ჩემს შესახებ/ab. me

ვარ ქმარი და ორი გოგოს მამა.

მიყვარს სპორტი (ყურება ნაკლებად, უფრო მეტად კი კეთება), ჩემი საქმე და დილით ადრე გაღვიძება.

კარგა ხნის წინ დავიბადე თბილისში, უზნაძის (მაშინდელ კამოს) ქუჩაზე. სკოლაში ვისწავლე იქვე, პირველი რკინიგზის (ახლა ცინცაძის სახელობის 150) სკოლაში. შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს. მაგისტრატურაში სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ედმუნდ მასკის პროგრამის დახმარებით გავაგრძელე. ჯონს ჰოპკინისის პოლ ნიცეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში კონცენტრაცია სტრატეგიულ კვლევებზე მქონდა.

სხვა და სხვა დროს ვმუშაობდი ეუთოში, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში,” სამოქალაქო რეესტრის რეფორმის დახმარების საერთაშორისო პროექტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2009 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში (ყოფილი “ნიმდი” ანუ ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის). ჩვენი ცენტრი დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილებებისთვის მუშაობს და ძირითადად პოლიტიკური პარტიების განვითარების, პოლიტიკური განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პროგრამებს ვახორციელებთ.

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, თანასწორობა, ქალების უფლებები, დემოკრატიზაცია, პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები. ეს ის საკითხებია, რომლებზე მუშაობაც მაინტერესებს და ამ საიტზეც სწორედ ამ თემებზე ვწერ ჩემს პირად მოსაზრებებს, შთაბეჭდილებებსა და პოზიციებს.