზოგადოების საზრუნავის რუქას და პოლიტიკური სტრატეგიის დაგეგმვის ერთ–ერთ დიდ რესურსსს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s